logo_geo
შეიძლება თუ არა ტურბულენტობის გამო თვითმფრინავი ჩამოვარდეს?
- +

23 ივლისი. 2017. 22:18


 

 

ტურბულენტობა რა არის?


ფიზიკური მოვლენაა, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით, გამოცდილი აქვს ყველა ადამიანს, ვისაც თვითმფრინავით უმგზავრია. თვითმფრინავი უცებ იწყებს რყევას და ზანზარს, როგორც ცუდ გზაზე მიმავალი ავტომანქანა. ტურბულენტობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო წარმოიქმნას. მაგალითად, როდესაც თვითმფრინავი მოქუფრულ ღრუბელში ხვდება. ასეთ ღრუბელში წყლის ორთქლი წვეთებად გადაიქცევა და ქმნის ენერგიას, რომელიც ჰაერს აცხელებს; გამთბარი ჰაერის ნაკადები თვითმფრინავს არწევს. რადარებს ასეთი სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა შეუძლიათ, თავად პილოტებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ღრუბლებს, თუ ხვდებიან, რომ თვითმფრინავმა შეიძლება რყევა დაიწყოს.


როგორ წარმოიქმნება ტურბულენტობა?


ზოგჯერ ტურბულენტობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავისგან მომავალი ჰაერის ნაკადებში ექცევა, იმ ლაინერების, რომელმაც მანამდე გაიფრინეს. ასეთი რამ აეროპორტების სიახლოვეშიც ხდება. მსგავსი სიტუაცია რთულია უფრო მცირე ზომის თვითმფრინავებსთვის, რომლებიც დიდების უკან მიფრინავენ. არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც პილოტებს და დისპეჩერებს ასეთი სიტუაციებისთვის თავის არიდება შეუძლიათ. 


მოწმენდილი ცის ტურბულენტობის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ასეთი ტურბულენტობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰაერის ორი ნაკადი გადაიკვეთება, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ხშირად ეს დიდ სიმაღლეზე ხდება ჰაერის მდგრად ნაკადებთან ახლოს, რომლებიც ზღვის დინებებს, გოლფსტრიმს ჰგავს, ოღონდ ცაში. როდესაც პილოტები ასეთ ტურბულენტობას გადააწყდებიან, ისინი ამის შესახებ სხვა თვითმფრინავების ეკიპაჟებს აფრთხილებენ, რომ ამ უკანასკნელებმა გაითვალისწინონ.


ტურბულენტობა ხშირი მოვლენაა?


მუდმივი. მაგრამ, როგორც წესი, ტურბულენტობა იმდენად სუსტია ხოლმე, რომ მგზავრები მას განსაკუთრებით ვერც გრძნობენ. ძლიერი ტურბულენტობა გაცილებით იშვიათად წარმოიქმნება.


შეიძლება რომ თვითმფრინავი ტურბულენტობის გამო ჩამოვარდეს?


თეორიულად კი, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. თანამდროვე თვითმფრინავები ძალიან ძლიერ ტურბულენტობასაც გაუძლებენ. ბოლო შემთხვევა, როდესაც ტურბულენტობის ზონაში მოქცეულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, 16 წლის წინ, 2001 წლის 12 ნოემბერს მოხდა, ისიც პილოტის შეცდომის გამო.

 

ხშირად შავდებიან მგზავრები ტურბულენტობის გამო?


არა. მაგალითად, ტრანსპორტის უსაფრთხოების ამერიკული ნაციონალური საბჭოს (NTSB) მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში ტრავმებს ტურბულენტობის გამო იღებს დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებიც ფრენის დროს ღვედებს არ იმაგრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში ამერიკულ კომპანიებს ასობით მილიონი მგზავრი გადაჰყავთ, 60 შემთხვევა - საკმაოდ ცოტაა.


1980 წლიდან 2008 წლამდე ტურბულენტობის გამო სერიოზული ტრავმები მიიღო 298 ადამიანმა, 3 - დაიღუპა. დაშავებულთა უმრავლესობა ეკიპაჟის წევრი იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. AirSafe-ის მონაცემებით, 1980 წლის შემდეგ, მსოფლიოში, ტურბულენტობის დროს მიღებული მძიმე ტრავმების გამო, 6 მგზავრი დაიღუპა. AirSafe-ის სტატისტიკა არ მოიცავს იმ თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომლებიც შექმნილი ან აწყობილია პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე.  


ტურბულენტობით გამოწვეული ტრავმის რისკის შემცირება შეიძლება?


დაიმაგრეთ ღვედი. და მთელი ფრენის განმავლობაში არ მოიხსნათ. ხელის ბარგი მხოლოდ სპეციალურ თაროზე შეინახეთ და არ დაგავიწყდეთ მისი დახურვა - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ან სხვას შეიძლება მოხვდეს ჩემოდანი. სალონის გასასვლელში გავლისას ხელი მოკიდეთ სავარძლებს ან ბარგის თაროებს. და არავითარ შემთხვევაში არ ჩაისვათ კალთაში ბავშვები. თქვენ ვერ შეძლებთ მათ დაჭერას მკვეთრი რყევის დროს. ყურაღებით უსმინეთ ეკიპაჟის გაფრთხილებებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი