logo_geo
როგორ გახდა მარიამ შუკაკიძე სტეფანო გაბანას რჩეული და რა სირთულეები აქვს კაპიტნის ცოლობას
- +

10 მაისი. 2021. 01:01

 

 

ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული სილამაზის გოგონა ორი შვილის დედაა და კაპიტან მეუღლესთან ერთად ულამაზესი ოჯახი აქვს.

 

– მარიამ, „ინსტაგრამზე“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გადევნებთ თვალს. რის შემდეგ გაჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ დიდი ინტერესი?

 

– ერთ დღეს სტეფანო გაბანამ ჩემი ფოტო „დოლჩე და გაბანას“ გვერდზე გამოაქვეყნა და მომნიშნა. მეილზე კი მივიღე შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ მილანში მიწვევდნენ ფოტომოდელად. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იწერებოდა სტატიები და ჩემ მიმართ საზოგადოების ყურადღება გაიზარდა, რასაც მოჰყვა ძალიან ბევრი გამომწერი ჩემს „ინსტაგრამზე“.

 

– მილანში არ წახვედი?

 

– არ წავედი, რადგან ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მომავალი მეუღლე და სამოდელო კარიერაზე წინ პირადი ცხოვრება დავაყენე. ეს საქმე ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, იშვიათად ვიღებდი მონაწილეობას ჩვენებებში და სამომავლოდ მოდელობაზე არ ვფიქრობდი. იყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მე ჩავედი მილანში და სტეფანოს არ მოვეწონე. თუმცა რეალურად, თავიდანვე უარი ვუთხარი, რადგან ჩემს მეუღლეს არ სურდა, რომ იქ გამეგრძელებინა საქმიანობა, როგორც მოდელს.

 

– ამ შანსზე უარის თქმა არ გაგიჭირდა?

 

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. სამოდელო სფეროში არ ვიყავი იმდენად გარკვეული, რომ უცხო ქვეყანაში მარტო წავსულიყავი, თან ოჯახისგან შორის. ძალიან ვიყავი მშობლებზე დამოკიდებული, ამიტომ ამ წინადადებაზე უარის თქმა საერთოდ არ გამჭირვებია.

 

– თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

 

– ჩვენმა საერთო ნაცნობმა, ჩემი მეუღლის ნათესავმა გაგვაცნო ერთმანეთი, ძალიან მალე დავახლოვდით. პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები და ერთმანეთის გარეშე უკვე აღარ შეგვეძლო. ექვსი თვე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ რადგან ჩემი მეუღლე – დავით ბოლქვაძე კაპიტანია, მალევე მოგვიწია რამდენიმეთვიანი განშორება. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და ველოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს დრო. ვიდეოთვალის მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით და ამან გაგვაძლებინა. რომ დაბრუნდა, ზუსტად ერთ კვირაში ხელი მთხოვა და უკვე სამი წელია, ოჯახი გვაქვს და ორი გოგონა გვყავს. რაც დრო გადის, უკეთ ვუგებთ ერთმანეთს და ჩვენი სიყვარულიც კიდევ უფრო ძლიერდება.

 

– სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ ხოლმე – თქვენი წყვილიდან გოგო ჯობს თუ ბიჭი. არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?

 

– ძალიან მიხარია, როცა ამბობენ, ბიჭი სჯობსო. ჩემი ქმარი იმდენად მიყვარს და იმდენად გაიდეალებული მყავს, რომ ამის მოსმენა, მაბედნიერებს. ასევეა ჩემი მეუღლეც, როცა მე მაქებენ.

 

– არის ნეგატიური კომენტარებიც იმასთან დაკავშირებით, რომ შენი სილამაზე პლასტიკური ჩარევებისა და ფოტოშოპის დამსახურებაა. ამაზე როგორ რეაგირებ?

 

– მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული, ისიც იმიტომ, რომ ადრე ტრავმა მივიღე. აწყობილიაო, რომ ამბობენ, სრული სისულელეა. საქართველოში ცხვირი 90 პროცენტს აქვს გაკეთებული და ეს არ ნიშნავს, რომ აწყობილი ხარ. საკუთარ თავში თუ რამე არ მოგწონს, უნდა შეცვალო. მაგრამ თუ ლამაზი არ ხარ, ვერც ერთი ოპერაცია გაგალამაზებს და ვერც მილიონი. ვერ ვხვდები, ამ ხალხის ლოგიკას. ძირითადად, ჩემს „ინსტაგრამზე“ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და ვცდილობ, ყველას გამოვეხმაურო. იქ ძალიან იშვიათად, ვინმემ რამე ცუდი დაწეროს. ადრე „ფეისბუქზე“ შევხვედრივარ ნეგატივს, მაგრამ ახლა რომ ვხედავ, სადმე ჩემი ფოტოა გამოქვეყნებული ან სტატიაა ჩემ შესახებ, აღარც ვხსნი, რადგან სულ რაღაც ისტორიებს იგონებენ. წერენ, თითქოს რაღაც კონკურსზე დამიწუნეს. სინამდვილეში, მე ამ კონკურსში ვმონაწილეობდი, მაგრამ მალევე წამოვედი და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო – როდესაც „მის ბიკინის“ კონკურსზე გავედი, გაციებული ვიყავი და მაღალი სიცხეები მქონდა. ორგანიზატორს ვუთხარი, რომ გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი, ცუდად გამოვიყურებოდი, 40 გრადუსი მქონდა სიცხე და კონკურსი ამიტომ დავტოვე. ეს რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია.

 

– ორი შვილის დედა ასეთ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ? პატარების დაბადების შემდეგ ძალიან სწრაფად გამოაქვეყნე ფოტოები, რომლებშიც საოცარ ფორმაში ხარ.

 

– დილიდან ბავშვებთან ვარ, ძიძა არ გვყავს. ორივე შვილს დამოუკიდებლად ვუვლი, მეუღლესთან ერთად და დედა მეხმარება. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, ვცდილობ, ისეთი საკვები არ მივიღო, რომელიც ასუქებს. ზოგჯერ მომინდება ხოლმე ხინკალი და მწვადი და სხვათა შორის, წონაში მალე ვიმატებ, მაგრამ თუ რაციონს დიეტური კერძებით შევცვლი, მალევე ვიკლებ. ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

 

– „ინსტაგრამზე“ ძალიან ლამაზი და ფერადი გვერდი გაქვს. ყოველდღიურად ასეთი გაპრანჭული ხარ?

 

– მე არ ვმუშაობ „ინსტაგრამისთვის“. ფოტოებს ძალიან იშვიათად ვიღებთ – თუ სადმე მივდივართ ან განსაკუთრებული დღეა. ამისთვის საჭირო დრო ყოველდღე არ მაქვს. თუმცა, გარეთ რომ გავდივარ, ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. ბათუმი პატარა ქალაქია და ყველა მიცნობს, მოდიან, მესაუბრებიან და მინდა, ლამაზად გამოვიყურებოდე.

 

– როგორც ვიცი, რუსული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექეცით.

 

– ჩვენ შესახებ რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, სათაურით – „ყველაზე ლამაზი წყვილი საქართველოდან“. ამის შემდეგაც უამრავი გამომწერი მოგვემატა. სამომავლოდ რაღაც გეგმები მაქვს და ვფიქრობ, რომ „ინსტაგრამზე“ ასეთი პოპულარობა გამომადგება.

 

– რადგან მეუღლე კაპიტანია, ალბათ, ხშირად გიწევთ განშორებები.

 

– კი, ხუთი თვით მიდის ხოლმე და საქართველოშიც ოთხ-ხუთ თვეს ატარებს. ძალიან რთულია ხანგრძლივი განშორება, ჩემი მეუღლისთვის – კიდევ უფრო, რადგან პატარა შვილები გვყავს და ძალიან ენატრება. განიცდის, მაგრამ ასეთი სამსახური აქვს და ვცდილობთ, ამას შევეგუოთ, დეპრესიაში არ ჩავვარდეთ და ღმერთის წყალობით, კარგად ასრულებს ხოლმე კონტრაქტს.

 

– საკმაოდ სახიფათო პროფესია აქვს.

 

– კი, ძალიან დიდი რისკის შემცველი საქმეა. პირველ რიგში, შტორმის საშიშროებაა. გარდა ამისა, ჩემს მეუღლეს ნავთობი გადააქვს და აფეთქებების თუ სხვა მრავალი საფრთხე არსებობს, რაზეც ძალიან ვნერვიულობ ხოლმე.

 

– ერთმანეთს ხშირად ანებივრებთ სიურპრიზებით?

 

– ჩემს მეუღლეს უყვარს სიურპრიზების გაკეთება, იცის, რომ მიყვარს საჩუქრები და როცა აქ არის, ცდილობს, ხშირად გამახაროს. თუმცა წასული როცაა, მაშინაც ახერხებს. ნახევარი წელი თითქმის ვერ ვხედავთ ერთმანეთს და რომ ჩამოდის, სულ ცდილობს, გამაბედნიეროს. ასევე, მეც ვუკეთებ სიურპრიზებს. მაგალითად, უყვარს, როცა საჭმელს ვუმზადებ. კარგად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ. შეიძლება, გემრიელი არ იყოს, მაგრამ უხარია, რომ მე ვუკეთებ.

 

– განსაკუთრებით რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდა?

 

– ახალ წელს მანქანა მაჩუქა და ძალიან გამახარა. მოულოდნელი იყო, არ ველოდი, რადგან თვითონ აქ არ იყო. ემოციური ადამიანი არ ვარ, მიჭირს ხოლმე გამოხატვა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მიხარია და მან ეს იცის.

 

– ანუ, ეს მანქანა რომ გაჩუქა კი გაგიხარდა, მაგრამ არ გამოგიხატავს?

 

– (იცინის) არა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ მანქანის ჩუქებას აპირებდა, მაგრამ რომელი მოდელის – არა. ვფიქრობდი, რომ რამე პატარა გოგუშკური იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა მაჩუქა და ძალიან გამახარა.

 

– სხვათა შორის, თქვენს მატერიალურ მდგომარეობასაც ხშირად განიხილავენ. არაერთხელ მინახავს სტატია სათაურით – „როგორ ცხოვრობენ ფუფუნებაში...“ და კითხვები თქვენი შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით.

 

– როგორც უკვე გითხარით, ჩემი მეუღლე კაპიტანია. პლუს ამას, ბათუმში სამშენებლო კომპანია აქვს. მე ჩემი ბრენდი მაქვს, რომელიც ცოტა ხნის წინ შევქმენი. ამ მომენტისთვის მხოლოდ ონლაინ-გაყიდვები გვაქვს, თუმცა მაღაზიის გახსნას ვგეგმავ. „ინსტაგრამზეც“ მაქვს ხოლმე შემოთავაზებები და საკმაოდ კარგი თანხა შემომდის. ძალიან მალე სალონის გახსნას ვაპირებ და ახლა ამაზე ვმუშაობ. საქართველოში უყვართ სხვის ჯიბეებში ხელის ფათური და თვლა, ვის რამდენი აქვს. ჩვენ ეს არ გვაღიზიანებს. ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებივართ, ბევრი სიკეთე გვაქვს გაკეთებული და ამით ვამაყობთ. მე და ჩემი მეგობრები თუ ნათესავები, ტანსაცმლით, საკვებით თუ ფინანსებით ხშირად ვეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება. როცა „ინსტაგრამზე“ გამომწერები ძალიან ბევრ თბილ სიტყვას მიწერენ, მეც მინდა, რამით ვასიამოვნო და ხან კოსმეტიკას ვჩუქნი, ხან ტანსაცმელს, რომელიც კარგად არ მაქვს ან უბრალოდ, არ ვიცვამ. ვცდილობ, მეც გავახარო ისინი.

 

– საკმაოდ დიდი ხანი ცეკვით იყავი დაკავებული, თუმცა ეს საქმე პროფესიად არ აქციე. რატომ?

 

– ათი წელი ვცეკვავდი, მაგრამ პატარაობიდანვე ვხატავდი, სულ რაღაცებს ვჭრიდი და ვკერავდი. დიზაინერობისკენ მქონდა მიდრეკილება, ხელოვნების უნივერსიტეტი დავამთავრე ტანსაცმლის კონსტრუირების განხრით და ჩემი ბავშვობის ოცნების განხორციელება ახლა დავიწყე. პანდემიამ ხელი შემიშალა, მაგრამ ყველაფერი წინ არის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი