logo_geo
ამბობენ, რომ კაცის ტვინი ქალის ტვინისგან განსხვავდება - მართალია?!
- +

21 აგვისტო. 2017. 04:01


აგვისტოს დასაწყისში, კომპანია Google-მა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელმაც გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური თავისებურებების გამო ტექნოლოგიების სფეროში ქალები კარგ სპეციალისტებად ვერ ყალიბდებიან.


არის სხვაობა?


არის. თუმცა არც ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. დადასტურებული მხოლოდ ის არის, რომ კაცების ტვინი, საშუალოდ, მოცულობით 8 -13%-ით უფრო დიდია, ვიდრე ქალებისა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კაცები ზოგადად, ფიზიკურად, ქალებზე უფრო დიდები არიან. ტვინის ზომას თავისთავად არ აქვს პირდაპირი კავშირი გონებრივ შესაძლებლობასთან: დიდი, ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. მაგალითად, ნეანდერტანელის ტვინი თანამედროვე ადამიანისაზე დიდი იყო, მაგრამ საეჭვოა, რომ ისინი უფრო ჭკვიანები ყოფილიყვნენ. როგორც ჩანს, აქ მნიშვნელოვანია არა ზომა, არამედ, ნეირონებს შორის კავშირების რაოდენობა და ხარისხი.


გარდა ამისა, ქალების და კაცების ტვინების ცალკეული ნაწილებიც განსხვავებული ზომისაა. მაგალითად, ქალებს უფრო დიდი აქვთ საფეთქლის მარჯვენა ნახევარსფერო, საფეთქლის შუათანა და ქვედა ხვეულები... კაცებს - ჰიპოკამპი, პარაჰიპოკამპური ხვეულების წინა ნაწილი და სხვ. მაგრამ ეს სხვაობებიც არ განაპირობებს რაიმე არსებით განსხვავებას ამ ორ სქესს შორის - ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო მონაცემები ამაზე არ არსებობს, თუმცა ვარაუდები ბევრია. განსხვავებულია ქალების და კაცების ტვინის ზონების აქტიურობაც.


ტვინის ზონის აქტიურობა კონკრეტულ უნარებზე დადებითად აისახება?


არა. გარკვეული ზონის აქტიურობა არ არის ისეთი კონკრეტული თვისებების სინონიმი, როგორებიცაა ემპათია, ლოგიკა ან ენების შესწავლისკენ მიდრეკილება. მიუხედავად, პოპულარული მოსაზრებისა, ადამიანის ტვინი არ იყოფა მკაფიო სფეროებად, რომლებზეც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე, ამა თუ იმ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, ქცევაზე და უნარებზე. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ბიოლოგიური თავისებურებების გამო ქალები უფრო ემოციურები არიან, ხოლო კაცები უფრო პრაგმატულები, არასწორია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ეს მაჩვენებელი (ზომა და აქტიურობა) გასაშუალოებულია. ნებისმიერი ქალის და ნებისმიერი კაცის ტვინს, შეიძლება ჰქონდეს "არატიპური" თვისებები და არ ჰქონდეს "ტიპური" თვისებები. ტიპური "კაცის" ტვინი ან ტიპური "ქალის" - იშვიათი მოვლენაა.


ეს სხვაობები საიდან მოდის?


არაერთი ფაქტორიდან. სასქესო ქრომოსომები (სტრუქტურები, რომლებიც შეიცავს დეენემს და პასუხისმგებელია ადამიანების სქესზე) აქ მთავარ როლს არ თამაშობს. მიჩნეულია, რომ სერიოზულ გავლენას ახდენს ჰორმონები (ანდროგენები, პროგესტერონი, ესტროგენი), ასევე კვება და ზოგადად პირობები, რომელშიც ბავშვი იზრდება. გარდა ამისა, ტვინის სტრუქტურა და მუშაობა იცვლება გამოცდილების და გარე გარემოებათა ზეგავლენით. რაც, მაგალითად, ართულებს იმ მეცნიერების ამოცანებს, რომლებიც სწავლობენ ქალის და კაცის ტვინებს შორის ბიოლოგიურ სხვაობას და ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა არის იქ შეძენილი და რა თანდაყოლილი.

 

მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კაცები უკეთ უმკლავდებიან გარკვეულ დავალებებს? მიზეზი რა არის?


დიახ, ეს სიმართლეა. მაგალითად, ჩვეულებრივ, ვერბალური უნარები (წერა და განსაკუთრებით ზეპირი მეტყველება) ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული, ხოლო კაცებს - სივრცეში ორიენტირების უნარები. 


მიზეზები გაურკვეველია. აქაც ფაქტორების მთელი წყებაა, შესაბამისად, მეცნიერებს, სურვილის მიუხედავად, არ შეუძლიათ ბიოლოგიური მიზეზების სოციალურისგან გამიჯვნა. ახალდაბადებულების კვლევაც კი არ იძლევა მყარ მონაცემებს: ადამიანის ტვინი ვითარდება და ცვლილებები, რომლებსაც ბიოლოგიური საფუძველი აქვს, შეიძლება გვიან გამოვლინდეს. თუმცა, მათთან ერთად გამოვლინდება კულტურული ტრადიციების და აღზრდის გავლენის შედეგებიც.


ვრცელ სტატიაში, რომელიც მეცნიერებასა და მათემატიკაში სქესობრივ სხვაობებს ეძღვნება, მკვლევრები წერენ, რომ, როგორც ჩანს, მეცნიერი ქალები მეცნიერ კაცებზე ნაკლები ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამოა. ესენია:


- ბილოგიური თვისებები (რომლებსაც შეიძლება ევოლუციური წინაპირობები აქვს);

- სოციალური როლები (ქალები ნაკლებს მუშაობენ და მეტ დროს ატარებენ ოჯახთან);

- სტერეოტიპები (როდესაც შენგან მარცხს ელიან, სავარაუდოდ, შენ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებ); 

- აღზრდა (მათემატიკის გაკვეთილებზე მასწავლებლებმა შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ბიჭებს);

- სხვა ფაქტორები.

 

ფსიქიკური აშლილობები? ისინი ხომ ქალებში და კაცებში სხვადასხვაგვარად ვლინდება?


აქაც ვერ ვიტყვით რომ ყველაფერი თანდაყოლილი თვისებების ბრალია. კაცებში მართლაც უფრო ხშირია აუტისტური სპექტრის აშლილობები, დისლექსია, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი; ქალებში - დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ანორექსია. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში (იმის მიხედვით თუ რა ვიცით ჩვენ ამ დაავადებების შესახებ), ლაპარაკია ისევ რამდენიმე ფაქტორზე. მაგალითად, დეპრესიის რისკი იზრდება, თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა დეპრესია; თუ ბავშვობაში ან მოზარდობის დროს ადამიანმა დაკარგა მშობლები ან სხვა ტრავმა მიიღო; თუ ქალი ან კაცი იღებს ზომაზე მეტ ალკოჰოლს; თუ ადამიანმა გადაიტანა განქორწინება.

 

მოკლედ, უნარები სქესზეა დამოკიდებული?


მთლიანობაში, კი. მაგრამ უცნობია ის, თუ რა ხარისხით განაპირობებს ამ სხვაობებს ბიოლოგიური მიზეზები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გარე ფაქტორები, როგორებიცაა კულტურული ტრადიციები და სტერეოტიპები, ასევე ძლიერ გავლენას ახდენს იმაზე, რომ კაცებს და ქალებს სხვადასხვა უნარები სხვადასხვაგვარად აქვთ განვითარებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი