logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი უკრაინაში იგივეა, რაც „პადოშა“ - ქართულ პოლიტიკაში!
- +

29 ნოემბერი. 2016. 11:50



„განახლებულ მთავრობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვენ ყველანი, სიმპათიებით ვართ განწყობილი და დაინტერესებული ვართ, რომ მინისტრთა კაბინეტმა წარმატებებს მიაღწიოს, ვინაიდან ჩვენი ბედი დამოკიდებულია სწორედ მთავრობის წარმატებაზე", - „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელთან, ირაკლი გოგავასთან საუბარი მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებით  დავიწყეთ. გოგავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნების" მხრიდან ხელისუფლების უზურპირების საფრთხე არ არსებობს, თუმცა მმართველ ძალას საზოგადოებამ მომავალი 4 წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უნდა უყუროს, რათა ვინმე „დაუკრეფავში არ გადავიდეს".

 

- უმთვარესი რაც მოხდა, გიორგი კვირიკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე. ის მოვიდა თავისი გუნდით მთავრობაში და ჩვენ ყველა გამადიდებელი შუშით დავაკვირდებით მათ საქმიანობას, თუ რა შედეგებს მოიტანს ის ქართველი ერისთვის. წინასწარი შეფასებების გაკეთება ალბათ ნაადრევია, გაზაფხულისთვის კი ნათლად გამოჩნდება, როგორ მიდის მთავრობის საქმიანობა. ახალი მოწვევის პარლამენტს და პირველ სხდომას რაც შეეხება, უმრავლესობა საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა" შლის პოლიტიკურ პროცესს და ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ნებისმიერი მათი ოპონირება ხელისუფლების მიმართ არ არის ლეგიტიმური; თუნდაც სამართლიან შენიშვნაზე და კრიტიკულ გამოსვლაზე უმრავლესობა მათ პასუხობს, რომ მათი რეჟიმის დროს ყველაფერი იყო გაცილებით ცუდად, ვიდრე დღეს, რაც სწორია. აქვე მინდა აღვნიშნო „პატრიოტთა ალიანსის" კონსტრუქციული როლი, რომელმაც ერთგვარად გამოაცოცხლა საპარლამენტო ცხოვრება და ეს დადებითად შეიძლება შეფასდეს.


- არჩევნები დასრულდა, საქართველოს პარლამენტმა ფორმირება დაასრულა. „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა. აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორ აფასებთ არსებულ რეალობას, რა მოლოდინები გაქვთ?


- მმართველ უმრავლესობაში ზედმეტი თავდაჯერებულობის საფრთხე არსებობს. ხოლო მას, ვინც ხელისუფლების უზურპირებაზე პედალირებს, საერთოდ არ აქვს უფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის ზიანზე ისაუბროს. ვფიქრობ, 2016 წლის არჩევნებით აღდგა ის სამართლიანობა, რომელიც უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული 2012 წლის არჩევნებში, როდესაც რეალურად „ქართულმა ოცნებამ" აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გამო, ის უბრალო უმრავლესობას დასჯერდა. დღეს, როცა სხვა რეალობაა, ჩვენ უკვე გამადიდებელი შუშით უნდა ვუყუროთ ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც ის გადადგამს, რათა დაუკრეფავში არავინ გადავიდეს.


- არის თუ არა კონსტიტუციაში ხარვეზები და რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს „ქართულმა ოცნებამ" უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონში?

 

- კონსტიტუციაში არის სერიოზული პრობლემები. ნაციონალების მმართველობის დროს იქნა მიღებული მრავალი ცვლილება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. პირველ რიგში, მართვის სისტემა არის გასასწორებელი, დასალაგებელია დეპუტატების არჩევის წესი. პირადად მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ვცადოთ სრულიად მაჟორიტარული სისტემა, ანუ პარლამენტი დაკომპლექტდეს მხოლოდ მაჟორიტარებით. ეს გახლავთ ამერიკული მოდელი. რეალობას რომ შევხედოთ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პარტიები ერთი იდეოლოგიის გარშემო ვერ გაერთიანდნენ და პოლიტიკური პროცესი ერთ ინდივიდზეა მორგებული.  ვინაიდან ქართველებში ეს ინდივიდუალიზმი მკაფიოდ გამოკვეთილია, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 100 %-ით მაჟორიტარული არჩევნები უმჯობესი უნდა იყოს ქართული რეალობისთვის.


- რამდენად მოიწონებენ ამ მოდელს პოლიტიკური პარტიები?


- რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი წავა მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით მოწინავე პარტიები, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს მოდელი მიგვაჩნია მისაღებად, ვიდრე 100 %-იანი პროპორციული მოდელი.


რეფორმები კონსტიტუციაში საჭიროა, მაგრამ ეს უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ეს არ უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა. პრინციპში, ამის მზაობა არსებობს „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ საჭიროა საჯარო განხილვები და ისეთი მოდელის მიგნება, რომელიც ყველაზე ეფექტური, სასარგებლო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. ამასთან, ვფიქრობ, პრეზიდენტის ფუნქციები გასაზრდელია. ან თუ საერთოდ ვამბობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე უარს, ესეც უნდა განვიხილოთ, წარმოვადგინოთ არგუმენტები. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

 

- აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ, რა ცვლილებებს გამოიწვევს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მსოფლიო პოლიტიკაში? და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, რა პროცესის განვითარებას უნდა ველოდოთ?


- აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება. დღეს ამერიკას საქართველოს მიმართ მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა არ გააჩნია. ის ეფუძნება 90-იან წლებში შექმნილ ნარატივს, რომელსაც სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს გარკვეული კომპონენტები ემატება ან აკლდება. ჩვენი მიაზნია, რომ მოხდეს დიდი სახელმწიფოების შეთანხმება და საქართველო არ გახდეს მსხვერპლი დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების. საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ამ მშვიდობას მოგვიტანს დიდი სახელმწიფოების კონსენსუსი, საქართველოს ტერიტორიაზე მათ შორის. ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაცია არ წარმოადგენს ომის პარტიას, რაც მეტ სივრცეს იძლევა საერთაშორისო მშვიდობისთვის. როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და საერთოდ მსოფლიოში, ეს თვითონ ტრამპმა არ იცის. მან თავად თქვა, რომ არაპროგნოზირებადად მიიჩნევს თავის თავს. ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბება იმ გუნდთან ერთად, რომელიც მოვა თეთრ სახლში, ხდება კადრების შერჩევა. ვფიქრობ, სიახლეები იქნება. ტრამპი მეტ ფოკუსირებას მოახდენს შიდა ამერიკულ პრობლემებზე, ვაჭრობის სფეროზე. ხელაღებით რუსეთთან ურთიერთობის დათბობა კი მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან აშშ-ის ისტებლიშმენტი მაინც თავისას აკეთებს. ველი, რომ უფრო ეკონომიკური აქცენტები იქნება მსოფლიო პოლიტიკაში, ვიდრე კონფლიქტები.


- საქართველოს პატრიარქი რუსეთს სტუმრობდა. ამ ვიზიტის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა დადებით ძვრებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?


- რუსეთ-საქართველოს დიალოგის არსებული ფორმატი უკვე აღარ შეესაბამება იმ ურთიერთობების დონეს, რომელიც 2 ქვეყნის მოქალაქეებს შორის არსებობს. მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის რუსეთიდან საქართველოში, 100 000 ქართველზე მეტი სტუმრობს რუსეთს, რამდენიმე ასეულობით ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, ამიტომ ქვეყნების ხელისუფლებებს უფლება არ აქვთ, ხალხის ინტერესი უგულებელყონ და ურთიერთობების ფორმატი არ გააფართოონ. ვერ გეტყვით, რომ დღესვე საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატი ნამდვილად აღარ შეესაბამება იმ მოცემულობას, რომელიც 2 ქვეყნის მოქალაქეებს შორის არსებობს. ანუ ქვეყნის მოქალაქეები წინ უსწრებენ პოლიტიკოსებს.


- დიალოგს ალტერნატივა არ აქვს?


- დიახ, ვფიქრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და თავისი წყენებიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებს. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და პრაგმატული მიდგომებით, ცივი გონებით უნდა აწარმოოს რუსეთთან ურთიერთობა. პრინციპში, „ოცნებას" დაწყებული აქვს სტრატეგიული თმენის, არააგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. 


- რადგან მეზობელ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, უკრაინაზეც გკითხავთ. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის უკვე ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. იგი პეტრო პოროშენკოს ღიად უპირისპირდება და როგორც ამბობენ, უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებს.


- სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მოიცილეს. ის სპეციალურად იქნა გაგზავნილი ოდესაში, რათა მომხდარიყო მისი ლუსტრირება. ოდესაში მისი რეფორმატორისა და შემოქმედის როლები იქნა გაცამტვერებული - სწორედ ამიტომ გააგზავნა ის პოროშენკომ ოდესაში. სააკაშვილმა კი წელიწადნახევარში ეს ოლქი დატოვა, როგორც ყველაზე ჩამორჩენილი უკრაინის რეგიონებს შორის. დღეს კი სააკაშვილი ასრულებს ტექნიკური კანდიდატის როლს პოროშენკოსთვის. დაახლოებით იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც „ქრისტიან-დემოკრატები" და „პადოშა" ასრულებდნენ ქართულ პოლიტიკაში. ის იქნება მართული ოპოზიცია, რომლის მიზანი იქნება, წაართვას იულია ტიმოშენკოს ხმათა 3-4 %.


- პოროშენკო სააკაშვილს იულია ტიმოშენკოსთვის ხმების წასართმევად იყენებს? ანუ რეალურია ეს მოსაზრება?


- დიახ, ეს არის ის შეთანხმება, რაც შედგა პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის. ამავდროულად, ეს  გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილმა უნდა აკრიტიკოს პოროშენკო, ხელისუფლება მისი ჩვეული სტილით, თუმცა მისი რეიტინგის რეგულირება უკრაინაში ხდება მისი ცენტრალურ არხებზე გამოჩენის სიხშირით, რომელსაც მთლიანად არეგულირებს უკრაინის მმართველი ელიტა. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო უკრაინული მედია არის ტოტალური ცენზურის ქვეშ. ყველა ცენტრალური მედიასაშუალება კონტროლდება მმართველი ძალის მიერ და იქ ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოჩენის სიხშირეს სწორედ ხელისუფლება არეგულირებს და ამით არეგულირებენ სააკაშვილის რეიტინგსაც. მინდა შეგახსენოთ: წლის დასაწყისში სააკაშვილის რეიტინგი 10 %-ს აღწევდა უკრაინაში. დღეს კი ეს 3 %-ია. საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გახლავთ 5 %, სწორედ ამიტომ ის 3-4 %-ის ფარგლებში იქნება რეალიზებული. ისე რომ, ვერც საპარლამენტო ბარიერს გადალახავს, თუმცა ხმათა გარკვეულ რაოდენობას კი წაართმევს იულია ტიმოშენკოს მომავალ არჩევნებზე.


უკვე ნათელია, რომ პარლამენტისთვის და საპრეზიდენტო სავარძლისთვის უკრაინაში გაიმართება ბრძოლა პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს შორის, სწორედ ამისთვის იქმნება გარკვეული „ინფრასტრუქტურა" და ამ „ინფრასტრუქტურის" ნაწილი არის სააკაშვილი პოროშენკოს მხრიდან.


- თქვენი აზრით, რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს. როგორც ვხედავთ, მას საქართველოში, საკუთარ პარტიაში დიდი დაფასება აღარ აქვს. გამოდის, რომ სააკაშვილი „გვირაბის გათხრაზე" ფიქრს უნდა დაემშვიდობოს?

 

- დიახ, 7 ოქტომბერს, შედგა პოროშენკოს ვიზიტი ოდესაში, სადაც მან სააკაშვილს მართვადი, მარიონეტი ოპოზიციონერის როლი შესთავაზა, რაც გულისხმობს მისთვის დიდი გასამრჯელოს მიცემას. სააკაშვილმა უმალ განაცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ის გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას", მიატოვა ბრძოლის ველზე. ეს კარგად ესმით „ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც არის დაჯგუფებები, რომლებსაც სურთ, გააგდონ სააკაშვილი ამ პარტიიდან, კერძოდ, ბოკერიას ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილი მიაჩნია ზედმეტ ბალასტად. რამდენიმე ხანში ის დაკარგავს საკუთარ ტელევიზიასაც „რუსთავი 2"-ის სახით, რომელიც დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. ასეთ ვითარებაში სააკაშვილი აღარ არის მნიშვნელოვანი ფიგურა საკუთარი პარტიისთვისაც კი. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, მისი ნაწილები იარსებებს, ხოლო 2020 წლიდან ისინი გაქრებიან პოლიტიკური ორბიტიდან, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური ძალა. 


 

 

 

big_banner
არქივი