logo_geo
„ბასიშვილი სუბელიანს უპირებდა ჩაჩოჩებას, მაგრამ უგულავამ იქით აუღო „აბაროტი“, ხუთი კაცი დაუჭირა“
- +

27 ივნისი. 2017. 11:39



აგვისტოს ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო ხალხის პროტესტმა იმძლავრა.


კაკო ცოტნიაშვილი, (კაპიტანი, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, კონფლიქტის ზონის ყოფილი კურატორი) ხელისუფლებას ხომ პიარის მეტი არაფერი აინტერესებს? იცით, როგორი სისტემა შექმნეს? უფროსს რჩევას ვერ შეჰკადრებ. მაშინვე გაგაგდებენ. დაშინებული ჰყავთ ხელქვეითები. ფეოდალები არიან ხელისუფლებაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პოლიციის უფროსი აგინებს ხელქვეითებს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის. შეიძლება შეგინება ვიღაც დამნაშავისგან მოითმინო, მაგრამ მეთაურისგან?


- ახალაიაზე რას იტყვით?


- ახალაია თავდაცვის სამინისტროში შიშის გამო გადაიყვანეს. ჩვენ შეშინებული მთავრობა გვყავს. ეჭვები ახრჩობს. შეეშინდათ, ჯარში არაფერი მომხდარიყო, რადგან იციან, არ არიან მართალი ქვეყნისა და ერის წინაშე. ძალაუფლების ავადმყოფობა სჭირთ, თანაც ესენი რაღაც ძალიან ადრეულ ასაკში დაავადდნენ. 1968 თუ 1969 წელს ბრიუსელში სტადიონი ჩამოინგრა. 10 კაცი დაშავდა და ამის გამო მთელი ხელისუფლება გადადგა. ამათ ქვეყნის მეოთხედი გაანადგურეს, ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, დაღუპეს ქვეყანა და მაინც ხელისუფლებაში არიან. 2008 წლის 8 აგვისტოს, დღის 12 საათზე სოფელ ერედვში ოთხი უმაღლესი რანგის გენერალი ჩამოვიდა 300-კაციანი უმაღლეს


დონეზე შეიარაღებული რაზმით. სოფელი დმენისი ოსებით დასახლებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელია. ტელევიზიით გადასცემდნენ, დმენისი აღებულიაო, მაგრამ სიცრუე იყო, და ეს რაზმი სწორედ დმენისში შესასვლელად გამოგზავნეს. რომ შეხედავდი, გაგიხარდებოდა, - კბილებამდე შეიარაღებული ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ. მალე ერედვის დაბომბვა დაიწყო. პირველები გენერლები გამოიქცნენ. ცალ-ცალკე გარბოდნენ, თანაც გზაც არ იცოდნენ. ერთ-ერთი გლეხის ოჯახში შევარდა და გორის გზა იკითხა. იცნო იმ კაცმა, შენა ესა და ეს გენერალი არა ხარო? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარო, უპასუხა, გადაახტა ღობეს და თავქუდმოგლეჯილმა გაქუსლა. მეგონა ამ ხალხს ტრიბუნალს გადასცემდნენ, მაგრამ პირიქით, დააწინაურეს! ეს ხალხი დღეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პირველი პირები არიან.

 

- ბატონო კაკო, დაასახელეთ მათი გვარები, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს.


- პირობა მაქვს მიცემული, რომ არ ვიტყვი, მაგრამ მათი ვინაობა მალე გაირკვევა. მათ სამარცხვინო გაქცევას რეზერვისტები, სახალხო ლაშქარი, მთელი ერედველები უყურებდნენ. იქ იყვნენ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ჟურნალისტებიც. ყველამ იცის, ვინ იყო ეს ხალხი. მერე მათ მიჰყვა ის კბილებამდე შეიარაღებული რაზმიც, ხალხი გამოეკიდა, სად გარბიხართო, მაგრამ ხალხსაც გაასწრეს. თუმცა მათ არც ვადანაშაულებ. გენერლები რომ გაიქცევიან, ჯარი დარჩება?


90-იანი წლებიდან სამაჩაბლოში ქალებიც იხოცებოდნენ, ბავშვებიც, მაგრამ გაქცევა არავის უფიქრია. გენერლების გაქცევამ კი ისე იმოქმედა მოსახლეობაზე, რომ ხალხში პანიკა ატყდა. პანიკა კი ისეთი რამ არის, თუ დაიწყო, მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. სხვათა შორის, იმ ნაწილებში, რომელთა მეთაურებმა არ მიატოვეს ჯარისკაცები, მსხვერპლი ცოტა იყო. სამწუხაროდ, ასეთი ხალხი გაყარეს სამსახურებიდან, მსხვერპლი იყო ნაკლები და რაღაცაშია საქმეო(!). ვინც მართლა ივაჟკაცა და უკან არ დაუხევია, სწორედ ისინი გაყარეს ჯარიდან. ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, როდის იყო, ლაჩარი ვაჟკაცს იტანდა? საქართველოში კი ერთ ვაჟკაცზე ასი ლაჩარი მოდის.


ჩვენი საქმე რომ ცუდად იყო, პირველად 2003 წელს მივხვდი. ამ პერიოდში კოკოითი ისე იყო შეშინებული, ყველაფერზე დასთანხმდებოდა. კოკოითიმ ცხინვალში დაგვპატიჟა. ჩავედით 20-კაციანი ჯგუფი. ჩვენთან ერთად შერეული საკონტროლო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მაჭავარიანიც იყო. გაიშალა სუფრა, კოკოითი გაიძახოდა, რა გვაქვს გასაყოფი ქართველებსა და ოსებს, ძმები ვართო. ადგა და ქართველებისა და ოსების ძმობის, საქართველოს სადღეგრძელო დალია. რამდენიმე ჭიქა რომ დავლიეთ, მაჭავარიანმა სადღეგრძელოს უფლება ითხოვა, წამოდგა და დასჭექა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას გაუმარჯოსო. ჩვენ ხომ გავშტერდით, მაგრამ ოსები კიდევ უფრო გაოგნდნენ, მაგრამ არ შეიმჩნიეს, ეტყობა, იფიქრეს, პროვოკაციას გვიწყობსო და ეს სადღეგრძელო მიაფუჩეჩეს. რამდენიმე სადღეგრძელოს მერე მინისტრმა ისევ ითხოვა სადღეგრძელოს თქმის უფლება, ისევ ადგა და ისევ გაიმეორა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას გაუმარჯოსო.


ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან რა თამაშს თამაშობდა ხელისუფლება, ვერ გავიგეთ. 2002 წლის ბოლოს სამხარეო მთავარ სამმართველოში შემომთავაზეს მუშაობა. შეიქმნა 8-კაციანი ჯგუფი. ძირითადად, ჩვენებურების ხარჯზე, რომლებიც კურირებდნენ კონფლიქტის ზონას და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობდნენ. სიმართლე გითხრათ, ოსების გადმობირება მაშინ დაიწყო, მაგრამ ამათ გადმობირებულები გაექცათ. მაგალითად, ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები. ხელისუფლებამ ამის დამალვა სცადა, მაგრამ რუსები მთელი ერთი თვე ატრიალებდნენ საინფორმაციო გამოშვებებში ამ ამბავს. ქარქუსოვები ქართული სპეცსამსახურების სამსახურში იდგნენ, ბევრი რამ იცოდნენ და მნიშვნელოვანი ინფორმაციით მომარაგებულებმა რუსეთს შეაფარეს თავი. ჩვენებს კი ეგონათ, რახან ციხიდან გამოვაქციეთ, არსად გაიქცევიანო.


სპეცსამსახურებს მონდომება დიდი აქვთ, მაგრამ ჭკუა და გამოცდილება აკლიათ. ქვეყანა, რომელსაც პოლიცია და სპეცსამსახური არ უვარგა, დაღუპულია. საქართველოს ნგრევა გაგრძელდება, ყველაზე სახიფათო მომენტი უკვე დაიწყო, - სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე მოვლენები და ლარსის გახსნა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური დამაკავშირებელი ტრასიდან სულ რამდენიმე კილომეტრში რუსები დგანან. საკმარისია, სამცხე-ჯავახეთში რაღაც მოხდეს, გაიგლიჯება ქვეყანა.


ჩვენი ხელისუფლება ნაცვლად იმისა, ქვეყანაზე იფიქროს, ზონდერბრიგადებს ქმნის და ერთმანეთს უსევენ, ხალხს აშინებენ. უზნეო და თანაც შეშინებული ხელისუფლება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. რას ნიშნავს დევნილი მოსახლეობისაგან ზონდერბრიგადების ჩამოყალიბება? ვის მოუვიდოდა აზრად ასეთი რამ, თუ არა ლაჩარ და უზნეო ხელისუფლებას? ადამიანებს აღარაფერი შეარჩინეს და ახლა ადამიანურობასაც ართმევენ.


- ზონდერბრიგადები სამაჩაბლოს მოსახლეობისაგან შექმნეს?


- ამჯერად ორი ზონდერბრიგადა ჰყავთ: ეგრეთ წოდებული სამოქალაქო და შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამოქალაქოს მეთაურია პარლამენტარი, სინამდვილეში კი წვრილმანი კრიმინალი ბადრი ბასიშვილი, მეტსახელად "ნარკუშა", მისი მოადგილე გია ქრისტესიაშვილი და ერედვის გამგებელი ემზარ ბერუაშვილი. ეგენი წყვეტენ, ჩვენს რეგიონში ვინ უნდა გაყარონ სამსახურებიდან და ვინ მოიყვანონ. ერედვის გამგეობიდან მხოლოდ ერთ დღეს 12 კაცი დაითხოვეს და მათ ადგილებზე სამოქალაქო ზონდერები დანიშნეს. ხალხის დარბევასა და ცემაში ოფიციალურად ხომ ვერ გადაუხდიდნენ ფულს და ეს ხალხი დანიშნეს გამგეობებში. ამასობაში კი პრეზიდენტი გვარწმუნებს, დევნილებს არაფერი შეეხება, არც ერთი არ გათავისუფლდება სამსახურიდანო.


შინაგან საქმეთა ზონდერბრიგადებში 50 კაცია, 10 ჯგუფად დაყოფილი. ერთ მანქანაში 5 კაცი ზის, ერთი უფროსია, დანარჩენები მას ემორჩილებიან. სწორედ ესენი იყვნენ ვითომ ტაქსისტები, ვითომ უკმაყოფილო უბნელები, მიტინგების დროს საკნებს რომ არბევდნენ. მიტინგების მერე იმ პოლიტიკოსებს მიაცილებდნენ, ვინც ხალხის ზიზღი გამოიწვია, ახლა კი გაფაციცებით მუშაობენ არჩევნებზე. ამ ზონდერბრიგადის მეთაურია კობა სუბელიანის მოადგილე ანდრო ჭოლოხაძე.


პირველად 150 კაცი მონახეს ზონდერბრიგადაში სამუშაოდ. მერე სხვებიც დაპატიჟეს. ვინც სამოქალაქო ზონდერობაზე დათანხმდა, გამგეობაში მოიყვანეს სამუშაოდ. ხელფასს 350 ლარიდან და ზემოთ უხდიან. მერე ეს ხალხი სამაჩაბლოს მოსახლეობამ შეარცხვინა: არა გრცხვენიათ, თბილისელებმა რამხელა პატივი გვცეს, როცა გაგვიჭირდა, მთავრობა კი არა, ხალხი დაგვიდგა გვერდში და თქვენ თავ-პირს ამტვრევთო? ამის შემდეგ ზონდერბრიგადებში შესვლაზე ბევრმა თქვა უარი. მერე ახალი რამ მოიფიქრეს, - სპეცრაზმი იქმნება და ამ სპეცრაზმში შემოდითო. ამ ეშმაკობასაც მიუხვდა მთავრობას ხალხი, მაგრამ 30000 კაცში 150 კაცი მაინც მოძებნეს. ყველაზე დიდი დამნაშავე ის ხალხია, ვინც უსახლკარო და უჭმელ-უსმელ ხალხს ასეთ სამსახურს სთავაზობს.


ზონდერბრიგადებიდანაც დაიწყეს გაქცევა. ერთ-ერთი ზონდერის შვილი სკოლაში ვეღარ მიდიოდა, ბავშვები ეუბნებოდნენ, მამაშენი ზონდერიაო! ხალხში არაფერი იმალება, ყველამ ყველაფერი იცის. ყველა ერთნაირი არ არის, ზოგმა ამ სტრესსა და უბედურებას ვერ გაუძლო. ამ გაუბედურებულ ხალხს ეუბნებიან, თუ ჭკვიანად არ იქნებით, დახმარებებსა და ბინებს არ მოგცემთო. ფეოდალი ბასიშვილი წყვეტს ყველაფერს. ერგნეთის პოსტზე უფროსი ვიყავი და მაგას კონტრაბანდა დაჰქონდა. რამდენჯერ დაუჭერიათ და მოუყვანიათ ჩემთან. ბასიშვილი დისეველების სიძეა. არჩევნების დროს დისევში ჩავიდა, აგიტაცია უნდა ჩაეტარებინა ხალხისთვის. ერთმა დისეველმა იცნო, შენ ის არა ხარ, მე რომ ქურთუკი გამხადე მუშთაიდის ბაღშიო? იმ ბიჭის გვარ-სახელიც ვიცი და ოჯახიც, - ოქროპირიძეა გვარად. მოკლედ, ბიჭებმა გაურჩიეს საქმე ბასიშვილს.


- სცემეს?


- არა, შეარიგეს ბოლოს. ასეთი საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა.


ბოლოს, ბასიშვილს გუბერნატორობა და მინისტრობა მოუნდა და ინტრიგების ხლართვა დაიწყო. ჯერ ვარძელაშვილის ადგილი მოუნდა, რატომაც არა, კარგად მოემსახურა ამ მთავრობას, მაგრამ არ გამოვიდა. მერე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობა მოინდომა. ჰოდა, ბასიშვილმა და სუბელიანის მოადგილემ ასეთი რაღაც მოიფიქრეს: ქრთამს ხომ იღებენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და მოვაწყოთ პროვოკაციაო.

 

- რაში იღებენ ქრთამს?


- თუ კომპენსაციად 10.000 ეკუთვნის ოჯახს, პირდაპირ გეუბნებიან, ეს ფული რომ აიღო, ამას ორი-სამი ირემი უნდაო.


- რა ირემი?


- ერთი ირემი ათას ლარს ნიშნავს, ორი - ორი ათასს და ასე შემდეგ (ეტყობა, ეს პაროლი ერთლარიანზე გამოსახული ირმის გამო მოუვიდათ თავში. - ავტ.). ერთი სიტყვით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი, თავისივე ზონდერბრიგადის წევრი თეთრაშვილი ზონდერებსვე დააჭერინეს. ჩააწერინეს ერთ დევნილს თეთრაშვილის საუბარი და ეს უკანასკნელი ქრთამზე დააჭერინეს. სამინისტროს თანამშრომელს ფული მარტო ხომ არ უნდა ეჭამა? ესე იგი უფროსთან მიჰქონდა. დაიწყო თეთრაშვილთან საპროცესოზე მოლაპარაკებები იმ პირობით, თუ დაასახელებდა ზემდგომს, რომელთანაც ფული უნდა მიეტანა, მაგრამ ბასიშვილმა ვერ გაითვალისწინა, რომ კობა სუბელიანს გვერდით გიგი უგულავა უდგას. მოიკვლიეს, ვისგან მოდიოდა ეს ამბავი და უგულავამ იქით "აუღო აბაროტი" და ბასიშვილის 5 კაცი დააჭერინა. ამ 5 კაცში ერთი სწორედ ის იყო, ვინც თეთრაშვილის ლაპარაკი ჩაიწერა. აი, რაზე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება დღეს, ქვეყანა ვის დაჰკარგვია?



2009 წელი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი