logo_geo
ქართველი გოგონა, რომელიც ნეპალში ბავშვებისთვის სოციალურ სახლს აშენებს
- +

8 ივნისი. 2017. 03:22


 

ნანო ლიკლიკაძე 23 წლისაა, ცხოვრობს ანაპოლისში (აშშ, მერილენდის შტატი) და მეოთხე წელია, იმავე ქალაქის უნივერსიტეტში, St. John's College-ში სწავლობს. ქართველი სტუდენტი ამჟამად ნეპალში მიემგზავრება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს. გრანტი ნანომ და მისმა მეგობარმა მოიგეს და ახლა ნეპალში ერთად მიემგზავრებიან. სანამ ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებს, მანამდე გიამბობთ, როგორ მოხვდა თბილისელი გოგონა ჯერ ჩეხეთში, შემდეგ კი ამერიკაში.


„ვსწავლობდი პრაღაში, სკოლა რომ დავამთავრე, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტებს ვეძებდი და აღმოვაჩინე კოლეჯი, რომელშიც ახლა ვსწავლობ. ამ სასწავლებლით მაშინვე დავინტერესდი, მერე მოვიპოვე დაფინანსება და დავიწყე სწავლა", - ამბობს ნანო. პრაღაში ის და მისი ოჯახი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც მამა, ცნობილი ჟურნალისტი - კობა ლიკლიკაძე „რადიო თავისუფლებამ" იქ სამუშაოდ მიავლინა.


„ერთ დღესაც, მამამ გვითხრა, საცხოვრებლად პრაღაში უნდა გადავიდეთო, - ეს რომ გავიგე, დავნაღვლიანდი, რადგანაც სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მეგობრები მყავდა, მომწონდა თბილისში ცხოვრება.

 

მოკლედ, იქ წასვლა არ მომინდა, თან, მაშინ ინგლისური ენაც სათანადოდ არ ვიცოდი, საქართველოს გარეთ, უცხოეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რადგან ოჯახი მიდიოდა, მეც წავედი, თუმცა ძალიან გამიჭირდა" , - ამბობს ნინო, რომელიც მაშინ მეცხრეკლასელი იყო და პრაღაში ჩასული, მთელი წელი მამას სთხოვდა, იქნებ მე მაინც წავიდე აქედან, თბილისში ვისწავლი, ბებოსთან ვიცხოვრებო. მამამ ურჩია, წელიწად-ნახევარი მოეცადა და თუ ვერ შეეგუებოდა იქაურობას, მაშინ წამოსულიყო თბილისში.

 

 

- და, როგორც ჩანს, მოგეწონა პრაღა...

 

- კი. ენა ვისწავლე, ბაშვებთან დავმეგობრდი, ინგლისურ სკოლაში ვსწავლობდი, სხვადასხვა აქტივობებში ვმონაწილეობდი და იქ ყოფნით უკმაყოფილო აღარ ვიყავი... ამასთან, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მშობლებიც და და-ძმა. მე უფროსი შვილი ვარ, შემდეგ ჩემი ძმაა, რომელიც პრაღაში პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობს და გვყავს უმცროსი და, რომელიც იმ სკოლის მოსწავლეა, სადაც მე დავდიოდი. დედა ჩეხებს უნივერსიტეტში ქართულს ასწავლის, ბევრ კარგ საქმეშია ჩართული და მოსწონს, რასაც აკეთებს.



- თუმცა, ახლა ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრობ. არ გიჭირს?

 

- არა, ჩემი თავი ვიპოვე. პირველ წელს მარტო ვიყავი ქალაქში, გარშემო არავინ მყავდა. ახლა გარემოსთან შეგუებული ვარ, ადამიანები, ვინც ირგვლივ მყავს, მომწონს. დამოუკიდებლად ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ მეორე მხრივ სასარგებლოა, ბევრ რაღაცას სწავლობ. მომწონს, რომ ჩემს ცხოვრებას თვითონ ვმართავ...



- მოგვიყევი ნეპალში რა გეგმები გაქვს?


- შარშანაც მქონდა მცდელობა, გრანტი მომეგო, როგორც ახლა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. ის ორგანიზაცია (Project for Peace), რომელმაც გრანტი მოგვცა, მშვიდობის პროექტს ახორციელებს, დამფუძნებელი ქალია - ქეთრინ ვასერმან დევისი. 100 წლის იყო, როდესაც ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად 1 მილიონი დოლარი გამოყო. განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ფილანტროფი იყო. ამ პროექტების მთავარი მიზანი, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. უკვე 17 წელია, არსებობს და წელიწადში 100 პროექტს აფინანსებს.


შარშან, მე და ჩემმა მეგობარმა, ლიზი ახვლედიანმა, რომელიც უნვერსიტეტში ჩემთან ერთად სწავლობს, მოვამზადეთ პროექტი - პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. გვინდოდა, მათთვის გვესწავლებინა, როგორ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, თუნდაც სხვა ქვეყანაში წასვლა განათლების მისაღებად. მოკლედ, გვესწავლებინა, საკუთარი თავის რეალიზაცია. კარგი პროექტი იყო, მაგრამ ჩვენმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ორი გოგოსთვის პანკისის ხეობაში წასვლა სახიფათო იქნებოდა. ვუხსნიდით, რომ არ იყო საშიში, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა...


არ დავნებდი და წელს, ნეპალელ მეგობრებთან ერთად, ახალი პროექტი წამოვიწყე. ეს ცოტა სხვა ტიპის პროექტია, ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პატარებს. იცით, რომ იქ შშმ ბავშვების მიმართ არის დიდი სტიგმა. შეიძლება ისინი მშობელმა ქუჩაშიც დატოვონ. ამის შესახებ ჩემმა ნეპალელმა მეგობრებმა უფრო ვრცლად მოგვიყვნენ. მშობლებისგან მიტოვებული და პრობლემების მქონე ბავშვებისთვის გადარჩენის ერთადერთი ადგილი სპეციალური სკოლაა, რომელიც ეხმარება, თავშესაფარს აძლევს. ჩვენ სწორედ იმ სკოლას დავუკავშირდით და დახმარებას შევპირდით. ჰოდა, ახლა იქ ფიზიოთერაპიის ოთახს ვაშენებთ, რაც მეტად სჭირდებათ, დავდგამთ შესაბამის აღჭურვილობას, ტრენინგებს ჩავატარებთ, მოვამზადებთ იმისთვის, თუ როგორ გამოიყენონ ეს ყველაფერი. პროექტმა 10.000 დოლარი მოიპოვა და ამ თანხას, ამ ყველაფერს მოვახმართ.

 

 

- მშენებლობა დაწყებულია?

 

- კი და სკოლა ფართოვდება, თანხა უკვე გადარიცხულია. რომ ჩავალთ, გარკვეული სამუშაოები დაგვრჩება, რაც უნდა ჩავატაროთ. მიხარია, რომ პატარა წვლილს მაინც შეიტანთ იმ ბავშვების კეთილდღეობასა და განვითარებაში. გვინდა, რომ ადგილობრივი მედიაც მოვიწვიოთ და ვესაუბროთ, რომ შშმ პატარები ოჯახისთვის უბედურება არ არის, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა დანარჩენები. მათაც ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჩვენ. ამ ქმედებით შესაძლოა, ბევრი რამ ვერ შევცვალოთ, მაგრამ სურვილი და მცდელობა გვაქვს, სკოლას დავეხმაროთ, რომელიც ასეთ საქმეს აკეთებს. მოკლედ, მე და ჩემი ნეპალელი მეგობარი ახლა იქ მივემგზავრებით.


- მამა, ცნობილი ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე რას გეუბნება?

 

- მამას ძალიან გაუხარდა - შარშან პანკისის მიმართულებით რომ ვმუშაობდი, მეხმარებოდა, ინფორმაციას მაწვდიდა. ახლაც ყველანაირად გვერდში მიდგას.


- ისიც ვიცი, რომ ხატავ...

 

- კი, მაგრამ ადრე, სკოლაში სწავლისას უფრო აქტიურად ვიყავი ამ საქმით დაკავებული, მიყვარს ხელოვნება, მაგრამ ახლა რადგანაც ბევრი სამეცადინო მაქვს, ხატვისთვის ვეღარ ვიცლი. ისე, ხატვა ზეთის საღებავებით მიყვარს. თუ გატაცებაზეა საუბარი, სპორტი და განსაკუთრებით იოგა მიზიდავს. იოგის კლასში დავდიოდი და ძალიან მომეწონა. მერე მასზე ინფორმაციაც მოვაგროვე, მეტად დავინტერესდი და ახლა უნივერსიტეტში კვირაში ერთხელ გაკვეთილებს ვატარებ. სერტიფიკატი მართალია, არ მაქვს, მაგრამ მოყვარულის დონეზე მივყვები ამ საქმეს. იოგა სწავლისგან მიღებული სტრესის მოხსნასა და ფიზიკური დაღლილობისას ძალიან მეხმარება. ის ხომ ფიზიკური და სულიერი ვარჯიშია, ძალიან ვმშვიდდები და იმის საშუალებას მაძლევს, უფრო მობილიზებული ვიყო.  ასევე, უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების კლუბს ვხელმძღვანელობ, კლუბის დამფუძნებელი მე არ ვარ, ჩემი მეგობარი ლიზი ახვლედიანია, რომელიც ჩემს წინა კურსზე სწავლობდა, რომელმაც გადმომაბარა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანია აქ გაერთიანებული და ღონისძიებების გამართვაში ვეხმარებით," - გვეუბნება ნანო, რომელსაც სამომავლოდ სერიოზული გეგმები და მიზნები აქვს, თუმცა ამჯერად წინ ნეპალი ელოდება. წარმატებები მას!


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი