logo_geo
აშშ-ის ზომის კოლონიის შესანახად ტიტანს საკმარისი ენერგია აქვს
- +

12 ივლისი. 2017. 22:42



თუკი გავბედავთ და ჩვენი მშობლიური პლანეტიდან კოსმოსში კოლონიების მშენებლობისათვის გავემართებით, ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, რაც ამ პროცესში დაგვჭირდება, არის ენერგია. როგორც ახალი კვლევა მეტყველებს, სატურნის უდიდეს მთვარეს - ტიტანს, ეს ენერგია უხვად აქვს. 


მკვლევართა განცხადებით, რეალურად, ტიტანს აქვს საკმარისი ენერგორესურსები იმისათვის, რათა თავისუფლად ეყოს მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობას; მათ შორისაა ბირთვული ენერგია, მზის ენერგია, ქარისა და ჰიდროენერგია.


მსგავს დასკვნამდე მისასვლელად, პლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარმა ამანდა ჰენდრიქსმა და კალიფრონიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა იუკ იუნგმა გამოიყენეს ყველა ის დეტალი, რაც ტიტანის შესახებ ვიცით და მათემატიკური გათვლები, რომლებიც დედამიწაზე არსებულის მსგავს ტექნოლოგიებს ეფუძნება.


„იქიდან გამომდინარე, რომ რეაქტიული ძალის პრობლემა დაძლეულია, რაც ადამიანებს ძალიან დიდ მანძილზე სწრაფად მოგზაურობის საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი რადიაციული საფრთხის გარეშე, სატურნის მთვარე ტიტანი ოპტიმალური ადგილია მზის სისტემაში,  დედამიწის მიღმა ადამიანთა დასახლებისათვის", - წერენ მკვლევრები.


ამ დასახლებას მოუწევს საკუთარი თავი თავადვე შეინახოს, რადგან ტიტანი დედამიწიდან 1,3 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. გარდა ამისა, მას ასევე აქვს პოტენციალი, რათა გამშვებ პუნქტად გამოვიყენოთ უფრო ღრმა კოსმოსის მისიებისათვის.


ადრეულმა რობოტულმა მკვლევრებმა შესაძლოა ენერგიის წყაროდ ბირთვული ძალა და რადიოაქტიური დაშლა გამოიყენონ, რაც ალბათ ადამიანების შემთხვევაშიც გამართლებული იქნება, თუკი საკმარისი აღჭურვილობა გვექნება ამ მთვარეზე სადგურის გახსნისა და წიაღისეულის მოპოვებისათვის.


ამ დროისათვის, ტიტანის გეოლოგია იდუმალებითაა მოცული, რის გამოც შეუძლებელია ბოლომდე დარწუმენებით იმის თქმა, რომ იქ ბირთვული ძალა იმუშავებს.


დანამდვილებით ვიცით, რომ ტიტანი სავსეა მეთანის თხევადი ოკეანეეებით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც რაკეტათა საწვავად, ისე ჰიდროელექტრული ძალის სახით. 


ექსპერტებმა ტიტანზე მძლავრი მიქცევა-მოქცევები შენიშნეს, რაც სატურნის უზარმაზარი გრავიტაციითაა გამოწვეული. ყველა ეს მიქცევა-მოქცევა მიემართება პატარა არხში, რომელსაც სელდონ-ფრეტუმს ან კრაკენის ზღვის ყელს უწოდებენ.


„კრაკენის ყელი ზუსტად გიბრალტარის სრუტის მსგავსია", - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი რალფ ლორენცი New Scientist-თან საუბრისას.


„დარწმუნებული ვართ, რომ ყოველდღიურად ტიტანზე წინ და უკან სითხის ძალიან ძლიერი ნაკადი მოძრაობს. თუ გსურთ საიმედო ძალა, რომელზე წვდომაც შესაძლებელი იქნებოდა, მე სწორედ აქ, ტიტანზე წავიდოდი".


მიუხედავად იმისა, რომ ტიტანი მზიდან 10-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დედამიწა, ახალი კვლევის მიხედვით, მზის ენერგია იქ მაინც საკმარისია, თუკი მზის პანელების დამონტაჟება შეგვეძლებოდა.


ტიტანის ყველაზე კაშკაშა დღე დედამიწის ბინდის მსგავსია, მაგრამ როგორც ჰენდრიქსი და იუნგი ფიქრობენ, აშშ-ის ტერიტორიის ზომის მზის სადგური საკმარისი ენერგიით მოამარაგებდა 300 მილიონზე მეტ ადამიანს.


რაც შეეხება ქარის სადგურებს, როგორც 2004 წელს ტიტანზე დამჯდარმა ზონდმა ჰიუგენსმა გაზომა, ამ მთვარის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ისინი საკმაოდ ძლიერია. ამ დროისათვის, არ გაგვაჩნია ტექნოლოგიები, რომლითაც ამ სიმაღლეზე მოტივტივე ქარის ტურბინებს ავაგებდით.


აღსანიშნავია, რომ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენ აქ, დედამიწაზე გვაქვს, მაგალითად მზის პანელებსა თუ ქარის ტურბინებს, სხვა პლანეტებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია-გაუმჯობესება ესაჭიროება.


მართალია, ტიტანი სავსეა ნახშირწყალბადების საწვავით, მაგრამ ჟანგბადის ნაკლებობის გამო, მათი გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან შეუძლებელი იქნება წვა. შესაბამისად, ტიტანზე ბაზის გასახსნელად სხვა რაიმეს მოფიქრება მოგვიწევს.


კვლევის ავტორები აღიარებენ, რომ მუშაობისას მათ არ გაითვალისწინეს რამდენიმე დეტალი - ამ ეტაპზე, ტიტანის შესახებ არც თუ ისე ბევრი ვიცით, მაგრამ მათი ნაშრომი ძალზედ გამოსადეგი პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის მიზანიც სატურნის უდიდესი მთვარის სიცოცხლისათვის ვარგისად ქცევაა.


გასახარი კი ისაა, რომ როგორც ადრეული ნიშნებიდან უკვე ირკვევა, ტიტანს საკმარისი ბუნებრივი რესურსები აქვს, რათა გულუხვად გვიმასპინძლოს.


„ტიტანის ტემპერატურა, გრავიტაცია და ქარი მიუთითებს, რომ ენერგიის წარმოების გამოსავლიანობა იქ დედამიწაზე დაბალი იქნება, მაგრამ როგორც მისი ბუნებრივი რესურსებით სიუხვე მიუთითებს, ამ მთვარეზე ენერგიის წარმოება ძლიერ შესაძლებელია", - ასკვნიან მკვლევრები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი