logo_geo
პლანეტის 5 ღირსშესანიშნაობა, რომელიც დღეში ორჯერ იცვლება
- +

16 აგვისტო. 2017. 02:17

დედამიწაზე ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა სანახავად სწორი დრო უნდა შეარჩიოთ. საქმე ის არის, რომ ზოგი ღირსშესანიშნაობა წყლითაა დაფარული და მათი დანახვა მხოლოდ მიქცევის დროს შეიძლება... 

 

კუნძული მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი



საფრანგეთში ნორმანდიულ მონ-სენ-მიშელის მონასტერ-სიმაგრეს ტურისტები, პარიზისა და ვერსალის შემდეგ, ყველაზე ხშირად სტუმრობენ. ასეთი პოპულარობის მიზეზი მხოლოდ სიმაგრის სილამაზე არ არის. წელიწადში ორჯერ ყველაზე დიდი მოქცევის დროს მონ-სენ-მიშელი კუნძულად იქცევა ხოლმე. ამ დროს წყლის დონე 10 მეტრით მატულობს და მონასტერში მოხვედრა მხოლოდ ნავით შეიძლება. მოქცევის შემდეგ ზღვა 25 კილომეტრით უკან იხევს და მონ-სენ-მიშელში ტურისტები უკვე ფეხით მიემართებიან.


ქვიშის ისარა მანჯუიოდი, ფილიპინები



მანჯუიოდს თეთრი ქვიშისა და ზღაპრული პეიზაჟების გამო ხშირად ფილიპინების მალდივებსაც უწოდებენ. ქვიშის ისარა ზღვის გასწვრივ შვიდ კილომეტრზე გრძელდება, მაგრამ მხოლოდ მიქცევის დროს. მოქცევისას ყველაფერი წყლით იფარება, ამიტომაც ისარაზე სახლები მაღალ ხიმინჯებზეა აგებული. ეს რომანტიკისთვის გაღებული მსხვერპლი კი არა, მწარე აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზღვა სახლებს ჩარეცხავს. სახლებამდე მისვლა მხოლოდ კაიაკებით ანდა პადლბოტებით შეიძლება.


გზა პასაჟ-დიუ-გუამდე, საფრანგეთი



პასაჟ-დიუ-გუა - ეს საფრანგეთში ბურნიეფის ყურეში მდებარე გზაა. ის კუნძულ ნუარმუტიეს ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან აერთიანებს. ამ გზაზე გავლა დღეში მხოლოდ ორჯერ შეიძლება. მიქცევის დროს პასაჟ-დიუ-გუა ორი საათის განმავლობაშია გახსნილი. სხვა დროს მას 4-მეტრიანი წყლის ფენა ფარავს. თუმცა მიქცევის დროსაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან წყალი ძალიან სწრაფად მატულობს. შეიძლება მისი გავლა ვერ მოასწროთ და წყლის ხაფანგში მოემწყვდეთ.


კათედრალური ტაძრების პლაჟი, ესპანეთი



წმინდა წყლების პლაჟი ანდა კასტილიური პლაჟი - ევროპის ამ ულამაზეს პლაჟს ბევრი სახელი აქვს. მაღალი კლდეები და ქვის თაღები გოთურ ტაძრებს ჰგავს, მათი არქიტექტორი კი თავად ზღვაა. პლაჟი მხოლოდ მიქცევის დროს ჩანს. დანარჩენ დროს ეს ადგილი გამჭვირვალე წყლითაა დაფარული და მიდამოც ტროპიკულ ლაგუნასავით გამოიყურება.


ქანდაკებათა ჯგუფი „მოქცევა“, დიდი ბრიტანეთი



ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ახალი ტურისტული ობიექტი გაუჩნდათ. პარლამენტის შენობის ახლოს უჩვეულო ქანდაკებათა ჯგუფს ნახავთ. თემზას ნაპირას ოთხი მხედარი დადგეს, რომელთა ცხენებს, თავების მაგივრად, ნავთობის ტუმბოები აქვთ - ეს კლიმატის ცვლილებაზე ალეგორიულად მიგვანიშნებს. მართალია, ინსტალაციას „მოქცევა“ ეწოდება, მაგრამ მისი სრულად დანახვა მხოლოდ მიქცევის დროს შეიძლება. სხვა დროს წყლიდან მხოლოდ „სამრეწველო აპოკალიფსის მხედრების“ თავები ჩანს, ეს, ავტორის აზრით, ბუნების გამარჯვებაზე მიუთითებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი