logo_geo
მიხეილ გიორგაძე: გამაგრებითი სამუშაოები ოშკში ზამთრის დადგომამდე უნდა ჩავატაროთ
- +

1 ივნისი. 2017. 12:59


 

23 მაისს, თბილისში, თურქეთის პრემიერ-მინისტრის   ბინალი ილდირიმის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.  დოკუმენტზე მუშაობის ისტორია, რომელიც დაახლოებით ათ წელზე მეტს მოიცავს, ბევრი ეტაპისაგან შედგება. რამდენჯერმე თითქმის ხელმოწერამდე მისული ხელშეკრულება, ისევ  მხარეების მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნდა. ვერ ვიტყოდით, რომ აქ მხოლოდ თურქული მხარესთან შეუთანხმებლობა იყო მიზეზი. არსებობდა შიდა ფაქტორები. განსაკუთრებით საკითხი გაიყინა 2008 წელს ხელმოწერის ჩაშლის შემდეგ და პროცესი ვერც ამ პერიოდში ჩამოქცეულმა ხანცთის გუმბათმა გადაარჩინა.  2014 წლიდან, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გააქტიურდა. ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა ანკარაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრსა და მის თურქ კოლეგასთან შედგა. ამჟამად დოკუმენტი ხელმოწერილია.


ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ესაუბრა.

 

- შეგიძლიათ  თქვათ, რომ ეს დოკუმენტი ხელ-ფეხს გვიხსნის უფრო თამამი და აქტიური საქმიანობისკენ?


- პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. ამ სამუშაოს ათ წელზე  კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. 2008 წელს პროცესი გაიჭედა და გაიყინა მოლაპარაკებები. ბოლო ორი წლის განმავლობაში უაღრესად აქტიური კომუნიკაციის, სამუშაო შეხვედრების, თურქ კოლეგასთან ვიზიტის შედეგად შემუშავდა ის დოკუმენტი, რომელსაც თბილისში მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტს ისტორიულს დავარქმევდი და ვფიქრობ არ გადავაჭარბებ, რადგან  იგი არა მხოლოდ ხელ-ფეხს გვიხსნის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არამედ ძალიან აქტიური, ძალიან საგნობრივი მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს ყველა იმ პროცესში, ყველა იმ ქმედებაში რაც უნდა განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჭრილში თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ჩვენთვის ძალიან პრინციპული  პუნქტი, რომელიც გაწერილია ამ შეთანხმებაში, გახლავთ სწორედ ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში ამ სფეროში ჩართული ყველა სპეციალისტის, პროფესიონალის პრაქტიკულად აუხდენელი ოცნება იყო. ჩვენი სპეციალისტები დაიშვებიან არა მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის დროს, არამედ თავიდანვე - კვლევით, არქეოლოგიურ სამუშაოებზე, შემდეგ კი  პროექტირების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, იმისთვის, რომ თავიდანვე იგი  სწორად იყოს წარმართული და ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად არ მივიღოთ ისეთი შედეგი, სადაც გარკვეული შენიშვნები ჰქონდეთ სპეციალისტებს და საზოგადოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.


გარდა ამისა, ეს შეთანხმება კულტურის ყველა სფეროს მოიცავს.  ასეთი შეთანხმების ტექსტისთვის, თუ შეიძლება ითქვას, სტანდარტული ფორმულირებები არსებობს. ჩვენი დოკუმენტის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილში, ბევრად უფრო დეტალურად არის გაწერილი ეს თემები.


- თუმცა, მაინც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს და ეს ნუ გაგიკვირდებათ. ბევრი დოკუმენტი გვინახავს, რომელიც არ სრულდება. რა შეიძლება ჩაითვალოს იმის გარანტად, რომ დოკუმენტი ეფექტური იქნება და ბევრ საკითხს მოაწესრიგებს.


- 100-პროცენტიანი გარანტია ცხოვრებაში არაფერზე  არ შეიძლება არსებობდეს. პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არა ორი ქვეყნის სამინისტროს შორის შედგა, არამედ  მთავრობებს შორის მოხდა მისი გაფორმება,   თავისთავად მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, როგორ ვითარდება ქვეყნებს შორის  ურთიერთობები,  ხელმოწერა მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეორე სხდომის დროს, თურქეთის მთავრობამ შემოგვთავაზა ძალიან ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე ორიენტირებული  სპეციალური ფორმატი და ბოლოს თავად დოკუმენტის დასახელება ერთობლიობაში მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქრო ეს საქმე მართლა ქმედითად დაიძრება. თუ უშუალოდ ჩემი სუბიექტურ მოსაზრება გაინტერესებთ - ჩემს კოლეგასთან პროფესიული და საქმიანი ურთიერთობა, ჩვენი საუბრები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ  ეს დამოკიდებულებები სწორი მიმართულებით ვითარდება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი საელჩოს დახმარებით, უახლოეს მომავალში, იმედი მაქვს შედგება ჩემი ვიზიტი თურქეთში, სადაც ჩვენ მომზადებული ჩავალთ კონკრეტული წინადადებებით და განვსაზღვრავთ, უპირველესად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. სხვათა შორის, თბილისში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემაჯამებელ სხდომაზე, თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია ამ შეთანხმებას ხელი რომ მოეწერა და კულტურის მინისტრების შეხვედრის გამართვას უახლოეს მომავალში მიესალმება, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც გაწერილია ხელშეკრულებაში.


- საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესის ხელმძღვანელობისთვის სამუშაო ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს. როდის მოხდება ეს  და ვინ იქნებიან ამ ჯგუფში? 


- ძირითადი ბირთვი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იქნებიან, თუმცა არ გამოვრიცხავ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ საჭიროებების მიხედვით, რომელიც გამოიკვეთება სამუშაო ჯგუფის მუშაობისას, აუცილებლად გვეყოლება მოწვეული სპეციალისტები. საუბარი, როგორც მოგახსენეთ, არის პროექტირებაზეც, კვლევაზე ბევრი მიმართულებით და ჩვენ ნამდვილად გვყავს ინტელეტუალური რესურსი კულტურის სამინისტროს  სისტემის გარეთ და ამ წრეს  მაქსიმალურად გავაფართოებთ.


- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დოკუმენტი სამპუნქტიანია. მოდით, პუნქტობრივად შევჩერდეთ და გავაკეთოთ კომენტარები თითოეულ მათგანზე: სამუშაო ჯგუფმა უნდა  მოახდინოს ყველაზე გადაუდებელი სამუშაოების იდენტიფიცირება, ანუ ყველაზე გადაუდებლად და ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძეგლები   უნდა გამოყოს, შემდგომი სამუშაოები  დაგეგმოს და განახორციელოს.  უკვე გაქვთ მონახაზი, რომელი იქნება  ანუ პირველი ძეგლები, რომლის რეაბილიტაციას მოვითხოვთ? ეჭვგარეშეა, რომ ოშკით დაიწყებთ.


- ოშკი, რა თქმა უნდა,  უპირველესად დგას ამ ნუსხაში. ეს არის ძეგლი, რომელსაც ყველა შეხვედრაზე წინა პლანზე წამოვწევდით და ვასახელებდით თურქულ მხარესთან. ამ წუთისთვის ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. წლების განმავლობაში თითოეული ზამთარი იყო უმძიმესი მოლოდინის დრო. ყოველი გადატანილი ზამთრის შემდეგ, როგორც შეგვეძლო,  ვინტერესდებოდით ძეგლის მდგომარეობით - ხომ არ იმატა დაზიანებებმა ოშკში. ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში დავსვამთ ამ საკითხს. ასევე იქნება საუბარი ხანცთის ტაძარზე.


- ოშკის საკითხის დასმა არც თურქული მხარისთვის უნდა იყოს მოულოდნელი. არაოფიციალური   ინფორმაციით,  ოშკის რეაბილიტაციის პროექტი მზად აქვს თურქულ მხარეს. 


- საინტერესო დეტალია, თუმცა, ვერ დაგიდასტურებთ რომ პროექტი არსებობს. ამაზე ცალსახად დადებითი პასუხი არ გვაქვს. სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, იმედია, ოშკის თემა დადებითად გადაწყდება და პროექტის განხილვასაც წინ არაფერი უდგას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დოკუმენტის სწორედ ის პუნქტი, სადაც გაწერილია, რომ ჩვენი სპეციალისტები ყველა დონეზე, ყველა ეტაპზე ერთვებიან ამ სამუშაოებში.


- როცა პროექტი  იქნება მზად, შემდეგი ეტაპია  ტენდერის გამოცხადება, რომელიც, ბუნებრივია,   თურქული კანონმდებლობის მიხედვით  ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტი ექნება ქართულ მხარეს იმისთვის, რომ ამ სამუშაოებისათვის კომპეტენტური ფირმა შეირჩეს?


- ეს მაინც კონკრეტული მოლაპარაკების საგანი უფროა. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე. ელემენტარულად, პრაგმატული საკითხია, რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს ამ დონის შეთანხმების შემდეგ ისე ჩატარდეს სამუშაოები, რომ კითხვის ნიშნები ისევ გაჩნდეს. ის, რომ პროფესიული თვალსაზრისით პროექტი  სწორად იქნება შედგენილი და ამ პროექტის მონაწილე იქნებიან ქართველი სპეციალისტები, ეს არის გარანტია, რომ სამუშაოები სწორად წარიმართება და კომპანიაც სწორად შეირჩევა.


- სპეციალისტების ჩართულობაზე როცა საუბრობთ რას გულისხმობთ? ეს მხოლოდ მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს თუ უფრო აქტიურ ჩართვას, თუნდაც არქეოლოგიურ გათხრებში, კედლის მხატვრობის სამუშაოებში და ა.შ. ქართველი ექსპერტების, სპეციალისტების ადგილზე მუშაობას   ვინ  დააფინანსებს?


- სადაც რეაბილიტაციაზე და სამშენებლო სამუშაოებზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, იქ მონიტორინგით შემოვიფარგლებით. სადაც კონსერვაციაზე იქნები საუბარი, მაგალითად კედლის მხატვრობის, ან არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომელიც ბევრად უფრო ღრმა ცოდნას და პროფესიონალიზმს, გამოცდილებას ითვალისწინებს, იქ ფიზიკურადაც ჩავერთვებით. აბსოლუტურად ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, რომ ჩვენი სპეციალისტები მხოლოდ მონიტორინგს კი არ  ატარებდნენ, არამედ თავადაც მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში.


- ოშკის შემთხვევაში ეს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მიწის სქელი ფენის მოხსნის შემდეგ, რომელიც ტაძრის ქვის იატაკს გამოაჩენს და მთლიანად კომპლქსის გაწმენდის შედეგად  სავარაუდოდ, ბევრი უნიკალური, უცნობი და საინტერესო ისტორიული მასალა გამოვლინდება.


- მინდა გითხრათ, რომ იმდენად კომპლექსურად და დეტალურად არის აღწერილი დოკუმენტში ყველაფერი, იმდენად დიდი სამუშაო გასწია მთავრობამ და ჩვენმა საელჩომ, პირადად ელმა ბატონმა ირაკლი კოპლატაძემ,  რომელმაც ხელმოწერის მერე მითხრა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით ქვეყნის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია შეასრულა, რომ დოკუმენტი ინტერპრეტაციის საშუალებას არ აძლევს არც ერთ მხარეს.  არა მხოლოდ ხელ-ფეხი გაგვეხსნა, არამედ დაშვება გვაქვს ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე. მართლაც, არ ველოდები რაიმე გაუთვალისწინებელ გართულებას ან უხერხულობას.


- მეორე ეტაპი ხელშეკრულებამდე გარკვეულ ძეგლებზე ჩატარებულ  სამუშაოებზე    ხარვეზების გამოსწორებას  და სამომავლო გეგმების დადგენას გულისხმობს. უკვე დასრულებულ იშხნის ტაძარზე ეს ალბათ აღარ მოხერხდება. პარხლის რეაბილიტაცია კი ახლა მიმდინარეობს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო როგორც აცხადებს, ინფორმაციას მხოლოდ სოციალური ქსელიდან იღებს. პარხალს კიდევ შეიძლება მივუსწროთ და ვნახოთ, რაიმე ხომ არ ირღვევა. ასე არ ფიქრობთ?


- აბსოლუტურად გეთანხმებით. უნდა ვიყოთ რეალისტები. იშხანი არის კარგი მაგალითი, რატომაც ვითხოვდით ყველა ეტაპზე ჩვენი სპეციალისტების ჩართვას, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, სადაც უკვე ძალიან ძნელი იქნება გამოსწორება. იშხნის გადაკეთება არ მოხდება, ნუ მოვიტყუებთ თავს. თუმცა რისი გასწორება რა დოზით შეიძლება, ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. პარხალი, სადაც ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, ვფიქრობ იქნება პირველი ეტაპის სამუშაო განრიგში და არა იმ ძეგლების ჩამონათვალში, სადაც ჩატარდა სამუშაოები და გამოსწორებაა საჭირო. პარხალშიც ჩავლენ სპეციალისტები და ჩაერთვებიან პროცესში.


- ხელშეკრულების მთავარ  მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ თურქული მხარე არ მოითხოვს კონკრეტული ქართული ძეგლის რესტავრაციის სანაცვლოდ მეჩეთის ან მეჩეთის რეპლიკის აგებას. ადასტურებთ ამ შეთანხმებას?


- ჩვენ ვიმოქმედებთ იმ შეთანხმების ფარგლებში, რასაც ხელი მოეწერა. რა თქმა უნდა, ვერც ერთ მხარეს ვერავინ ვერ დაუშლის, ნებისმიერი საკითხი   წამოჭრას, დააყენოს სამსჯელოდ და გადასაწყვეტად. თუმცა ნებისმიერი ასეთი საკითხი იქნება შემდგომი მსჯელობის თემა. მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. პრაქტიკულად, როგორც გადაუდებელ, ისე პერსპექტივაში არსებულ გამოწვევებს ვუპასუხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაცვალგების პრინციპი არ ჩაიდო. 


- ანუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აგების თემა, რომელსაც დიდი ხმაური მოყვა თავის დროზე, მოხსნილია?


-კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ თემას, რომ ეს საკითხი ინტერპრეტირებული არ იყოს - ჩვენ ძალიან კონკრეტულ პროგრამას მოვაწერეთ ხელი. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ შეთანხმების, ამ დოკუმენტის ფარგლებში იმოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის რაიმე ახალი თემის წამოწევას, რომელიც ამ შეთანხმების გარეთ არის, თუმცა წინასწარ ვივარაუდოთ და ვიმსჯელოთ რა შეიძლება იყოს ეს საკითხები, ვფიქრობ არაპროდუქტიული იქნება. დღეს ამ შეთანხმებაში მსგავსი არაფერი არ წერია  და შესაბამისად ეს არ არის დოკუმენტის  რომელიმე პუნქტის შესრულების წინაპირობა.


- ალბათ ლოგიკურია, როცა ოშკის ან სხვა ქართული ძეგლის საკითხს  დასვამთ, თურქული მხარე  საკუთარ წინადადებას წარმოადგენს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შენიშვნები ახალციხის რაბათში აჰმედიეს მეჩეთთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ეს  არ   დააბრკოლებს პროცესს?


- არა, არა მგონია. ამიტომ იყო ჩვენი წინადადება, ეტაპებად დაგვეყო პროცესი და ყველაფერი ერთ კალათაში არ ჩაგვეყარა. ყველა საკითხს ეტაპობრივად განვახორციელებთ.


- მათ შენიშვნები ქონდათ ამ მეჩეთთან დაკავშირებით


- დღესაც აქვთ.


- მზად ხართ, გაითვალისწინოთ ის შენიშვნები, რაც თურქულ მხარეს აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაზე აქვს გამოთქმული. ეს ეხებოდა გუმბათის ფერს და პირვანდელი ცხაურების აღდგენას.


- ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის გადასაწყვეტად. სამუშაო ჯგუფის საკითხი იქნება, რა შეიძლება გამოსწორდეს აქ, რა არის რეალური და რისი გაკეთება შეიძლება. ჩვენი პოზიცია  ყოველთვის იყო ძალიან გამჭვირვალე და გულწრფელი - ჩვენ მზად ვართ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, სრული დაშვება შევთავაზოთ თურქულ მხარეს, უზრუნველვყოთ მათთან ერთად ასევე ახალციხეში, რაბათთან ახლოს „წყვილი აბანოების" პროექტის განხილვა და დაუყონებლივ დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები.  თურქული მხარე არ იცნობს ჯერ ამ პროექტს. შეხვედრებზე ფრაგმენტული საუბარი ყველაფერზე გვქონდა, თუმცა გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული. ვათანხმებდით პრინციპებს, რომ ყველაფერი ერთად არ განგვეხილა, გამოგვეყო პრიორიტეტები და განგვესაზღრა ეტაპები, რაზეც შევთანხმდით.


- რა ვადებში გაიწერება ეს ეტაპები?


- ვფიქრობ, პირველი ეტაპი აუცილებლად ოშკის თემით დაიწყება. დიდი სურვილი გვაქვს, გამაგრებითი სამუშაოები, შემდგომი რღვევა რომ არ დავუშვათ ძეგლზე და თავი დავიზღვიოთ, ზამთრის დადგომამდე  ჩავატაროთ. მით უფრო, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მაღალტექნოლოგიური ე.წ. ძალოვანი ხარაჩო აქვს, რომელიც მარტივი ენით რომ ვთქვათ, შედის  ძეგლის შიგნით და თავად ამაგრებს  მთელ სტრუქტურას - ჩამოქცევა რომ ავიცილოთ თავიდან. ჩვენ მზად ვართ, უსასყიდლოდ გადავცეთ ეს ხარაჩო თურქულ მხარეს და ყველა ხარჯი - ტრანსპორტირების, მონტაჟის, სპეციალისტების ჩაყვანის და ა.შ. ჩვენ დავფაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის პროგრამა -მინიმუმი რომელსაც ჩვენ თავს ვუსახავთ მიზნად.


- ქართული და ოსმალური ძეგლების სრული ინვენტარიზაცია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე ამ დოკუმენტის მესამე ეტაპზეა განსაზღვრული. ჩვენ გვექნება საშუალება, სრულფასოვან ინფორმაციას ვფლობდეთ,  თუ რა არის აქეთ ოსმალური და იქთ ქართული?


- ასეთი დოკუმენტური მონაცემები არ არსებობს.  როგორც სააგენტოსგან მაქვს ინფორმაცია, გარკვეული პერიოდი, ქაოტურად ხდებოდა ძეგლების როგორც იდენტიფიცირება, სადაც რაიმე სამუშაო უნდა ჩატარებულიყო, ასევე თავად სამუშაო პროცესი... სადღაც რაღაც იწყებოდა, მერე ჩერდებოდა, პროექტი მზადდებოდა... ძალიან ქაოტური იყო პროცესი.


ინვენტარიზაცია არ გულისმხობს მხოლოდ ფიზიკურ დათვლას. ნუსხა არსებობს, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრული პროცესი გულისხმობს ბაზის შექმნას, გარკვეული კვლევითი სამუშაოების ჩატარებას... აქაც მხოლოდ სააგენტოს რესურსით არ შემოვიფარგლებით. ბევრი სპეციალისტის ჩართვა დასჭირდება ამ პროცესს.


- ხომ არ ელით ამ ხელშეკრულების განხორციელების გზაზე წინააღმდეგობებს, თუნდაც ისეთი გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან როგორიცაა საპატრიარქო? ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ ხელშეკრულების მზადების რამდენიმეწლიან პროცესში საპატრიარქოს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, რაც პროცესზე გავლენას ახდენდა.


- ბუნებრივია კომუნიკაცია იქნება საპატრიარქოსთან, წინადადებებს განვიხილავთ... სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ეს პროცესი. არა იმიტომ რომ დაბრკოლებას შექმნის ან არ შექმნის  ვინმეს პოზიცია, უბრალოდ, ორგანული და ლოგიკური სამუშაო პროცესი მგონია როცა ძეგლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, საპატრიარქოს მოვუსმინოთ.


ბანა

 

 

ოშკი

 

 

ხანთა

 

 

 


ბუბა კუდავას და გელა ბედიანაშვილის ფოტოები


 

big_banner
არქივი