logo_geo
თბილისის ყველაზე თვითნებურად დაგეგმილი და „ნახალნად“ გაშენებული უბანი...
- +

17 აგვისტო. 2017. 20:30


 

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს:


თბილისში ზოგიერთი ძალიან ხშირად, ზოგიც იშვიათად მგზავრობს მეტროთი, თუმცა ის ყველაზე სწრაფ სამგზავრო საშუალებად ითვლება და ალბათ ადამიანი არ არსებობს, ვისაც ერთხელ მაინც არ უმგზავრია ამ მიწისქვეშა ტრანსპორტით. მეტროს თბილისის პირველი ხაზი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ექვსი სადგურისაგან შედგებოდა. ამჟამად კი მეტროპოლიტენში 2 ხაზი, 1 მშენებარე და 21 მოქმედი სადგურია. ბუნებრივია თითოეულ მათგანს თავის სახელწოდებები აქვს. ვინ იცის, რამდენჯერ გვსმენია ფრაზა: "შემდეგი გაჩერება ნაძალადევი"... ეს მეტროსადგურიც პირველი ხაზის მშენებლობის დასრულებისთანავე გაიხსნა სახელწოდებით "ოქტომბერი", მოგვიანებით სახელი იცვალა და დღემდე ზოგიერთისთვის უცნობია, რას წარმოადგენს ეს დასახელება.


თბილისის ამ უბანში ხალხმა დასახლება XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. წლების განმავლობაში ნაძალადევი ერთ-ერთ ყველაზე დაუგეგმავ და ქაოსურად გაშენებულ უბნად ითვლებოდა, ვინაიდან რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა დაუკითხავად, თვითნებურად, შეიძლება ითქვას ნაძალადევადაც კი აშენებდნენ მცირე ზომის სახლებს. ქალაქის მმართველობა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. ამის გამო 1905 წელს ხელისუფლებამ ამ უბანს "ნაძალადევი", რუსულად კი "ნახალოვკა" შეარქვა.


ნაძალადევის დასახლება თბილისი-ფოთის (1872 წელს) და თბილისი-ბათუმის (1883 წელს) სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყო. პირველად ხალხი დიდუბისა და სადგურის მიდამოებში დასახლდა. იმ დროს რკინიგზის გადაღმა მხარე ჯერ კიდევ დაუსახლებელი იყო და მოსახლეობა ამ მიდამოებს საქონლის საძოვრად, პურისა და ქერის სათესად იყენებდა. აქედანვე გადიოდა გზა ავჭალისა და თიანეთისკენ, რომელზეც კანტიკუნტად თუ გაივლიდნენ ურმები. როდესაც დიდუბისა და სადგურის უბნებში ქოხმახები ჩაიდგა და თავისუფალი მიწის ნაკვეთების შოვნა გაძნელდა, ნაძალადევში ხალხმა მასობრივად იწყო მიწევის "დატაცება".


ამ ადგილის "ათვისებას" განსაკუთრებით შეუწყო ხელი რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ხაშურიდან თბილისში გადმოტანამ და 1883 წელს ბაქო-თბილისის რკინიგზის გახსნამ. ნაძალადევის პირველი მოსახლენი იყვნენ თბილისის კვანძის რკინიგზელები, რომლებიც შეიძლება ითქვას, თავადვე აგეგმარებდნენ კვარტალებს და ქუჩებსაც სახელებს თვითნებურად არქმევდნენ. ეს აშფოთებდა ქალაქის ადმინისტრაციას. მიუხედავად სასტიკი ბრძანებისა და აკრძალვებისა, სამართალდამცავები ვერ ასწრებდნენ პატარ-პატარა ქოხმახების დანგრევას, რომლებიც უკაცრიელ ადგილებში ღამის საათებში შენდებოდა. აქ მცხოვრებ რკინიგზელებს, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად, სტიქიასა და ნადირთან ბრძოლაც უწევდა: წვიმის დროს მოსაზღვრე მთის კალთებიდან ნიაღვრები ჩამოედინებოდა, ღამღამობით კი ირგვლივ მგლები და ტურები დაიარებოდნენ. ნაძალადევის ქუჩებზე ღამით ძალიან ბნელოდა, მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, არსად იყო ქვაფენილი, წყალსადენი, კანალიზაცია. მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობდა.


აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ისტორია ამ უბნის ცხოვრებიდან. 1910 წელს გამოცემულ თბილისის გეგმაზე აღნიშნულია, რომ ამავე წელს ნაძალადევის ერთ-ერთ ქუჩასა და მის შესახვევს რუსთაველის სახელი ერქვა. 1918 წელს, როცა ქართველი მწერლებისა და ინტელიგენციის ინიციატივით ქალაქის მთავარ გამზირს რუსთაველის სახელი მიეკუთვნა, ნაძალადევში არსებულმა რუსთაველის ქუჩამ და შესახვევმა კიდევ დიდხანს შეინარჩუნა აღნიშნული სახელი. ხშირად ნაძალადევში ისეც ხდებოდა, რომ ქუჩის სახელი იმ რკინიგზელის თანამდებობას აღნიშნავდა, ვინც ქოხი დადგა. აქედან გამომდინარე, ნაძალადევში ნახავდით: კონდუქტორის, ბრიგადირის, დურგლის ქუჩებს, ასევე ვაგონის, რეზერვუარის, დეპოსა და სხვა სახელწოდებების ადგილებს.


ნაძალადევი თბილისის ერთ-ერთი მთავარი რევოლუციური კერა იყო, რადგან სწორედ აქ 1900 წლის ზაფხულში ერთ-ერთი მუშის სახლის სარდაფში მოეწყო არალეგალური სტამბა, სადაც საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები იბეჭდებოდა. ნაძალადევში რევოლუციური მოღვაწეობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სტალინი გახლდათ.


1905 წლის დეკემბრის დასაწყისში, საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშები იარაღდებოდნენ, რომ გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა და რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები, არტილერია გამოიყენა. 1 000-მდე ჯარისკაცის წინააღმდეგ აჯანყებული 500 კაციდან, მხოლოდ 200 იყო შეიარაღებული. შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა ცნობილი ბოლშევიკი-რევოლუციონერი, მუშათა რაზმის ერთ-ერთი მეთაური კამო, ანუ სიმონ ტერ-პეტროსიანი, რომელიც შემდგომ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. შეტაკებაში დაიღუპა 9 მუშა და მაშინდელმა მთავრობამ დაღუპულების დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესის მოწყობა აკრძალა. გარდაცვლილები მეგობარმა რევოლუციონერებმა კუკიაზე, საძმო საფლავში დაკრძალეს (კუკიაზე მდებარე 9 ძმის ქუჩას, ასე სწორედ 9 დაღუპული რევოლუციონერის პატივსაცემად ეწოდა).


რაც შეეხება კამოს, როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი სტალინმა შეარქვა. გორელი სომეხი მღვდლის შვილი, რუსულთან საკმაოდ მწყრალად მყოფი კამო ვერაფრით გამოთქვამდა მიცემით ბრუნვაში კითხვას "ვის. "კამუს", მაგივრად "კამოს" იძახდა და ამის გამო იოსებ ჯუღაშვილის მიერ "კამოდ" მოინათლა. თბილისელების უმრავლესობას კამოს ხსენებაზე პირველი ის ახსენდება, რომ დაპატიმრებული როგორც ამბობენ, სიგიჟის დასამტკიცებლად საკუთარ განავალს ჭამდა. კამომ რამდენჯერმე მოახერხა ციხიდან თავის დაღწევა გაქცევის გზით. არაერთი პატიმრობისა და წლების განმავლობაში რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ, 1922 წელს ველოსიპედით მოსეირნე კამოს, თბილისში ელბაქიძის დაღმართზე სატვირთო მანქანა დაეჯახა. მძიმედ დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის პარტიული აღზევების მყოფი სტალინის მორიგი მსხვერპლი იყო. ჯუღაშვილს არ აძლევდა ხელს ერთ დროს ყოფილი თანამებრძოლის ამქვეყნად არსებობა, რადგან კამო ბევრის მნახველი იყო და ამდენად საშიში მოწმე.


XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ნაძალადევმა სახე იცვალა. თანდათან მისი კეთილმოწყობა დაიწყო. მოასფალტდა ქუჩები, დაირგა ხეები, გამწვანდა, აიგო ახალი შენობა-ნაგებობები, გაიყვანეს წყალსადენი და ელექტროგანათება. 1924 წელს ნაძალადევში აშენდა პირველი კომუნალური აბანო, 1955 წელს კი მას მეორეც მოჰყვა. ნაძალადევის რაიონშია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის, მეექვსე საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში აბანოდ იყო გადაკეთებული. შემდგომში ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა, მათ შორის, არაბების ბატონობის პერიოდში, თუმცა, მეფის რუსეთის დროს კვლავ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდგომ წლებში, 1931 წელს, ეკლესია ბოლშევიკებმა აბანოდ გადააკეთეს. წლების განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა ეკლესიის არსებობის შესახებ. მოგვიანებით აბანო გაფართოვდა, საკურთხევლის ადგილას აბანოს ნომრები მოაწყვეს, ეკლესიის შენობაში კი ქიმწმენდის საამქროც ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 90-იან წლებში აბანოს ტერიტორია დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და აშენდა ახალი ეკლესია.


საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ანუ 1921 წლიდან ამ ადგილს ლენინის რაიონი ეწოდებოდა, მაგრამ დღეს ის კვლავ ნაძალადევის სახელით იხსენიება.


უბნის კეთილმოწყობა და გაფართოება აქტიურად სწორედ საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. აქ დაიწყო ფუნქციონირება პლეხანოვის სახელობის კლუბმა (ამჟამინდელი თბილისის არტ-ჰოლი), შესასვლელთან კი ლენინის ქანდაკება იდგა. თუ მანამდე ეს უბანი დაბალი, ინდივიდუალური სახლებით სასოფლო ტიპის დასახლებას ჰგავდა, დაუსახლებელ ტერიტორიებზე 1950-იან წლებიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა დაიწყო.


ნაძალადევის რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე, რომელსაც საბჭოთა დროს ოქტომბრის ქუჩა ერქვა, ამჟამად ცოტნე დადიანის სახელს ატარებს, მოძრაობდა ტრამვაი. მისი დემონტაჟი 2000 წლის შემდგომ პერიოდში მოხდა, თუმცა ამ ტერიტორიაზე ტრამვაის მოძრაობა დედაქალაქის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ...


ანა კალანდაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი