logo_geo
ზაზა სვანაძე: ელისო კილაძის ცილისწამებებს უპასუხოდ ვეღარ დავტოვებ!
- +

29 მაისი. 2017. 20:32

 

 ყოველგვარი შესავლის გარეშე - გთავაზობთ ინტერვიუს გაზეთ „ქრონიკა+"-ის ყოფილ ჟურნალისტთან ზაზა სვანაძესთან!

 

- ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა სოციალური ქსელის საჯარო სივრცეში დაბეჯითებით გთხოვდა დუმილის მიზეზის დაკონკრეტებას და ერთგვარად, გამუნათებდა კიდეც - უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღარ ებრძვიო და პირდაპირი სახითაც გკითხა - იქნებ ფულიც გაქვს მისგან აღებულიო...

გულწრფელად გითხრა, შენს ხისტ პასუხსაც ველოდი, მაგრამ თუ არ ვცდები შეფასებაში, შენი მეგობრისა და ყოფილი მთ. რედაქტორის ელისო კილაძის კომენტარი შემრჩა ხელთ: „სოსო გოგაშვილმა სახლი გამოუხსნა თუ არა, ზაზას მეც ვკითხე (მისი ახლანდელი მეგობრები ამბობენ) და პასუხი ვერ მივიღე".

კითხვას ვსვამ პირდაპირ: გამოიხსნა თუ არა ზაზა სვანაძის ბინა სოსო გოგაშვილმა?

- პირველ რიგში მკითხველისთვის განვმარტავ, თუ რატომ მოვედი თქვენთან და გადავწყვიტე, ღიად მეპასუხა ჩემს ირგვლივ არსებულ ცილისწამებებზე! მიუხედავად იმისა, წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ რედაქტორზე მომიწევდა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შორის არსებული პოლემიკა (რომელიც უკვე კულისებიდან გამოვიდა), ცხარე ფაზაშია, - მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი! ვიდრე თხრობას გავაგრძელებდე, მშრალ ფაქტებს გავიხსენებ: გიორგი მამაცაშვილი იქამდე იცნობდა ელისო კილაძეს, ვიდრე „ქრონიკა +"-ის ჰორიზონტზე ზაზა სვანაძე გამოჩნდებოდა. თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად გაგიმწვავდათ პირადი და პროფესიული ურთიერთობები (პირად საუბრებს არ ვყვები, ეს დაპირისპირება უკვე საჯაროა). რაღაც მომენტში ვფიქრობდი კიდეც, არ აღქმულიყო ჩემი ამ ფორმით საუბარი ღალატად. თუმცა, ვფიქრობ, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა! და თავადაც ჟურნალისტს ვერავინ დამიმახინჯებს ვერც კონტექსტს და ვერც შინაარსს.

ბოლო ერთი თვეა, ნაცნობ-მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად მეკითხებიან, რა ხდება ჩემსა და „ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს შორის?! აინტერესებთ, თუ რატომ მწამებს ცილს ადამიანი, რომელთანაც სამსახურებრივი ურთიერთობის მიღმაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა... სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას ასეთ კითხვებს, თუმცა, დღითიდღე იმატებდა იმ ცნობისმოყვარეების რიცხვი, რომლებიც უკვე ჩემთვის სრულიად უცნობი პირების მსგავსად - ზოგიც ტელეფონის საშუალებით, ზოგიც პირადად, ზოგიც ინტერნეტის მეშვეობით მიმეორებდა დაახლოებით ასეთ კითხვებს - რატომ ამოგიჩემა? რამე აწყენინე? შენც მოგადგა? კარგად ხომ იყავით? ყველა ამ კითხვის ადრესატი იყო ქალბატონი, რომლისთვისაც ზურგში დანა არასდროს არ ჩამირტყამს...

 

-         შენ დღეს ელისო კილაძის ერთგულ ადამიანად თვლი თავს?

 

- მასზე ბოროტად არასოდეს მისაუბრია, არც პროვოკაცია მომიწყვია მისთვის და სიმართლე გითხრათ, არც მისი მოტივაცია ვიცი, როცა ჩემზე მსგავს რამეს ეჭვობს. უფრო მეტს გეტყვით: დაახლოებით ერთი თვის წინ მე იოსებ გოგაშვილი გავაკრიტიკე და ამასაც არ ვმალავ. ეს ჩემი უფლებაა, ჩემი შეხედულებაა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ბინა მე ოთხი-ხუთი თვეა, რაც გამოვიხსენი და რა თქმა უნდა, ჩემი ბინის გამოხსნასთან გოგაშვილს არანაირი შეხება არა აქვს! მოდით, ვთქვათ ღიად - ასეთ რისკზე არც გოგაშვილი წავა! ძალიან სახიფათოა ჟურნალისტთან მსგავს ალიანსზე წასვლა და ეს შენ უკეთ მოგეხსენება, გიორგი, რადგან ვიდრე მე შემოვაბიჯებდი აქტიურ ჟურნალისტიკაში, იქამდე გაქვს შენ ჟურნალისტური საქმიანობის დიდი სტაჟი და დამეთანხმები - ეს აბსურდია! ამ შემთხვევაში, ელისო წყაროს არ ასახელებს! არადა, ამ ცოტა ხნის წინ დიდი ამბით ჩამოაწიკწიკა მთელი არზა ე.წ. სახელისუფლებო „წყაროებისა"... და ჩემს შემთხვევაში, ანუ მეგობრის, კოლეგის და ყოფილი თანამშრომლის შემთხვევაში, ე.წ. „წყარო" პრივატულად მაინც არ უნდა დაესახელებინა, საკუთარ სივრცეში რომ აქტიურობს?!.

 

- რა ვიცი, ჩემი ე.წ. „წყაროს" კონფიდენციალურობაც გაუკვირდა, თუმცა ცალსახად გკითხავ - ელისო კილაძის მხრიდან, საჯარო სივრცეში, მსგავსი ბრალდების წამოყენება შენი მისამართით (თუნდაც, ეჭვის დონეზე) იყო თუ არა მისი მხრიდან ცილისწამება? პრაქტიკულად, მან ღიად დაგდო ბრალი მექრთამეობაში, კორუმპირებულობაში და ღიად დაგადანაშაულა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში... მანამდე ასეთი სახის სტატუსიც საჯაროდ გამოაცხო: „არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)", რაზეც სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით,  მხოლოდ „ქრონიკა+"-ის ერთადერთმა ყოფილმა  ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა გამოთქვა საჯარო პროტესტი...

 

- მძაფრად სვამ საკითხს, თუმცა, მეც პირდაპირ გეტყვი - არ ამეტებ!

 

- ზაზა, კითხვას გაურბიხარ...

 

- ალბათ, იკითხავთ და არც გამიკვირდება - ზაზა, რამეს ხომ არ მალავ? იქნებ თქვენი კონფლიქტი კულისებში დაიწყო და განვრცობა უკვე საჯაროდ ჰპოვა? სრული პასუხისმგებლობით გიპასუხებთ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ვერ დავაბრალებ, რომ ჩემზე აბსურდული ეჭვები ჰქონდა ან უკმაყოფილო იყო - მეთქი.  გიორგი, როგორ ფიქრობ, უთავმოყვარეო კაცს ვგავარ?! მსგავსი ბოდვები რომ მომესმინა, იმ დღესვე წამოვიდოდი „ქრონიკა+"-ის ოფისიდან! როდესაც მისი შვილი დააკავეს, ხუთი წუთის დაწერილი ჰქონდა ელისოს სტატუსი, დამირეკეს მობილურ ტელეფონზე და დაახლოებით ორ საათში დიღმის სამმართველოსთან მივედი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან აღარ ვმუშაობდი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გასაჭირში თუ ადამიანურ ურთიერთობებში მის გვერდზე ვმდგარიყავი. დიახ, გადავაბიჯე პირად წყენებას - იმ დროს ნინო ჯღარკავასთან ვირტუალური კონტაქტის გამო წაშლილი ვყავდი „ფეისბუქ-მეგობრებიდან"... ჩემდა გასაკვირად, ბოლო ორი თვეა, უცნაური კითხვების დასმა დამიწყო, იქამდე კი იყო „ფეისბუქიდან"  წაშლა - არც საყვედური, არც აგრესია... აი, ასე წამშალა! აღარ გავაღიზიანე ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი და აღარ დავღალე ზედმეტი კითხვებით... მართლაც, ორ-სამ კვირაში კონტაქტი აღვადგინეთ. ვერ ვიტყვი, რომ მისი დიდი ძალისხმევით მოხდა ეს, თუმცა, არც მე დამირეკავს რამის გასარკვევად, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ მიმიძღოდა და არც ახლა მიმიძღვის მის წინაშე! ერთი სიტყვით, შერიგება ბუნებრივად მოხდა. შერიგებისთანავე მონიშნა მაკა მოსიაშვილი და შეახსენა - „მაკა, აი, რატომ დავბლოკეთ ზაზა, შენ ხომ იციო?"  წეღან დამავიწყდა იმის თქმა, რომ მაკამ და ელისომ ერთდროულად დამბლოკეს. „აქამდე არ ვაპირებდი ამის თქმას, თუ უხერხული არაა, საჯაროდ რომ ვთქვა - სოსო გოგაშვილმა ბინა გამოგისყიდაო?" -  სხვათა შორის, საკმაოდ ტაქტიანად მკითხა. იმდენად, რომ არც მიფიქრია გაბრაზება. პასუხი იქვე მშვიდად გავეცი, და მანაც მიიღო ეს პასუხი.

შემდეგ ეტაპობრივად ასეთი კითხვები განმეორდა, თუმცა იმ დროს არ მეცალა ახლობელ ადამიანებთან უსაგნოდ საქმეების გასარჩევად. მთლად არ წამიყრუებია, თუმცა, არც გაქექვა მიცდია ამბის. კითხვებმა ნელ-ნელა სახე იცვალა და სარკაზმისა და პროკურორის ტონალობის ინტონაციაში ახლებურად გაიჟღერა - თავიდან ითქვა, რომ ჩემმა მეგობრებმა თქვეს ეს, რომ თურმე ზაზასთვის ბინა გამოუსყიდია ისეთ კაცს, რომელსაც თავად ზაზა დილიდან საღამომდე აკრიტიკებს და ძალიან ხისტადაც - ამის დასტურია, სულ ახლახან, აპრილის 28 რიცხვში, მაკა რაზმაძის ეთერში ჩემი გამოსვლა, სადაც საკმაო რადიკალიზმით გავაკრიტიკე იოსებ გოგაშვილი და ამ სამ-ოთხ კვირაში ჩემი პოზიციებისთვის ნამდვილად არ გადამიხედავს - ზუსტად ვიცი, კილაძემაც ნახა ეს ეთერი - იმ დღეს თავადაც იყო დაპატიჟებული და არ მივიდა, ამიტომ ასპროცენტიანი ალბათობით, გადაცემას ბოლომდე უყურა, თუმცა, მისთვის ერთგული ადამიანისკენაც „გამოიწია".შოკირებული ვარ დღემდე!

 

- კეთილი. ინსინუაციებს რომ ავარიდოთ თავი, მის ნაწერზე გკითხავ - თვლი თუ არა, რომ...

 

-ბოდიში, შეგაწყვეტინებ და გეტყვი: რა თქმა უნდა, კილაძის კომენტარი შეურაცხმყოფელია! უბრალოდ, ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ინტენსიურ პოლემიკაში შესვლა დღემდე არ ჩავთვალე საჭიროდ.

 

- გამოისყიდა თუ არა შენი ბინა უშიშროების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა?

 

- არა! რა სისულელეა... მსგავსი რამ მისგან არ ყოფილა - არც შემოთავაზება, არც ზეწოლა!  კილაძეს „წყაროები" ატყუებენ! და ამ „წყაროებთან" ერთად ვუსურვებ მოღვაწეობის გაგრძელებას!

 

მან ძალიან კარგად იცის, რომ ვის-ვის და, ზაზა სვანაძეს ეს არ დაუმსახურებია!

 

- მე აღარც ის გამიკვირდება, მსგავსი ბრალდების შემდეგ ისევ მასთან რომ წახვიდე სამუშაოდ. ერთგვარად „შეშინებული" მეჩვენები... ადრე იყო და, ჩვენივე კოლეგასთან, ნინო ჯღარკავასთან სოციალურ ქსელში ურთიერთობის გამო ელისტრახომ საჯაროდ „გადაგცა ანათემას"... მეტიც - სოციალურ ქსელში მეგობრებიდანაც წაგშალა კიდეც... ვცდები?

 

- კი, იყო მსგავსი რამ. ისე, შეშინებული რომ ვიყო, ინტერვიუს მოგცემდი? რაც შეეხება ჯღარკავას. მას რომ მივწერე, არც დამიმალავას ელისოსთვის, რაც ხელზე დაიხვია ჩემსავე საწინააღმდეგოდ.

 

- ამ ორიოდე კვირის წინ შენი კერძო საქმიანობის გამო („კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობითი ბიუროს ხელმძღვანელია - გ.მ.) „რეპორტიორს" მადლობა გადაუხადე და საჯაროდ გისაყვედურა: „ყველაფერი გასაგებია - ზუსტად მიხვდა, ვინც უნდა მიეწვია პრეზენტაციაზე, („რეპორტიორის" ჩათვლით). „ქრონიკა +"-ში არც უცდია დარეკვა. მიყვარს, როცა ყველაფერს საკუთარი სახელი ერქმევა", - საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება.

 

- გიორგი, მე ვარ ზრდასრული ადამიანი და ვაკეთებ იმას, რაც მინდა და რასაც საჭიროდ ვთვლი და მითუფრო - არც ელისოსთვის ვაპირებ ანგარიშის ჩაბარებას!

 

- და საპასუხოდ რას იღებ შენი მეგობრებისგან?

 

- ელისო დღეს პატიმრის დედაა და შესაძლოა, მასთან, როგორც უფროს ქალბატონთან - არ შევიდე მძაფრ პოლემიკაში, თორემ, რა თქმა უნდა, სხვას ძალიან ხისტ პასუხს გავცემდი! ისეთს, რომ დიდხანს დაადუმებდა! როგორც არაერთხელ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში! პირდაპირ გეტყვი, გიორგი - ეს არის შეურაცხყოფა! დიახ, კილაძის კომენტარი შეურაცხმყოფელია!

ბოლო პერიოდში ბევრი მწერდა, რომ „ნესტანი" შენი კონფიდენციალური რესპონდენტი, - შესაძლოა, მე ვყოფილიყავი.  ელისოს პირდაპირ არ უკითხავს, მაგრამ ბევრი „მამზადებდა" - „ელისოს ეჭვი გაუჩნდება და მზად იყავი. შეიძლება, მისი მომდევნო სამიზნე გახდე და ჩვეულებისამებრ, შარი მოგდოსო", - მაფრთხილებდნენ...

 

და, ამ ბოლო დროს უკვე ელისომაც დაიწყო სოციალურ ქსელში ირიბი „შემოტევა" ცინიკური, ირონიული პათოსით გაჟღენთილი კომენტარების წერით.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვაკრიტიკებდი სოსო გოგაშვილს, მაგრამ არანაირი მსგავსი შემოთავაზება გოგაშვილის მხრიდან არ ყოფილა! ვიდრე მკითხავ, გეტყვი: არც შუამავლების „ხელით" მისგან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა! ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, იცის, რომ მსგავს „ფოჩიან კანფეტებს" არ ვხარბდები! არც მუქარას, არც ზეწოლას, არც სატელეფონო ზარებს არც ჩემზე, არც ვინმე ჩემიანზე ადგილი არ ჰქონია! რა ვქნა, უსაგნო შოუების გამო და კილაძის გულის გასახარად, სოსო გოგაშვილს ცილი დავწამო?

 

ისე, სიმართლე რომ ითქვას, მაკა მოსიაშვილის რუბრიკის გაჩენამდე, გაზეთის ფურცლებზე პირველი კრიტიკული წერილი სოსო გოგაშვილზე მე დავწერე და ახლა რა ვქნა, რაც არ დაუშავებია, ის დავაბრალო? ცილი დავწამო?

 

- ჰოდა, ახლა, ამ ფრაზის მერე ელისო კილაძე „შავ ღრუბლებს"  შეჰყრის შენს თავზე...

 

- რაც უნდა, ის უქნია! ვინც და რაც უნდა, ის შეყაროს! სხვათაშორის, ადამიანები „კუდებს" აბამდნენ ჩემი და ელისოს ურთიერთობებს.. თითქოს, მე ერთგვარად პრივილეგირებულიც ვიყავი ელისოს კარზე, თითქოს მისი „ლუბიმჩიკიც" ვყოფილვარ, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის! მე ვიყავი რიგითი  ჟურნალისტი.

თქვენთან არ მოვსულვარ სხვათა ომში ნაკვერჩხლების შემოსაგდებად - ეს მინდა ხაზგასმული იყოს, თუმცა მედიისა და ზოგადად საჯარო სივრცის დაუწერელი კანონია, - როცა ბრალს გდებენ, როცა კითხვები არსებობს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს - უპასუხოდ არ უნდა დარჩეს! მეც ხშირად გამომიხატავს გაკვირვება ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ ცნობილი პერსონის მისამართით, ბრალდებებზე და კითხვებზე რატომ არ პასუხობენ-მეთქი, და მე რატომ უნდა ვიჯდე ჩირგვებში? - ამიტომ ჩემს პასუხებს ხუთ პუნქტად ჩამოვაყალიბებ:

 

1. იოსებ გოგაშვილს იქამდე ვიცნობდი, ვიდრე კილაძეს და მოსიაშვილს გადავეკვეთებოდი,  და ვიდრე ეს ორი ქალბატონი გაიგებდა თავის მხრივ, დღეს უკვე სუს-ის უფროსის მოადგილის არსებობას. რომ მდომოდა მის გვერდზე დგომა, ამის ძალიან დიდი თუ არა, რეალური შანსები ნამდვილად მქონდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე - რაც ძალიან კარგად იციან „ქრონიკა +"-ში, რამეთუ ჩემი პირველი მასალა სწორედ მას ეძღვნებოდა;

 

2. ფაქტად აღვნიშნავ - 2012 წლის შემდეგ, რაც მისი კარიერული ზრდა დაიწყო, მე გოგაშვილი არ მინახავს, არც ვინმე მოუგზავნია ჩემთან და არც რაიმე ზეწოლას ან ზეწოლის მცდელობას ჰქონია ადგილი!

 

3. თეორიულად დავუშვათ, რომ  „ქრონიკა+"-ის რედაქტორს, რომელსაც, თუ მასვე დავუჯერებთ, ბევრი მტერი ჰყავს, - აქვს ეჭვი, რომ მე გადამიბირეს... ასე ღიად რომ მიწერს, გავცემ რეალურ პასუხს? ან, თუ ასეთი რამის დაწერას აპირებს ადამიანი, წინა დღით რატომ მიბარებს ოფისში და მითუფრო, „სელფების" გადაღებას რატომ მთავაზობდნენ რედაქციის თანამშრომლები? ან, თუ მე მას ძირს ვუთხრი, ვესტუმრები? არ ვფიქრობ, რომ უთავმოყვარეო ვარ, რომ ვინმეს კალთები უნდა ვახიო, დღემდე მადლობელი ვიყავი მისი და არც ზურგს უკან მისაუბრია მასზე და ნამდვილად არაფერი შემშლია ისეთი, რომ რედაქციაში ვინმესთვის თვალებში შეხედვის შემრცხვეს!

 

4. მე არ მრცხვენია ჩემი მეგობრების. ელისო კი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს, რაც  მისი არჩევანია! ისევე, როგორც ჩემი არჩევანია ეს ინტერვიუც! ამ მასალის მთავარი ადრესატები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მეკითხებიან, თუ რატომ მწამებს ცილს ელისო და რატომ არის მაკა მოსიაშვილი მუდამ მისი ფეხის ხმას აყოლილი, როცა თავად მაკასთანაც მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა? სხვათაშორის, არც ნანა თვალაბეიშვილი და არც ლაშა ბერულავა ასეთ აბსურდულ ბრალდებებს არ აყოლილან!

 

5. ბინის შეძენა-გაყიდვაც პირადი სივრცეა, ოჯახს ეხება, მით უფრო, მე არასდროს დავინტერესებულვარ თქვენი კომუნალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებით, არც მთავარი რედაქტორისთვის მიკითხავს - რამდენ კვადრატულ ფართში ცხოვრობს - ნაქირავებში თუ შეძენილ ბინაში! ეს არ არის ჩემი საქმე! და ნურც თქვენ ჩაყოფთ ცხვირს, რაც თქვენი საქმე არ არის!

 

 

- რიგითი ჟურნალისტი ვიყავიო, ამბობ, თუმცა, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ყოველთვის იცავდი მას და მასთან გადაღებულ „სელფებს" გულების „სმაილებით" ტვირთავდი „ფეისბუქის" საკუთარ კედელზე...

 

- რა თქმა უნდა. დღესაც მიდევს ეს ფოტოები კედელზე... მე არ მსურს, „რეპორტიორიდან" გავაღიზიანო ვინმე და აქ ამისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ, მაგრამ თუ აქამდე ამ ქალს ჩემთან არ შეშლია, ახლა აგდებულად მექცევა და ვიმეორებ: ზაზა სვანაძეს ეს არ დაუმსახურებია! დიახ, კილაძის ცილისწამებებს უპასუხოდ ვეღარ დავტოვებ! შენ მომეცი ამის შესაძლებლობა და მადლობას გიხდი... ეს არ არის ჩემგან „ცეცხლის გახსნა"... ჩემს სიმართლეს ვამბობ და დაე, ყველამ გაიგოს - ტყუილად ეძებთ ჩემს ნებისმიერ ქმედებაში ან რუსული სპეცსამსახურების კვალს, ან მით უფრო - „სუსის"! დიახ, არ ვთვლი, რომ რომელიმე თქვენგანთან და მითუფრო, კილაძესთან თავი მაქვს სამართლებელი! უბრალოდ, ელემენტარული კოლეგიალობიდან გამომდინარე - იქნებ გადაამოწმოთ ხოლმე თქვენი „წყაროებისგან" მოტანილი ამბები!

 

- ახლა ვიღაცა გადმოდგება და ჩემზე იტყვის - აქეზებდა ზაზა სვანაძესო...

 

- გიორგი, მე პატარა ბავშვი არა ვარ, ვინმეს წაქეზებით ვაკეთებდე რამეს... თორემ, მასე, პირადულ მიმოწერაში შენ ისიც კი გითქვამს, თუ ამაგი აქვს ელისოს შენზე, უნდა დაუფასო და უმადური კაცი არ უნდა იყოო... მაპატიე, ჩვენი პრივატული საუბრის პატარა ნიუანსი რომ გავიხსენე, მაგრამ უნდა ითქვას: ვის-ვის და, შენ მართლა არასდროს წაგიქეზებივარ ელისო კილაძის წინააღმდეგ. ყველა ხედავს, როგორი დაძაბული ურთიერთობაც გაქვთ და შენ პირიქით - დამშვიდებისა და მადლიერებისკენ მომიწოდებდი მუდამ. დავმალო? ჩვენი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის განმავლობაში არც „წითელი ხაზები" გადაგიკვეთავს და ცალსახად გეტყვი - არც კოლეგიალურ ურთიერთობებში შეგშლია რამე!  არც ინტრიგებში მიმიღია მონაწილეობა, არც - ფარულ ჩანაწერებში! დიახ, კილაძისგან არ დამიმსახურებია ბინძური ცილისწამება და არც ის კაცი ვარ, ვინმემ ყოველ გავლა-გამოვლაზე თავში ხელი წამკრას!

 

მე შენს „კედელზეც" დამიწერია, რამე რომ არ მომწონებია, მაგრამ ნაცების აგენტი არ გიწოდებია შენ ჩემთვის და ჯანსაღად მიგიღია ჩემი შეფასება...

 

- ზაზა...

 

- დამამთავრებინე, გიორგი... ჩემი კრიტიკული პოზიციისთვის შენ არასდროს მოგიყენებია ჩემთვის შეურაცხყოფა, არც მეგობრებიდან წაგიშლივარ და არც სკანდალი მოგიწყვია.

 

ერთიცაა: რადგანაც თავად ელისომ დაწერა - ზაზამ დამბლოკაო, მხოლოდ ამიტომ ვამბობ საჯაროდ ამ „დაბლოკვის" მიზეზს, თორემ პირადი საუბრების გამოსაფენად არ მოვსულვარ აქ. ძალიან გთხოვთ, ჩემი ნათქვამი სიტყვა - სიტყვით გამომიქვეყნოთ! კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - არ ვაპირებ სხვათა ომში ჩარევას, არც სეირის ყურებას! კილაძესთან საზოგადოების გარკვეული ფენების - კოლეგების, პოლიტიკოსების, რიგითი ადამიანების დაპირისპირება ზაზა სვანაძისგან სრულიად დამოუკიდებლად დაიწყო, უბრალოდ, ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა, რომელიც ჩემამდე მეგობრობდა და თანამშრომლობდა ელისოსთან, საკმაოდ მძაფრად უპასუხა მის ზოგად სტატუსს სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების შესახებ. ჩემი შემთხვევა უფრო მძაფრია - ხოლო პასუხი ბევრად მსუბუქი. აქვე მოგახსენებთ ჩემს ვარაუდებსაც და სხვებს რომ არ დავემსგავსო, ვერსიას ფაქტად არ გავასაღებ. ჩნდება განცდა, როცა ელისო კილაძემ ჩვენი ყოფილი თანამშრომლისგან და დიდი ბიოგრაფიის მქონე ჟურნალისტისგან ირინა გოგოსაშვილისგან საფრთხე იგრძნო, მისთვის უჩვეულო თავმდაბლობა გამოავლინა, რევერანსები უძღვნა და მე, მოსალოდნელი საფრთხის წინ  „დაბალი ღობე" მნახა. დიახ, ბოლო დროს, ქალბატონი რედაქტორი, მაკა მოსიაშვილთან დუეტში, უცნაურად „მტესტავს". ვინ აქეზებს?! ვისი სჯერა ?! არ ვიცი - ეს მისი არჩევანია!  მასზეც ათასი რამე მოუყოლიათ, მაგრამ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგეების თუ ფარული მტრების მიერ ტირაჟირებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საჯაროდ კითხვებს რატომ დავუსვამდი?  ზემოთაც ვისაუბრე და ვიკითხავ - მან და მაკამ რომ წამშალეს მეგობრებიდან ისე, რომ არც გამაგებინეს, ამ საქციელს აქვს გამართლება? უმიზეზო იგნორი მათ დაიწყეს! მაგრამ მათგან განსხვავებით, კილაძემ წამშალა-მეთქი, ერისთვის და ბერისთვის არ მომიდია! ახლა რაც შეეხება ნინო ჯღარკავას... კი, მასთან მეც მქონდა დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ეს იქამდე იყო, ვიდრე კილაძესთან საქმეს დავიჭერდი. იმ პერიოდში, კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდით ერთმანეთს. არც დღეს ვართ მეგობრები, ოთხი წელი იქნება გასული, რაც ნინო არ მინახავს! ბოლოს „ობიექტივის" შესასვლელთან, ლიფტის წინ დავცილდით ერთმანეთს. შეგიძლია მშვიდად იყო, ელისო! - არანაირ დავალებებსა თუ ინსტრუქციებს არ ვიღებ  არც ჯღარკავასგან და არც სხვებისგან! ეს ჩემი ღირსების საკითხია! ერთიცაა: რატომ „დაგბლოკე"  სოციალურ ქსელში? - იმიტომ, რომ იმ დროს ვცემ პატივს, რაც შენთან ერთად გამიტარებია. ნანა თვალაბეიშვილს ვცემ პატივს, კარგის მეტს რომ არაფერს არ ამბობს ხალხი მასზე... მოგიფრთხილდი, ისე არ მინდოდა პასუხის გაცემა, როგორ პასუხებსაც სხვა მიიღებდა შენს ადგილას! არ მინდოდა საჯაროდ ჩემი წყენის გამოფენა, მაგრამ მაიძულე! აკი სულ მაფრთხილებდი შემოგდებულ „წყაროებზე" და არ მეგონა, ასეთ ანკესზე თუ წამოეგებოდი!

 

აქვე, არ გამომრჩეს იმის თქმაც, რომ მედიასთან შეხება -18-19 წლიდან მაქვს - იქამდე კი გავიზარდე გაზეთ სამტრედიის „მაცნეში". მერე ხელოვნებას ვეზიარე, - იყო არტი, შემდეგ სამოქალაქო პროტესტი. ეს შენც შესანიშნავად იცი, თავი რომ არ ვიქო ზედმეტად და ელისომაც - მე „ქრონიკა+"- მდე ვიყავი ჟურნალისტი. პირველი პოლიტიკური სტატია 20 წლის ასაკში დავწერე, თეატრალური ინტიტუტის გაზეთ „ანტრაქტში"- შევარდნაძის პოლიტიკას არ ვემხრობოდი, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტივისტები გავაკრიტიკე. აი, ისინი, თანამდებობების და ფულის გამო რომ იდგნენ ქუჩაში „კმარას" ეგიდით. სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა - ნაცების დროს აღმასვლაც მქონდა. ჩემი სპეციალობით, შეკვეთებსაც ვღებულობდი, სულ ვჩანდი წამყვან გადაცემებში, მაგრამ მე კონფორმისტი არ ვარ! დროსტარებას და ტაშ-ფანდურს ეკლიანი გზა ვარჩიე - სიმართლის გზა! ჰოდა დღეს, ელისო კი არა, ვინც არ უნდა იყოს, როგორ უნდა გამიბედოს ასეთი კითხვების დასმა? სააკაშვილს იმიტომ კი არ ვაკრიტიკებდი, იგივე რომ მომესმინა ჩემი რედაქტორისგან?! ოცდაათიან წლებში, ჟურნალისტის პროფესია ასე გამოყოფილი არ იყო და ასე არ აღიარებდნენ - გაზეთებში სტატიებს მწერლები და პუბლიცისტები წერდნენ. სტალინის „მანქანას" ჰყავდა თავისი ელიტა. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ისინი ითავსებდნენ სტალინის და „ენკავედეს" პიარს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები იყვნენ რაღაც გაგებით. კარის ინტელიგენცია ქმნიდა ბელადის კულტს, წერდნენ პარტიის მაამებელ ლექსებს, იგონებდნენ გამონათქვამებს. სწორედ იმ დროის ასეთი „შედევრია" ცნობილი გამონათქვამი - „კტო ნე სნამი, პროწივ ნას".  მერე ხვრიტავდნენ ამ ხალხს.. ვინც მათთან არ იყო, მათი მტრების სიაში ხვდებოდა. დავიჯერო, აქეთკენ მიდის თავისუფალი სიტყვის ქომაგი-რედაქტორი? ვინც ელისოსთან არაა, „სუსის" აგენტია? მრჩება შთაბეჭდილება, ხვალ მაკა მოსიაშვილმა ჟურნალისტობას თავი რომ დაანებოს და სხვა გზა აირჩიოს, შეიძლება მაკასაც „დაჰკრას" - „სუსი" გაწერინებდა ამ მასალებსო! ვინც წავიდა, ყველა „სუსთან" როგორ უნდა იყოს კავშირში? აბსურდია ეს!

 

- შენივე  კოლეგასთან, ასევე „ქრონიკა +"-ის ყოფილ ჟურნალისტთან ნელი ვარდიაშვილთან მეგობრობაც ირონიულად დაგიკომენტარა ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, თუმცა შევეშვათ ამ თემას. რატომ წამოხვედი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან?

 

- რაც შეეხება ნელი ვარდიაშვილს... მასა და ელისოს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო და იქვე დამთავრდა. ქალბატონი ნელისგან ელისო ანგარიშების ჩაბარებას ითხოვდა მაშინ, როცა ის საკუთარი მედიასაშუალების ღირსებას იცავდა. მე შევეცადე კიდეც ვარდიაშვილის დაცვას, მაგრამ ნანა თვალაბეიშვილმა მთხოვა, არ ჩავრეულიყავი მათ კონფლიქტში. ბრალდება კილაძის ცნობილი ხელწერით კვალიფიცირდა - თურმე, ნუ იტყვით და, ახლად დაარსებული „euronews.ge" „სუსის" ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიდედრთან ყოფილა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ და გეტყვით: სააგენტო „euronews.ge"-ს არავითარი კავშირი არა აქვს „სუსთან"! სხვათაშორის, რატომღაც, არც გამკვირვებია. ეს რომ წავიკითხე, გამეღიმა... ახლა, რაც შეეხება სამსახურიდან ჩემს წამოსვლას. გიორგი, ჩავთვალოთ, რომ კითხვას გვერდს ვუვლი... ეს შიდა სამზარეულოა და თუ ჩათვლის საჭიროდ, კილაძე მიზეზებზეც თავად ილაპარაკებს. აქვე, ამასაც გეტყვით, რომ რედაქციიდან წამოსვლის შემდეგ თავად ერთი-ორჯერ შემომთავაზა კიდეც სამსახურში დაბრუნება, რასაც ვერ დავუკარგავ - უბრალოდ, უმადურობაში ჩამეთვლება. თუმცა, ჩემი სხვა გეგმების გამო აღარ დავბრუნებულვარ. მიხარია, რომ არც ვალი მაქვს მისი და დღემდე დამოუკიდებელ ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს!

 

ან, ჭორებს რომ ავრცელებენ, თითქოს ელისომ შექმნა ზაზა სვანაძე და თითქოს მისი „ინფორმატორიც" ვარ - მათ ვპასუხობ: მე სადაც ვყოფილვარ, ყოველთვის პროფესიული და ადამიანური პასუხისმგებლობით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას!

 

თუმცა, პროფესიული ურთიერთობების მიღმა ყალიბდება ადამიანური  ურთიერთობებიც, რომლის ფარგლებშიაც უშუალო, არაფორმალური საუბრების დროს ვცვლით აზრებს, ინფორმაციებს... სხვათაშორის, მასაც ძალიან ბევრი და ზედმეტად კონფიდენციალური ინფორმაციებიც მოუყოლია ჩემთვის და რა ვქნა, ახლა საჯაროდ ვპოსტო?

 

- ერთსაც გკითხავ: მიხეილ სააკაშვილი ტირანია და სახელმწიფო დამნაშავე?

 

- რა თქმა უნდა! მეტსაც გეტყვით: შეიძლება, ვინმეს არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: დიახ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა!

 

რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე და არაერთ მეგობარზე გამოცდილი ჯალათობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ პირადად სააკაშვილიც და განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი აუცილებლად უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე!

 

- ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ვაღიაროთ, ლანძღვის ნიაღვარი წამოვა კილაძისგან და მისი გარემოცვისგან...

 

- რა, მოვედი და აღსარება ჩაგაბარე? მან ძალიან კარგად იცის, რომ ზაზა სვანიძე ცილს არ დასწამებს და აკი, არც გამილანძღავს ამ ინტერვიუთი...მან საჯაროდ დამწამა ცილი და საჯაროდვე ვპასუხობ! დანარჩენი ელისო კილაძის და მისი „წყაროების" სინდისზე იყოს, თუ ასეთები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არსებობენ!

ძალიან მომწონს ეს ფრაზა - „თუ გსურთ, რომ თქვენზე ფეხები არ გაიწმინდონ, ფიანდაზად არ უნდა დაეგოთ!" ამიტომ, დიახაც, არ ვაპირებ სენტიმენტალურობას, არ ვაპირებ იმის აღნიშვნას, რომ გულნატკენი ვარ, არ ვაპირებ ზედმეტად მოკრძალებული და მიამიტი, გულუბრყვილო ადამიანის როლის თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხი ვარ, როგორც წესი, წუთიერი წყენებით არ ვხელძღვანელობ, თუმცა ეს ყველაფერი არამც და არამც არ უნდა ხდებოდეს ჩემი თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე! საყვედურების თქმაც ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს მეგობრად მივიჩნევ, პირადად გავესაუბრები - გარე თვალის გარეშე, 100 % -იანი გულწრფელობით! საჯაროდ ხალხს არ ვასეირებ! მეგობარს, კოლეგას, თავადაც უნდა ეყოს იმდენი შეგნება, რომ სოციალურ ქსელში ტატამი არ გამიმართოს! თუ მტრების სიაში ვინმე ჩამსვამს, თუ ვინმეს შოუ და სკანდალი უნდა - არც ამის მეშინია და ჩემგან რევერანსებს ნუ ელის! შოუ და სანახაობა ზაზა სვანაძისგან ისწავლა ბევრმა ამ ქვეყანაში! დიახ, მე ის ზაზა სვანაძე ვარ, რომელსაც ცილისწამებაზე და ბოდვებზე ყოველთვის ერთი პასუხი აქვს! ბოროტი იქნებით თუ კეთილი, ოდნავ მაღალი თუ გამხდარი, მეგობარი თუ ვირტუალური „ფრენდი", კოლეგა თუ მატყლის მწეწავი, - ფურთხზე ერთი პასუხი მაქვს - გემიჯნებით!

 

 

 

 

                                                                        ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი