logo_geo
მეცნიერები: ბედნიერების ყიდვა ნამდვილად შესაძლებელია, თუ ფულით თავისუფალ დროს იყიდით!
- +

27 ივლისი. 2017. 21:03


 


როგორც ახალი კვლევა ამტკიცებს, ფულის ხარჯვას ნამდვილად შეუძლია ჩვენთვის ბედნიერების მოტანა, თუკი მას უფრო ბევრი თავისუფალი დროის შესაძენად ვხარჯავთ. 


მართალია ის ჩვენი უწესრიგო ცხოვრების ნიშანია, მაგრამ როგორც კვლევამ დაადგინა, ფულით დროის ყიდვა იმაზე უფრო კარგად გვაგრძნობინებს თავს, ვიდრე მატერიალური ნივთების შეძენა.


მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 6271 ადამიანი გამოჰკითხა აშშ-ის, კანადის, დანიისა და ნიდერლანდების მასშტაბით და შედეგად, ერთნაირი კავშირები იპოვა დროის ყიდვასა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის, მიუხედავად შემოსავლების მთლიანი მაჩვენებლისა.


„ალბათ ზარმაცები გვგონია ის ხალხი, ვინც სახლის დამლაგებელს ან გაზონის ბალახის მთიბავს ქირაობს", - ამბობს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის უფროსი მკვლევარი ეშლი ვილანსი. „მაგრამ როგორც ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, დროის ყიდვას ზუსტად იგივე სარგებელი აქვს ბედნიერებისთვის, როგორც ბევრი ფულის ქონას".


კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, ხარჯავდნენ თუ არა ფულს საკუთარი თავისათვის თავისუფალი დროის შესაძენად და თუ ეს ასე იყო, რამდენს ხარჯავდნენ თვეში. მათ ასევე ჰკითხეს, რამდენად კმაყოფილნი იყვნე თავიანთ ცხოვრებით და როგორ მოქმედებდა მათზე დარჩენილი დრო.


როგორც გაირკვა, ისინი, ვინც ფულს დროის გამოსათავისუფლებლად ხარჯავდნენ, ცხოვრებით ძალიან კმაყოფილნი იყვნენ, ნაკლებად მოქმედებდა მათზე დრო და ჰქონდათ უკეთესი განწყობა. 


„დროის ყიდვით სარგებელს მხოლოდ შეძლებული ხალხი არ იღებს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ასეთი ეფექტები შესაძლოა იმ ხალხისთვის არ ყოფილიყო, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ეფექტები ერთი და იგივეა შემოსავალთა მთელი სპექტრისათვის", - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ელიზაბეთ დუნი.


მკვლევრებმა ასევე ჩაატარეს საველე ტესტი: ვანკუვერში, 60 ადამიანს ერთ შაბათ-კვირას 40$-ის დახარჯვა დროის დაზოგვის მიზნებისთვის სთხოვეს, მეორე შაბათ-კვირას კი იგივე ოდეობის თანხით მათ მატერიალური ნივთები უნდა ეყიდათ.


როგორც გაირკვა, ისინი უფრო ბედნიერი იყვნენ, როცა ფულს რაღაც ისეთზე ხარჯავდნენ, რაც დროს უთავისუფლებდათ, ვიდრე რაიმე მატერიალურის ყიდვისას. 


აღსანიშნავია, რომ როგორც კიდევ ერთმა წინა კვლევამ დაადასტურა, ადამიანებს უფრო მეტ ბედნიერებას მეტი თავისუფალი დრო ანიჭებს, ვიდრე ბევრი ფული. შესაძლოა ეს გლობალური საზოგადოების ნიშანიც იყოს, რომელიც უფრო და უფრო მდიდარი, მაგრამ ამავე დროს დაკავებული ხდება.


ასევე ხელთ გვაქვს კიდევ ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბედნიერება, რომელსაც ფულის ხარჯვა გვანიჭებს, დამოკიდებულია ჩვენს პიროვნებაზე, შესაბამისად, ალბათ უადგილოა ყველაფრის ერთ სტანდარტზე მორგება. 


ახალმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან ცოტა ჩვენგანი ხარჯავს ფულს დროის დაზოგვაში. იგივე კვლევის ფარგლებში 818 მილიონერს ხარჯვის ჩვევების შესახებ ჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ მათგან თითქმის ნახევარი ფულს საერთოდ არ ხარჯავდა დროის დაზოგვის ამოცანებში.


გარდა ამისა, 98 დასაქმებულ ადამიანს ჰკითხეს თუ როგორ დახარჯავდნენ ისინი მოულოდნელად ნაჩუქარ 40$-ს; დროის დაზოგვაში ფულის დახარჯვა მხოლოდ მათმა 2%-მა არჩია.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ამოცანათა დელეგირება და ჩვენი თავისთვის უფრო ბევრი დროის გამოყოფა კარგია ჩვენი კმაყოფილების შეგრძნებისთვის, ამის გაკეთების სურვილი ყველა ჩვენგანს მაინც არ აქვს.


მიუხედავად იმისა, რომ დროის ყიდვას შეუძლია გარკვეული ბუფერის როლი შეასრულოს ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის მიერ მიყენებული სტრესის წინააღმდეგ, ამას მაინც ცოტა ადამიანი აკეთებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ამის ფუფუნება აქვთ.


მკვლევართა განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამლაგებელს ფულს ვუხდით ან შოპინგის შინ მიტანის სერვისით ვსარგებლობთ, ალბათ ის არის, რომ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ დროს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი