logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკის „ოსკაროსანი“
- +

4 მაისი. 2017. 00:51


 

ნონა გაფრინდაშვილი - ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის, ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საჭადრაკო „ოსკარის" მფლობელი. 1997 წელს, ფიდემ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დააწესა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც ქვეყნის მამაკაცთა და ქალთა გუნდებს საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ჯამური შედეგისთვის გადაეცემათ.

 

- როგორ მოხდა, რომ იქ, სადაც ქალთა ჭადრაკის გასავითარებლად არანაირი ტრადიცია და პირობები არ არსებობდა, დაიბადა გენიალური ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც გზა გაუკვალა და უმაღლეს დონეზე აიყვანა საქართველოს ქალთა საჭადრაკო სკოლა?


- ჭადრაკის თამაშს სჭირდება რამდენიმე კომპონენტის შერწყმა. ერთიც რომ ამოვარდეს, ჩათვალეთ, მწვერვალს ვერასოდეს დაიპყრობთ. ეს არის: ნიჭი, შრომისმოყვარეობა, სპორტული ხასიათი, ფსიქოლოგიური მდგრადობა, ძლიერი ნერვული სისტემა, კარგი ჯანმრთელობა და თამაშით სიამოვნების მიღების უნარი. როგორც ჩანს, ეს თვისებები მქონდა. ოჯახმაც ძალიან შემიწყო ხელი.


ზუგდიდში დავიბადე 1941 წელს. დედა დიასახლისი იყო, მამა - მასწავლებელი. ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი. ეზოში გვქონდა ფრენბურთის ბადე, ხეებზე რგოლები ტანვარჯიშისთვის და ბურთები. მამამ პატარა ბილიარდის მაგიდაც გაგვიკეთა, რომელსაც ჭაზე ვდებდით და ვთამაშობდით. სულ ვმოძრაობდი. ვთამაშობდი ყველაფერს, რასაც ჩემი ძმები და მეზობლის ბიჭები თამაშობდნენ. გარდა ამისა, გვქონდა ნარდი, ბანქო, დომინო. ჭადრაკის თამაში ჩემმა უფროსმა ძმამ, ემზარმა წიგნებიდან ისწავლა და ჩვენც გვასწავლა. მაშინ არ იყო კომპიუტერი და ამ თამაშებსა და შეჯიბრებებში გავიზარდე, ხასიათიც ბრძოლაში გამომიმუშავდა. მე ყველაზე პატარა ვიყავი. ჩვენს სახლში უბნის ბავშვების „საჭადრაკო ტურნირები" ტარდებოდა და ბოლო ადგილი არასოდეს დამიკავებია.

 

- როგორ მოხვდით დიდ ჭადრაკში?


- 1953 წელს ზუგდიდის გუნდი ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე მიიწვიეს. პირველ დაფაზე ჩემს ძმას, თამაზს უნდა ეთამაშა. გუნდში ერთი გოგო სჭირდებოდათ. იცოდნენ, რომ გაფრინდაშვილების ოჯახში ყველა თამაშობდა, ამიტომ მშობლების ნებართვით, ზუგდიდის ნაკრების გუნდში ჩამსვეს.


მატარებელში ნაკრების ბიჭებს ვეთამაშე და ძალიან გავაოცე. მაშინ 12 წლის ვიყავი. ბათუმის ტურნირზე შემამჩნია ჩემმა მომავალმა მწვრთნელმა, ვახტანგ ქარსელაძემ. ის პიონერთა სასახლეში ჭადრაკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და შეუთვალა ჩემს მშობლებს - თბილისში გამოუშვითო. 1954 წელს, 13 წლის ასაკში, თბილისში, დეიდასა და ბიძასთან გადავედი საცხოვრებლად და ჭადრაკის წრეზე დავიწყე სიარული. წელიწადნახევარში ქალთა შორის დიდებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში გავედი.

 

- რომელმა პარტიებმა მოგიტანათ პირველი აღიარება?


- 1961 წელს, იუგოსლავიაში, პრეტენდენტთა ტურნირზე იუგოსლავიელ მოჭადრაკეს, მილუნკა ლაზარევიჩს შევხვდი. ეს იყო პირველი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული პარტია. დარბაზში ისხდნენ ცნობილი საჭადრაკო თეორეტიკოსები, მწვრთნელები და დიდოსტატები, რომლებიც თითოეულ გაკეთებულ სვლაში თითო წოდებას მანიჭებდნენ. ბოლო სვლაზე კი განაცხადეს - ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო. იმ პარტიით გავხდი პრეტენდენტი, ამიტომ მას სხვა დატვირთვა ჰქონდა.


მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. მოსკოვში ვითამაშე ელიზავეტა ბიკოვასთან, ძალიან გამოცდილი მოჭადრაკე იყო. მე 21 წლის ვიყავი, ის ჩემზე გაცილებით უფროსი - 49 წლისა. 9-2 მოვუგე, 4 ყაიმით, არც ერთი პარტია წამიგია.


რაც მერე მოხდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო - მატარებლით ვმგზავრობდი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა სადგურზე ჩერდებოდა. ფაქტობრივად, სულ კიბეზე ვიდექი და ხალხს ვხვდებოდი. ჩემი კუპე ღია იყო, სუფრა - გაშლილი, ვისაც უნდოდა, შემოვიდოდა და ჭიქა ღვინით მლოცავდა. თბილისის სადგურში ხომ ტევა არ იყო, მამაჩემი ჭყლეტაში მოყვა და ცალი ფეხსაცმელი დაკარგა. მეორე დღეს შეხვედრა მომიწყვეს ოპერის თეატრში; უამრავი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა.


- რა იყო თქვენთვის მთავარი სირთულე?


- ტურნირებზე დედა მომყვებოდა ხოლმე და მეხმარებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვაჟი, დათო, შემეძინა. ბავშვსაც ყველგან თან დავატარებდით. ჩემი მეუღლე, ლერი ჭიჭინაძე, ექიმი იყო. მისი მხარში დგომის გარეშე, ნამდვილად ვერ მივაღწევდი ამხელა წარმატებას.


მაშინ ტურნირები გადაჭედილ დაბაზებში იმართებოდა. უშუალო კონტაქტისას მუდმივად გრძნობდი ხალხის მხარდაჭერას. გარეთ კი დიდ სადემონსტრაციო დაფაზე გამოჰქონდათ სვლები და უჩვენებდნენ ადამიანებს, რომლებიც დარბაზში ვერ მოხვდნენ. საოცარი ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო სუფევდა. ჩვენ ხომ მათთვის ვთამაშობდით და მათგანაც უზარმაზარ სიყვარულს ვიღებდით. ეს იყო ყველაზე დიდი განძი. დღესაც, ხანდახან, სრულიად უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეხვევიან.

 

- რა ცვლილებებს ამჩნევთ თანამედროვე ჭადრაკში?


- ჭადრაკი უფრო მასობრივი გახდა. დღეს უკვე ინტერნეტით შეიძლება საჭადრაკო ტურნირების პირდაპირ რეჟიმში ყურება, როცა გინდა ან როგორც გინდა - იქვე გაგირჩევენ კიდეც თამაშს. ხალხი სპორტის სათამაშო სახეობებზე დადის, ინტელექტუალურ თამაშებს კი, მაყურებელი ინტერნეტმა წაართვა. მოჭადრაკეებიც მიეჩვივნენ ამგვარ ბრძოლას. რას იზამ, ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყო.


რაც შეეხება კომპიუტერს, ის კარგია ინფორმაციისთვის, ტექნიკური პოზიციების გასარჩევად. აქ ხომ დიდოსტატების მიერ ნათამაშები პარტიებია თავმოყრილი. მაგრამ დანარჩენი ხელის მოძრაობით, ფიგურის გადაადგილებით, დაფაზე დაკვირვებით, თეორიის მიღმა აზროვნებით უნდა გააკეთო. მთლიანად კომპიუტერზე გადართვა სიღრმეს უკარგავს მოჭადრაკეს.

 

 

 

 

- ქალთა და ვაჟთა ჭადრაკს შორის განსხვავებაზე მინდა გკითხოთ.


- ბიჭი რომ იბადება, მასში უკვე დევს ბრძოლისუნარიანობა, გოგონებმა კი ეს თვისება უნდა გამოიმუშაონ. ქალები გაცილებით ემოციურები არიან და აქაც უპირატესობა აქვთ კაცებს. ტურნირები ზოგჯერ ერთ თვემდე გრძელდება. მამაკაცს შეუძლია მოიკრიბოს ფიზიკური და სულიერ ძალა, მოსწყდეს ოჯახს და კონცენტრირებულმა ითამაშოს. ქალს თუ შვილი ჰყავს, 100 პროცენტით თამაშზე მაინც ვერ გადაერთვება. მთელი თვის განმავლობაში, სტაბილურად ფიზიკურად კარგად ყოფნაც გამორიცხულია ქალისთვის. ჭადრაკი უდიდეს ენერგიას მოითხოვს, ამ მხრივაც, უპირატესობა მამაკაცებს აქვთ.


თავიდან, პირველ ტურნირებში მამაკაცებთან თამაში გამიჭირდა. ისინი ერთმანეთთან მოკლე პარტიას თამაშობდნენ, 2-3 პარტია ყაიმით მორიგდებოდნენ ხოლმე და ამით პერიოდულად ისვენებდნენ. ჩემთან კი ყველა თამაშობდა ბოლომდე, მეფემდე - ოღონდ ეს პარტია მოეგოთ გოგოსთვის ან არ წაეგოთ მასთან. ამ რეგლამენტით თამაში ძალიან დიდ ძალას მართმევდა, ბევრი არასწორი სვლაც გამიკეთებია ბოლოს, როცა ვჩქარობდი. იმ დროს პარტია 5 საათი გრძელდებოდა, გადადების შემთხვევაში, ვახშმის შემდეგ კიდევ 2 საათი უნდა გვეთამაშა, თუ კიდევ გადაიდებოდა, 2 საათი მეორე დილას. შუადღეზე უკვე ახალი პარტია იწყებოდა. 2-3 წელიწადში ყველაფერი დაწყნარდა და მიმიღეს საკუთარ წრეში. ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა.


ბევრჯერ მითამაშია მამაკაცი დიდოსტატების წინააღმდეგ და ბევრჯერაც მომიგია. 1977 წლის ლონ-პაინის მამაკაცთა ტურნირზე, სადაც მხოლოდ სპეციალურად მოწვეული მოჭადრაკეები თამაშობენ, თვრამეტივე დიდოსტატი თავისი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, ერთადერთი ქალი ვიყავი და თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ვლიდერობდი. მე იქ I-IV ადგილები გავიყავი. დღეს მამაკაცი მოჭადრაკისთვის სულერთია, ვინ არის მისი მეტოქე - ქალი თუ კაცი.


- რომელ პარტიებს გამოარჩევდით?


1984 წელს, იუგოსლავიაში, იქაური ოლიმპიური ნაკრების წევრთან, ველიმიროვიჩთან ვითამაშე პარტია, რომელმაც თავის დროზე წლის საუკეთესო საჭადრაკო პარტიის პრიზი მიიღო. ველიმიროვიჩი დიდოსტატი და ძლიერი ტაქტიკოსი იყო. თეთრებით მეთამაშებოდა. შემომწირა ფიგურა სამ პაიკში და მეოთხე პაიკის აღება უნდოდა. ისიც რომ აეღო, უნდა დავნებებულიყავი. მე კი მებრძოლი ვარ, ახლაც მხოლოდ მოსაგებად ვუჯდები დაფას. დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ მეც დამეწყო შეწირვები, ოღონდ სხვა მხრიდან, ისე რომ მეფე შემეწუხებინა. გასაოცარი თამაში წავიდა. ინიციატივა მისი იყო, მაგრამ მეც სულ ტაქტიკაზე დამყარებული დაცვა მქონდა, ისე რომ ჩემი მეფე ცენტრში იყო, მისმა მეფემ კი იმოგზაურა ერთი კუთხიდან მეორეში. დღესაც მიკვირს, საიდან მომდიოდა ეს აზრები. მოჭადრაკეები თავის სვლას რომ გააკეთებდნენ, ჩვენ გვიახლოვდებოდნენ და გვიყურებდნენ. ბოლოს მეფეები და პაიკიღა დაგვრჩა და პარტია ყაიმით დამთავრდა. მოჭადრაკეებმა ტაში დაგვიკრეს. ასეთი რამ ტურნირებში არ ხდება. ეს ჩემთვის გამორჩეული პარტიაა. თუმცა, მე რამდენიმე უკვდავი პარტია მაქვს.


- მაინც რა არის ჭადრაკი?


- ჭადრაკი სპორტია იმ მხრივ, რომ ეს შეჯიბრებაა, რომელშიც ვლინდება გამარჯვებული ან დამარცხებული; მეცნიერებაც არის, რადგან თავისი თეორია აქვს, რომელსაც თან ახლავს კვლევა, დამუშავება და აღმოჩენა; ხელოვნებაცაა, რადგან შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება; თამაშია, რომელსაც აზარტში შეყავხარ...


- რას ნიშნავს „ქართული საჭადრაკო ფენომენი?"


- 16 წელი ვიყავი ჩემპიონი, 13 - მაია ჩიბურდანიძე. სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მთლიანად ქართული იყო, მეოთხედფინალებში, ნახევარფინალებშიც ქართველები იბრძოდნენ. ორი ოლიმპიადა საბჭოთა კავშირიდან სულ ქართველებმა დააკომპლექტეს. ორმა თაობამ, თითქმის 40 წლის განმავლობაში შეინარჩუნა წარმატება. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ სახეობაში მომხდარა.

 

 

 

წყარო: www.nationalgeographic.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი