logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: კიდევ რას შემოგვთავაზებს თურქეთი? იქნებ, დავით აღმაშენებლის ძეგლი ავიღოთ?!
- +

22 აპრილი. 2017. 14:11


 


დიდგორის ველზე განცდილი არნახული მარცხი და ქართველთა „ძლევაი საკვირველი" თურქებს 900 წლის შემდეგაც აშფოთებს. 1121 წლის 12 აგვისტოს მცხუნვარე დღის ექო 21-ე საუკუნემდე აღწევს. დიდგორის ბრძოლის თარიღის გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივას მოულოდნელად თურქული მხარის ნეგატიური რეაქცია მოსდევს. საკანონმდებლო ორგანოში ადასტურებენ, რომ სამხრეთ მეზობელი დიპლომატიურ დონეზე უარყოფით პოზიციას აფიქსირებს. ინიციატივის ავტორებს თურქეთის საელჩოში იბარებენ და პროექტის კორექტირებას სთხოვენ.


რატომ აშფოთებს თურქეთს დღესაც დიდგორის ბრძოლის ხსენება? რას ნიშნავს, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო თავს ნებას აძლევს, მიგითითოს, აღნიშნო თუ არა ქვეყნის ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე თარიღი? რა ტიპის ქვეყანა ყალიბდება ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან და იზრდება თუ არა თურქეთის მხრიდან გეოპოლიტიკური რისკები? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა:

 

- ბატონო ნიკა, დიდგორის ბრძოლის გამარჯვების დღედ გამოცხადების საკითხი თურქეთის მხრიდან ნეგატიური რეაქციის გამო შეჩერდა. რაზე მიანიშნებს ეს ფაქტი?


- ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირი და გამდისო, სწორედ ასეა საქმე. თურქეთს და ჩვენს ე.წ. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ გასდის. ჯერ იყო და რამდენიმე წლის წინ თურქეთის ყოფილმა პრემიერმა დავითოღლუმ განაცხადა, ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოთო და ბათუმიც ახსენა. მერე  ერდოღანი  გამოვიდა და თქვა: ბათუმი მუდამ ჩვენს გულში არისო. მოკლედ, იმპერიალისტური განცხადებების კასკადი ვიხილეთ. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ აჭარაში მუსლიმური პანსიონები, მედრესეები იხსნება. თურქეთის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, რომ აჭარა მათია. ხელისუფლებას არცერთ ასეთ განცხადებაზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია. თურქებმა იციან, რომ ყველაფერი გაუვათ და ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელ განცხადებებს აკეთებენ. ე.ი.  მათ უნდა შევეკითხოთ, რა უნდა ვიდღესასწაულოთ და რა - არა. გასაგებია, ეს თარიღი მათთვის მტკივნეულია, მაგრამ ისტორიას ხომ არ გადავწერთ?  თუ საქართველოს პარლამენტმა  ეს გაითვალისწინა, მაშინ მათ ქართველ ხალხთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ეს  ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება იქნება. კიდევ რას შემოგვთავაზებს თურქეთი? იქნებ დავით აღმაშენებლის ძეგლი ავიღოთ, გელათის მონასტერი დავანგრიოთ? ეს სრული აბსურდია. ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.


ვიღაცები იძახიან, ყურადღება არ მივაქციოთო, სწორედ  ამის ბრალია რაც ხდება. ყურადღება არ მივაქციეთ ერთს, ორს და გადაგვიარა ყველამ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სიუჟეტი მარტო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გავიდა. მათ რომ არ ეთქვათ, ქართველი ხალხი ვერც გაიგებდა, რომ ასეთი პრობლემა შეიქმნა. ჩვენ გვყავს საზოგადოება და მედია, რომელიც ამ განცხადების შემდეგ კვლავაც  თურქულ სერიალებს ატრიალებს.


ერდოღანის განცხადება გახსოვთ, არავითარი განსხვავება არ არის რიზესა და ბათუმს შორისო. მართლაც არ არის განსხვავება, რიზეც საქართველოს ქალაქი იყო და ბათუმიც საქართველოს ქალაქია. თუ ისტორიის გახსენებაზეა საქმე, ტაო-კლარჯეთი ჩვენი ტერიტორია იყო. ჩვენ ეს მიწები ისტორიის ბედუკუღმართობის გამო დავკარგეთ. ვინმე ახსენებს ამას ხელისუფლების უმაღლესი რგოლებიდან? საგარეო უწყებამ უნდა დაიბაროს თურქეთის ელჩი და უთხრას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ამას პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ საგარეო უწყება გინდა გვქონია, გინდ - არა, მაინც სხვა ქვეყნის საელჩოდან იმართება.


- თურქეთი ჩვენი მსხვილი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია. ხელისუფლება ფრთხილობს,  ახლა კონფრონტაციაში შესვლა საქართველოსთვის წამგებიანი ხომ არ იქნება?


- კონფრონტაციაში შესვლა კი არა, უბრალოდ კულტურულად, ლამაზად უნდა უთხრან ამ ხალხს სათქმელი. ერდოღანის და დავით ოღლუს განცხადებებთან დაკავშირებით პირადად ჩემმა ორგანიზაციამ თურქეთის საელჩოსთან არაერთი აქცია ჩაატარა. ერთხელ მაინც რომ დაებარებინათ თურქეთის ელჩი და პასუხი მოეთხოვათ, ასეთი განცხადებები დიდგორთან დაკავშირებით არ გაკეთდებოდა, მაგრამ ჩვენ ყველაფრის წაყრუება ვიცით. აბა,  რუსეთის ხელისუფლებას ეთქვა მსგავსი რამ, „რუსთავი 2"-ს ვერ გააჩერებდი. თურქეთმა რომ  საქართველოს მიწების ოკუპაცია მოახდინოს, იტყვიან, ისტორიული სამართლიანობა აღდგაო. თურმე თურქეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ანექსირებული აქვს, ისტორიული მეგობარია და რუსეთი, რომლის წყალობითაც ბათუმი დაგვიბრუნდა - მტერი. რომ არა რუსეთ-თურქეთის ომი, საქართველო ბათუმს ვერ დაიბრუნებდა. კარგად გამიგეთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება ჯერ კიდევ შეგვიძლია, რადგან ოკუპირებულია, ანექსირებული ტერიტორიის დაბრუნება კი უფრო რთულია, იმიტომ, რომ  მაშინ ომი უნდა დაუწყო თურქეთს.


- თურქეთი  დისტანცირდება  დასავლეთისგან, ერდოღანმა ევროპელი ჩინოვნიკების მისამართით ისეთი სიტყვები გააცოცხლა, როგორიც არის „ფაშისტი", „ჯვაროსნები". რა ტიპის სახელწიფოდ ყალიბდება თურქეთი ჩატარებული რეფერენდუმიდან გამომდინარე?  როგორ ფიქრობთ, რამდენად მზარდია რისკები რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოსთვის თურქეთის მხრიდან?


- რა თქმა უნდა, მზარდია, ანექსია ეკონომიკური კუთხითაც გამოიხატება. თურქეთი დღეს აჭარაში წამგებიან ბიზნესს აფინანსებს. სააკაშვილმა ათასობით თურქს მოქალაქეობა მისცა, ამით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა. იქმნება მედრესეები, მუსლიმ ქალთა პანსიონები. აჭარაში ძალიან ცუდი პროცესები მიდის, ამიტომ ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ ყველაფერს ეროვნული ხელისუფლების გაწონასწორებული ქმედება სჭირდება, მაგრამ გვყავს ჩვენ ეროვნული ხელისუფლება? ასლან აბაშიძეს  „ფაშას" ეძახდნენ და აჭარაში თურქის ჭაჭანება არ იყო. ის კაცი ახერხებდა იმას, რომ თურქეთთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონოდა და იმავდროულად სახელმწიფოებრივი მიდგომებიც ჰქონდა. იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთთან, რომ გულის ოპერაცია იქ გაიკეთა და მაშინდელი პრეზიდენტი, დემირელი, მის სანახავად მივიდა. ესაა პოლიტიკა და სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა მონობა. არც რუსეთის მონა უნდა ვიყოთ და არც ამერიკის, ჩვენი  ინტერესი უნდა გვქონდეს.


რისკები  მარტო თურქეთიდან არ გვაქვს. ახლახან  ირანის ხელისუფლებამაც გააკეთა განცხადება, რომ მათ მოქალაქეებს შეურაცხყოფენ,  საქართველოში შემოსვლისას მუსლიმ ქალებს შემოწმების მიზნით ჰიჯაბს ხდიანო.


ჩვენ ვართ სრულიად მარტო, საქართველო არის ფსევდოლიბერალიზმის კუნძული, რომელსაც მეგობარი არ ჰყავს. სომხეთს დასაყრდენად რუსეთი ჰყავს, რომელიც შეიარაღებას აწვდის. რომ არა რუსეთი, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიულ პრობლემას მოაგვარებდა. აზერბაიჯანის დასაყრდენი თურქეთია. თურქეთმა თქვა, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს ჩავერთვებითო. ერთადერთი ჩვენ ვართ მარტო. ხელისუფლების ზოგიერთ  ტვინგაყინულ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, დასავლელი პარტნიორები არიან ჩვენი მეგობრები.  „პარტნიორის" მნიშვნელობა გაცვითეს. რაში გამოიხატება ამათი პარტნიორობა, ომის დროს წყალს და პამპერსს რომ გამოგიგზავნიან, ეს არის მოკავშირეობა?  ჩვენ გვაქვს ხუთი ტიპის დახმარება ევროპიდან: შეშფოთება, აღშფოთება, ღრმად შეშფოთება, ღრმად აღშფოთება და პროტესტი.


ერთი რამ ვერ გავიგეთ,  ჩვენ უნდა  გვყავდეს მოკავშირე, რომელიც დაგვიცავს აი, ამ „კეთილმოსურნეებისაგან". რუსეთმა ჩვენ არაერთხელ გვიხმო მოლაპარაკებებზე.


ჩვენ გარშემო ვიღაცეები კბილებს ილესავენ, საქართველოს ტერიტორიები ყველა მათგანს  წაღებული აქვს და უნდათ. კიდევ  მეტი წაიღონ. ჩვენ აქ  გვყავს ანტისახელმწიფოებრივი არასამთავრობოები, სოროსის ლეკვები. ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, სახელმწიფოს, ეროვნულ ფასეულობებს. დავით აღმაშენებელი მოღალატეებს სარზე კიდებდა. მათ, ელემენტარულად, საქმიანობა მაინც უნდა აუკრძალო. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჩაატარა გამოკითხვა, უნდა ეხმარებოდეს თუ არა საპატრიარქოს სახელმწიფო. დალოცვილო,  საპატრიარქოსთვის არ გემეტება თანხები და მუსლიმი თემისთვის,  გრიგორიანული და იუდეური ეკლესიისთვის გემეტება? გინახავთ თქვენ, ჩვენს გარშემო რომელიმე ქვეყანა ჩვენს ეკლესიას ეხმარებოდეს, ან ტაო-კლარჯეთში, ან აზერბაიჯანში? პირიქით, ყველგან პრობლემა აქვთ ჩვენს მომლოცველებს, იმავე საინგილოსა და ტაო-კლარჯეთში.


ამიტომ ჩვენ მაინც მოგვიწევს რუსეთთან დალაპარაკება, მაგრამ ისე არ მოგვიწიოს, როგორც ერეკლე მეფის დროს, როცა 400 000 დავრჩით. მერე  უკვე სხვა მოცემულობა იქნება. შევარდნაძის დროს ფედერაციაზე იყო საუბარი, შემდეგ - კონფედერაციაზე, ბოლოს ისე არ დარჩეს, თბილისზე ვიხვეწებოდეთ.


გარშემო მტაცებლები გვყავს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიის მიტაცება უნდათ, ვართ მარტო და ის დასავლელი პარტნიორები თითს არ გაანძრევენ ქართველებისთვის.  ეს 2008 წლის ომის დროსაც ვიხილეთ.


სულხან-საბა უვიზოდ მიმოსვლაზე კი არ ოცნებობდა, მას ევროპისგან კონკრეტული დახმარების მიღება სურდა. იქ წასვლა არ არის დახმარება, ეს ჩვენთვის არ არის განსაზღვრული, იქ რომ მიდიხარ, ფული უნდა დახარჯო, სამსახურს იქ ვერ იშოვი და ვერაფერს. როდესაც პუტინმა გააკეთა განცხადება, უვიზო მიმოსვლა აღდგესო, გამოვიდა სოროსის გამოზრდილი ლეკვი, ჩუგოშვილი და თქვა, ჩვენ ამგვარ პროვოკაციებს არ ავყვებითო. თურმე უვიზო მიმოსვლაზე საუბარი ყოფილა პროვოკაცია. ამიტომაც მერე ამაზე საუბარი შეწყდა. როდესაც ვიცე-სპიკერი ასეთ განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ხელისუფლებამდე მიდის.


- ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება? სულ უფრო რთულდება ვითარება სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით, შეცვლილია საერთაშორისო ვითარებაც...


- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ საკითხს ხელისუფლება არ წყვეტს, წყვეტს ერთი ქვეყნის საელჩო და ეს ყველამ კარგად ვიცით. თუ ისინი ეტყვიან, დაელაპარაკეთო, ესენიც დაელაპარაკებიან, ეს არის სრული აბსურდი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, გახსოვთ, რა განაცხადა? დასავლელ პარტნიორებს შევეკითხებით, შევხვდეთ თუ არაო. ამისთვის მინდა  მას მადლობა ვუთხრა, ამით პრეზიდენტმა გაშიფრა და დაადასტურა ის, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა  და  ე.წ. მოკავშირე გვმართავს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი