logo_geo
5 დაავადება ქვიშიდან - ეს უნდა იცოდეთ!
- +

9 ივლისი. 2017. 02:26



რით შეიძლება დაავადდეს ბავშვი, რომელიც ქვიშაში თამაშობს და როგორ დავიცვათ თავი?


ქვიშაში თამაში ძალიან კარგია ბავშვისთვის - ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ ქვიშაში თამაშის ნება მისცენ ბავშვებს. თუმცა ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.


ქვიშაში თამაში უყვართ არა მარტო ბავშვებს, არამედ კატებსა და ძაღლებსაც. ქვიშაში მრავალრიცხოვანი პარაზიტები ბუდობენ. ერთ-ერთი მათგანი ენტერობიოზია.


ენტერობიოზი

ყველაზე გავრცელებული პარაზიტია ბავშვებში. დაინფიცირება ხდება ჭუჭყიანი ხელებიდან ენეტრობიოზის კვერცხით, რომელიც მოხვდება ბავშვის პირის ღრუში. ქვიშა ის ერთ-ერთი ადგილია (მრავალრიცხოვან  ადგილებს შორის), სადაც შესაძლოა მოხდეს დაინფიცირება. ღამე მდედრი ჭიები გამოდიან ანუსის ხვრელიდან და იქვე დებენ კვერცხებს, რაც იწვევს ადგილობრივად ქავილს და გაღიზიანებას. ქავილის შემდეგ კვერცხები გადადიან ხელზე. ადგილობრივი გაღიზიანების შედეგად ბავშვი ხდება ნერვული, ჭირვეულობს, ტირის და ცუდად სძინავს. ბავშვს აღენიშნება პერიოდული მუცლის ტკივილი, უქვეითდება მადა, ღამით - შარდის შეუკავებლობა.


პარაზიტის აღმოჩენა ხდება განავლის ანალიზით ჰელნმინთებზე.


ლამბლიოზი

ლამბლია - ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომელსაც აქვს მსხლის ფორმა. ქვიშაში ისინი ხვდებიან ცისტების სახით ძაღლისა და კატის ფეკალიებიდან. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს დაბინძურებული სათამაშოებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი მუდმივად იდებს ხელებს პირში. ლამბლიები წვრილი ნაწლავის ლორწოვანს მიეკვრებიან და იწყებენ საკვები ნივთიერებებით გამოკვებას, რის შედეგადაც ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. ლამბლიოზის გამოვლინება სხვადასხვაგვარად ხდება: როგორც სიმპტომების არარსებობით, ასევე დიარეით, ტკივილებით, მუცლის შებერილობით. შემდგომ დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში და პერიოდულად მწვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სანაღვლე გზების დისკინეზია და რეაქტიული პანკრიატიტი.

 

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი - ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომლის საბოლოო პატრონი კატაა, ხოლო შუალედური - ადამიანი. კატის ფეკალიებით ქვიშაში ხვდება ცისტები. მათ შეუძლიათ თვეობით ელოდონ თავის „პატრონს". ბავშვის დაინფიცირება ხდება ქვიშაში თამაშისას ჭუჭყიანი ხელის პირში ჩადებით.


ტოქსოპლაზმოზი შეიძლება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდეს. დაავადება უმრავლეს შემთხვევაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ქრონიკული ფორმა ხასიათდება: ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, მოთენთილობით, მეხიერების დაქვეითებით, ტკივილით სახსრებსა და გულის არეში, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, მხედველობის დაქვეითებით. გულის დაზიანების შემთხვევაში მომატებულია გულისცემა, ქვეითდება არტერიული წნევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების შემთხვევაში ბავშვი წონაში იკლებს, უქვეითდება მადა და აქვს გულისრევის შეგრძნება. მწვავე ფორმა გვხვდება იშვიათად. ძლიერ უარესდება საერთო მდგომარეობა, დიდდება ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, კანზე აღინიშნება გამონაყარი. შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ანთება - ენცეფალიტი. მწვავე ტოქსოპლაზმოზი მიმდინარეობს მძიმედ - ეპილეფსიური გამოვლინებებით, ინტელექტის დაქვეითებით, და ჰიდროცეფალიით. მკურნალობა ტარდება მიკრობის საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებით და ინიშნება იმუნო თერაპია.


ტოქსოკაროზი

ტოქსოკარი - პარაზიტია, რომლის სიგრძე 4-დან 18 სანტიმეტრამდე მერყეობს. ბინადრობს ძაღლის კუჭსა და წვრილ ნაწლავში. მდედრი დღე-ღამის განმავლობაში 200 ათას კვერცხს დებს. კვერცხები გამოდიან ძაღლის ორგანიზმიდან ფეკალიებთან ერთად. დაინფიცირება ხდება შარდით ან ფეკალიების მოხვედრის შემდეგ, ქვიშაში სადაც თამაშობს ბავშვი. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად. იმისდა მიხედვით რომელ ორგანოში მოხვდებიან პარაზიტები ვითარდება ბრონქიტი და ბრონქოპნევმონია, დიდდება ღვიძლი და ლიმფური ჯირკვლები. ადგილი აქვს გულისრევას, დიარეას და ღებინებას. გულის დაინფიცირების შემთხვევაში ვითარდება მიოკარდიტი. თვალის ტოქსოკაროზის დროს უარესდება მხედველობა.


უმრავლეს შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. მკურნალობა ტარდება ანტიჰელმინთური პრეპარატებით.


ასკარიდოზი

ასკარიდა - მსხვილი ჭიაა, რომლის სიგრძე 15-40 სმ. მდეა. მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ბავშვები. ხშირია შემთხვევები, როდესაც პარაზიტის კვერცხებს პოულობენ ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო ქვიშაში.


წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ კვერცხიდან იჩეკება ჭია, რომლებიც გაღრნიან მის კედელს და შეაღწევენ სისხლძარღვში. სისხლის ნაკადით ისინი ხვდებიან ფილტვებში, ბრონქებში, ტრაქეასა და ცხვირ-ხახაში. ბავშვი ისევ გადაყლაპავს მათ და ჭია ისევ ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც უკვე იწყებს ზრდას. დაავადების დასაწყისში ჩნდება ალერგიული სიმპტომები. ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია უცხო "სტუმრის"მოხვედრის შემდეგ ორგანიზმში. ბავშვი ხდება მოთენთილი, გაღიზიანებული, სხეულის ტემპერატურა იმატებს, ბავშვს აღენიშნება სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გამონაყარი, ბრონქიტის ნიშნები. დიდდება ღვიძლი და ელენთა.


პირველ ეტაპზე თავს იჩენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: მადის მომატება ან დაქვეითება, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა. თუ ასკარიდა გამრავლდა, შეიძლება ნაწლავის გაუვალობა გამოიწვიოს, გაღრღნას ნაწლავის კედელი და აპენდიციტი გამოიწვიოს, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.


როგორ დავიცვათ ბავშვი?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება - არ არის მიზეზი იმისა, რომ ბავშვი საერთოდ არ გავუშვათ სათამაშოდ ქვიშაში. საჭიროა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. პირველ რიგში არ მიუშვათ ბავშვი ქვიშაში სათამაშოდ, თუ მასში შეამჩნიეთ ცხოველის ექსკრემენტები. თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს ეზოში ხელით მოუწყოთ ბავშვს ქვიშის ყუთი, გაუკეთეთ თავსახურიც.


თუ სახლში გყავთ შინაური ცხოველი, მიეცით ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალება და ეცადეთ, რომ ცხოველი სათამაშო ზონაში არ შევიდეს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ქუჩაში თამაშის დროს ბავშვმა არ ჩაიდოს ხელები და სათამაშოები პირში. მიაჩვიეთ და გააკონტროლეთ ეზოდან დაბრუნების შემდეგ ხელების საპნით დაბანის აუცილებლობა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი