logo_geo
ხომალდი New Horizons-ი კოიპერის სარტყლის ყველაზე იდუმალი ობიექტის შესასწავლად ემზადება
- +

12 ივლისი. 2017. 21:15



NASA-ს კოსმოსური ზონდი New Horizons-ი, რომელმაც 2015 წელს პლუტონს გადაუფრინა და კაცობრიობა ამ ჯუჯა პლანეტის საუკეთესო ხედებით მოამარაგა, ამჟამად შეუპოვრად მიაპობს თვალუწვდენელ სივრცეს მზის სისტემის გარე მისადგომებში და ყინულოვან სხეულ MU69-თან პაემანზე მიეშურება.


ხომალდს ამ სხეულამდე მისაღწევად კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდება. გადაფრენა 2018 წლის 31 დეკემბერს ან 2019 წლის 1 იანვარს შედგება, შესაბამისად, ზონდი ამჟამად ძირითადად უმოქმედოდაა, რათა ენერგია დაზოგოს. 


მაგრამ ამავე დროს, დედამიწაზე მყოფი მეცნიერები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეაგროვონ MU69-ს შესახებ, სანამ New Horizons-ი მასთან მიაღწევს. 


MU69 მდებარეობს კოიპერის სარტყელში - ნეპტუნს გადაღმა რეგიონში, რომელიც სავსეა მოსრიალე პატარა სხეულებით. ეს რეგიონი მზიდან იმაზე 30-50-ჯერ მეტადაა დაშორებული, ვიდრე დედამიწა. გარკვეულწილად, წააგავს მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელს. თუმცა, კოიპერის სარტყლის ობიექტები გაცილებით უფრო ყინულოვანია, ვიდრე მზესთან ახლოს მდებარე კლდოვანი ასტეროიდები.


MU69-ის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. აღმოაჩინეს 2014 წელს, როდესაც ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი კოიპერის სარტყლისკენ მიმართეს, რათა პლუტონს გადაღმა ეპოვათ რაიმე საინტერესო, რომელსაც შემდეგ New Horizons-ი მიუახლოვდებოდა და უკეთესად შეისწავლიდა.


მანამდე, ასტრონომებს MU69-ის საკმაოდ კარგად დანახვა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ის შორს მდებარე რომელიმე ვარსკვლავის ფონზე ჩაივლის. ამ მოვლენის დროს, რომელსაც ვარსკვლავის დაბნელება ეწოდება, ვარსკვლავის შუქის ცვლილების გზით შესაძლებელია დადგინდეს MU69-ის ზომა და ასევე, არის თუ არა მის გარშემო კოსმოსური ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა საფრთხე იყოს New Horizons-ისთვის.


პირველი ასეთი დაბნელება მიმდინარე წლის 3 ივნისს მოხდა. ამ დღეს, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან 50-ზე მეტი ტელესკოპი მიმართეს, რათა დაკვირვებოდნენ ამ ციცქნა ობიექტის თითქმის შეუმჩნეველ ჩრდილს. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელება მხოლოდ 2 წამს გრძელდებოდა, ამ მომენტში, ყველა ტელესკოპმა ერთად, MU69-ის გარშემო სივრცეს 100 000-ზე მეტი ფოტო გადაუღო.


მიუხედავად იმისა, რომ უკანა ფონზე მდებარე ვარსკვკლავი ჩაბნელდა, ასტრონომებმა ვერ შესძლეს რაიმე სახის პირდაპირი დაკვირვება უშუალოდ MU69-ზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის გაცილებით უფრო პატარაა, ვიდრე მკვლევრებს მიაჩნდათ - დაახლოებით 18-41 კილომეტრის სიგანის. ასევე შესაძლებელია, რომ MU69 სინამდვილეში პატარა ობიექტთა გროვა იყოს და არა ერთი ობიექტი.


კიდევ ერთი დაბნელება 17 ივლისს მოხდება და ამჯერად, NASA დაკვირვებებს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპითა და სამხრეთ არგენტინაში მდებარე მძლავრი ტელესკოპებით გეგმავს.


სანამ New Horizons-ი ობიექტს მიუახლოვდება, ჯგუფი ცდილობს შეაგროვოს ყველა საჭირო ცნობა, რაც ხომალდს კვლევას ბევრად გაუადვილებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი