logo_geo
„არც ერთი ნაბიჯი უკან!“ - როგორ დაიცვა სტალინმა კავკასიონი „ნაცისტებისგან“
- +

6 დეკემბერი. 2016. 00:07



მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერის უშუალო ბრძანებით იალბუზის დაპყრობა და ქედის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ კონრადის მეთაურობით.


საბრძოლო დავალება ასეთი იყო: პირველი _დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე; მეორე _ ოსეთის სამხედრო გზით ქუთაისზე; ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „ედელვაისი".


კრემლში კი კავკასიის შვილი სწორედ კავკასიონის რუკას დაჰყურებდა და მისი გადარჩენის სტრატეგიას ამუშავებდა. მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა; ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი - სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.


დგომარეობა კავკასიაში, - წარმოთქვა სტალინმა,- სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი.


ღამის 12 საათი იყო, როდესაც ბერიას კაბინეტში შევედი, ყვება ვარლამ ქაქუჩაია, (შინაგან საქმეთა კომისარიატის #4 სპეციალური სამმართველოს უფროს პავლე სუდოპლატოვის მოადგილე,) ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ნორმალურად თუ ვიყავი ჩაცმული და მითხრა: „სასწრაფოდ კრემლში _ სტალინთან". რამდენიმე წუთში სტალინის კაბინეტის კარი პირველად შევაღე და იქვე გავჩერდი. მკითხა: „სად იყავით დღეს, რას აკეთებდით, რა ნახეთო". დაწვრილებით მოვუყევი იმ ნაწილების საფრონტო განწყობის შესახებ, რაც ჩემი თვალით ვნახე.


- თუ იცით, რატომ გამოგიძახეთ? - მკითხა სტალინმა.

-არა, - ვუპასუხე მე.


კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.

- მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა.

- უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ, - ღიმილით შემისწორა და განაგრძო, - ხვალ, დილის 5 საათზე, ჩემი თვითმფრინავითა და მფრინავით გაფრინდებით თბილისში, თქვენი ხელმძღვანელი იქნება ბერია. შემდეგ ხელი ჩამომართვა და გამომემშვიდობა.

 

ქართველ მებრძოლთა ბრძოლის ყიჟინა აყრუებდა ჭიუხებს, მათ უკვე შეიტყვეს მაშველი ძალისა და კავკასიის დასაცავად მეორე სტალინის - ბერიას ჩამოსვლის ამბავი, ყველა დანაყოფის უფროსი ქართველი იყო (კონსტანტინე ლესელიძე, გიორგი ყურაშვილი, ისიდორე სილაგაძე).


მახსოვს, სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: „როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშაო".


როგორც ყოველთვის, სტალინის სიტყვას საქმე მოჰყვა. გაიცა განკარგულება კავკასიონზე 4 000 სახედრისა და 1 000 სახედრის გამყოლის გადაყვანის თაობაზე; აგრეთვე, 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დაემზადებინათ სპეციალური თბილი ქსოვილი ალპინისტებისთვის, დაემზადებინათ 15 000 წერაყინი, 2 000 კლდის ჩაქუჩი, 50 000 წრიაპი, კავი, ალპინისტური წნული და გრეხილი თოკი, 1 600 000 ტრიკონი _ ფეხსაცმლის ლანჩაზე დასაჭედებელი სამკბილა. დავალება 1 ოქტომბრისათვის შესრულებული იყო და აღჭურვილობა გაიგზავნა ფრონტზე.


ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. ჰიტლერელებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისათვის ესეოდენ საჭირო „ქართული ლეგიონი", რომელიც მდინარე ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული. ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. „ბლაუ III" ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, სადაც ეწერა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. „კავკასიური ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!" - ისტერიულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა, რომელიც მუსრს ავლებდა ყველას და ყველაფერს.


კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო. 5 დღის შემდეგ კი სტალინმა, 1942 წლის 28 ივლისს, გამოსცა ბრძანება # 227, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. სტალინმა ბრძანებაში მიუთითა: „ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო რესურსი ჯარისა და ხალხის გამოკვებისა, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ჩვენი ჯარები პოზიციურად იხევდნენ უკან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი - არც ერთი ნაბიჯი უკან!"

ძალიან მძიმე დღეების შემდეგ, ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სტალინური გენიის ნაყოფია, რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაშია შესული, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.


ომის შემდეგ რიწის ტბაზე სტალინთან ერთად ბაღში ვსეირნობდით, - წერს თავის მემუარებში აკაკი მგელაძე, - მან დიდი სიამაყითა და სიყვარულით გაიხსენა სახელოვანი მარშლები: ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი და მათ შორის მოიხსენია კონსტანტინე ლესელიძეც. მომიბრუნდა და მითხრა: „მე მას ფრონტის სარდლობა შევთავაზე, არ დამთანხმდა".

 

აკაკი მგელაძის მემუარები



 

big_banner
არქივი