logo_geo
ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი...
- +

26 აპრილი. 2017. 23:53



თბილისიდან ხევსურეთში სამუშაოდ ექიმი-თერაპევტი, ლელა გაბური, 2011 წელს გადავიდა. ექიმი, რომელიც პარალელურად ბარისახოს ამბულატორიას ხელმძღვანელობს, ერთადერთია, ვინც სამედიცინო დახმარებას მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა არხოტის თემს, სულ 34 სოფელს უწევს. ამ სოფლებში მოსახლე 150 კომლისთვის (დაახლოებით 500 ადამიანი), წარმოშობით თავადაც ხევსური, არხოტიონი ლელა მხოლოდ ექიმი როდია. ხელმძღვანელობს და ორგანიზატორობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ჩართულია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებში. ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია - „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" დააარსა, რომლის საშუალებითაც ადგილობრივების სოციალური თუ იურიდიული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. გარდა ამისა, პოეტსა და საბავშვო მწერალს შორს გამიზნული სამეურნეო გეგმები აქვს - ერთი წლის წინ ქლიავის ბაღი გააშენა, მალე მოსავალს ელის და მისი გადამუშავებისათვის საჭირო გზებიც უკვე მოძიებული აქვს.


- ქალბატონო ლელა, რა იყო ამ არცთუ ისე ადვილი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი?

 

- არ დაგიმალავთ, ერთ-ერთი მიზეზი სრულიად „არაპოეტური" იყო და ის შემოსავალს უკავშირდებოდა. თბილისში სამ ადგილას ვმუშაობდი, ჯამში კი ჩემი ანაზღაურება გზის ხარჯსაც ვერ ფარავდა. არადა, ბუნებრივია, როცა განათლებას იღებ, პროფესიას ეუფლები, სურვილი გაქვს, შრომა ასე თუ ისე ადეკვატურად დაფასდეს. გარდა ამისა, ჩემი მეუღლე, გიორგი ლიქოკელი ბარისახოში მუშაობს. წლების მანძილზე საზღვრის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, ახლა კი მრჩეველი გახლავთ. მოსახლეობას არ ჰყავდა ადგილობრივი ექიმი და თხოვნით მე მომმართეს. გადაწყვეტილება რთულად არ მიმიღია, რადგან ეს მხარე ჩემი მშობლიური კუთხეა. მართალია, ბარში დავიბადე, მაგრამ არდადეგებს და-ძმებთან ერთად, ხევსურეთში ვატარებდი. ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტი გაგვიზარდა და საშუალება მოგვეცა, პედიატრიც ავიყვანოთ. სტომატოლოგიის კაბინეტი წელს გაიხსნება. კარგი იქნებოდა, ადგილზე ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ყოფილიყო. დუშეთიდან წამოსულ `სასწრაფოს" ბარისახომდე მოსვლისა და უკან დაბრუნებისთვის თითქმის 140 კმ-ის გავლა უხდება, რასაც 3 საათზე მეტს ანდომებს. გადაუდებელი შემთხვევის დროს კი, ბუნებრივია, მისი გამოძახება აზრს კარგავს.


- რა არის დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა?

 

- უცნაურია, მაგრამ ნამდვილად - საკვებსა და ყველა სხვა საჭიროებაზე ბევრად მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებლებისთვის გზაა. ყველა სხვა სირთულეს ეს მთავარი ბარიერი იწვევს. გარდა პრაქტიკული საჭიროებებისა, რაც უგზოობის გამო იზღუდება, კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხევსურებისთვის. როცა ასეთ ადგილას ხანგრძლივად ცხოვრობ, ულამაზეს მთებსაც უცვდება თავისი ხიბლი...


- ზამთარში გზა იკეტება?

 

- ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია და ზამთარში გზა იწმინდება, პირიქითა ხევსურეთისკენ კი გვიანი შემოდგომიდან სამანქანე გზა აღარ ფუნქციონირებს, დათვიჯვრის უღელტეხილი იკეტება და შატილში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. არხოტში კი გზა არასოდეს ყოფილა და ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რაც ძალიან გვახარებს. მოსახლეობის მთაში დაბრუნების პირველი საშუალება სწორედ გზების მოწესრიგებაა. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად, ორ სოფელში, ბარისახოსა და კორშაში რჩება. ახალმა ხელისუფლებამ პირველად კორშის გზა გაიყვანა, ახლა კი არხოტისკენაც დაიწყეს მუშაობა.


- მთის კანონი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ამსუბუქებს?

 

- მთის კანონი მოქმედებს და ჩვენი ხალხი ამის მადლიერია, მაგრამ ეს მეტად მცირეა მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მიდგომა ასეთია: არ არის მოსახლეობა, რატომ უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული?! არადა, თუ არ დახარჯე, არც არასოდეს იქნება მოსახლეობა... ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და კეთილი ნების გამოვლენაა საჭირო. ადამიანებს, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით, სახლები თავზე ენგრევათ. მუდმივ შიშსა და სტრესში ცხოვრობენ, რომ მათი შვილები ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდნენ. თვიდან თვემდე წამლის ფული არა აქვთ, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუნებრივია, კიდევ უფრო ამძიმებს. მთის კანონი მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ამ ადამიანებს სახლებს აუშენებენ, საქონელს უყიდიან. მერწმუნეთ, ამისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიზერულია. კომუნისტების დროს, როცა დაცლილ ხევსურეთში ადამიანების პირველი ტალღა დაბრუნდა, მათ სახლები აუშენეს, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა... სოფელი გუდანი მაშინ ნაგები ქვითკირის სახლებით, დღემდე ერთ-ერთ ძლიერ სოფლად მიიჩნევა. წარმოიდგინეთ, დღევანდელი სტატისტიკით, ორ წელიწადში ერთი ან წელიწადში ერთი ბავშვი იბადება. რეპროდუქციის უნარის მქონე მოსახლეობა ანუ ახალგაზრდობა ნაკლებია და შობადობის მაჩვენებელიც, შესაბამისად, დაბალია. თუკი ადრე ბარისახოს სკოლაში 400-500 ბავშვი სწავლობდა, ახლა იქ მხოლოდ 65 მოსწავლეა. ხევსურეთში, საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეს ერთი საქართველოს ფასი აქვს...


- ფაქტია, ამ ადამიანებისთვის ექიმზე ბევრად უფრო მეტი ხართ...

 

- როცა გულწრფელი და უანგარო ხარ, ასე ჩანს... საერთოდ, ძალიან მიყვარს მოხუცები. ხევსურეთში კი ძირითადად, მარტოხელა მოხუცები არიან. ახლახან ერთი მათგანი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი. მოვუარე, ლოცვები წავუკითხე. ეს არ იყო მოვალეობა, უბრალოდ, ეს ქალბატონი მიყვარდა და შინაგანად გამიჩნდა ამის მოთხოვნილება. გვაქვს საბავშვო ბაღიც, რომლის აღსაზრდელებთანაც, ასევე თბილი და ახლო ურთიერთობა მაქვს. უყვართ ჩემი საბავშვო მოთხრობები. შუამავლის როლის უკეთ და ეფექტურად შესრულების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი, სადაც თითქმის ყველა ხევსური ქალი გაწევრდა. მინდა, ჩემს ორსართულიან სახლში ახალგაზრდების შეკრებისთვის საჯარო სივრცე, ლიტერატურული კაფე მოვაწყო, სადაც 3-4 ახალგაზრდას დავასაქმებ. ბარისახოში 5 მაისისთვის დაგეგმილი გვაქვს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხევსური პიანისტი ბავშვები: მარიამ და გიორგი წიკლაურები მიიღებენ. საფორტეპიანო კონცერტებით მათ თითქმის მთელი ევროპა აქვთ მოვლილი. მალე გავმართავთ კაფიის საღამოს. რა დროც მედიცინის მიღმა მრჩება, ვცდილობ, ამ კუთხით დავიხარჯო.


- თბილისიდან ჩასულს, მოსახლეობის ნდობის მოპოვება არ გაგიჭირდა?


- ეს პრობლემა თავდაპირველად, მაინც დადგა. აქაური მენტალიტეტი ძალიან განსხვავებულია იმისგან, რაც თბილისშია. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.


- სოფლის მეურნეობაშიც ხომ არ ხართ ჩართული?


- მყავს შინაური ფრინველები. გარდა ამისა, თუკი სადმე რაიმეს დათესვა შემეძლო, უქმად ერთი მტკაველი მიწაც არ დამიტოვებია. მოვიყვანე: ნიორი, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი და გავაშენე ქლიავის ბაღი, სადაც 125 ნერგი გავახარე და დიდი რუდუნებით შევყურებ. მეგობარი აგრონომისგან ყველაფერი წინასწარ შევისწავლე. ბუნებრივია, ჯიშიც ისეთი შევარჩიე, რომელიც ხევსურეთში უკეთ ხარობს. ორ წელში მოსავალს ველოდები.


- რთულია ერთმანეთთან დაა­კავშირო, მაგრამ ფაქტია, რომ კვალიფიციურ ექიმთან ერთად, არაჩვეულებრივი პოეტი და საბავშვო მწერალი, უკვე სამი კრებულის ავტორი ბრძანდებით...

 

- გარწმუნებთ, მედიცინასა და პოეზიას ერთმანეთის ხარჯზე არ ვემსახურები. საბავშვო პოეზიასა და მწერლობაში მუშაობა ბეწვის ხიდზე სიარულია. თუმცა, ჩემს ნამუშევრებს საბავშვო მწერლებისა და პოეტების მხრიდან არაჩვეულებრივი შეფასებები მოჰყვა, რაც მახარებს. ნამუშევრებში ჩემი ბავშვობა მოვათავსე. გარდა ამისა, სტიმულსა და შთაგონებას ამ სფეროში სამუშაოდ შვილიშვილები მგვრიან. ბოლო დროს პოეზია თითქოს `აღარ მოდის". ვგრძნობ, მუშაობას პროზის მიმართულებით გავაგრძელებ.


- როგორც ვიცი, ძვირფასი და დატვირთული დროის ნაწილს მოგზაურობასაც უთმობთ...


- მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყნის ფარგლებს შიგნით იქნება თუ გარეთ - მთავარია, ტრანსპორტში ჩავჯდე და ვიცოდე, რომ სადღაც მივდივარ. სულ მალე მე და ჩემი მეუღლე პარიზში მივემგზავრებით, სადაც ჩემი პოეზიის ფრანგული თარგმანების პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო გაიმართება... მოგზაურობით ღრმა შთაბეჭდილებებს ვიღებ და ამას ნაწარმოებებში ავსახავ.


- ოჯახზე რას გვეტყვით?

 

- სამი ვაჟი, სამი რძალი და სამიც შვილიშვილი მყავს... ყველა ჩემი აქტიურობისთვის ენერგიის წყარო ჩემი თბილი და ერთსულოვანი ოჯახია, ყველანი ერთმანეთის მეგობრები ვართ... დაბოლოს, მინდა მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს. თქვენ ქმნით და მიმართულებას აძლევთ საზოგადოებრივ აზრს. მედიასთან ურთიერთობით ბევრ სასარგებლო საქმეს ეყრება საფუძველი. პირადად მე, როცა თავდაპირველად ხევსურეთში თავს საძაგელი ბატის ჭუკივით ვგრძნობდი, თქვენი დახმარებით საკუთარი თავი ვიპოვე...


შორენა ლაბაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი