logo_geo
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
- +

22 აგვისტო. 2017. 22:57



შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი და მშრალი ჩანდეს, მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა ატმოსფერო ასევე წარმოქმნიდეს სრულიად მოულოდნელ, თოვლიან ამინდს, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის შემდეგ, ღამით. 


როდესაც მზე ჩადის და ტემპერატურა დაბლა ეცემა, ძლიერი ქარები მარსზე ქარბუქს წარმოქმნის - ამტკიცებს ახალი კვლევა, რომელიც ასევე გვიჩვენებს თუ ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით წითელი პლანეტის გარემო პირობების შესახებ.


აღმოჩენა საფრანგეთის პიერ და მარია კიურის უნივერსიტეტის პლანეტურ მეცნიერს, ეიმერიკ სპიგას ეკუთვნის და სრულიად ახალი ინფორმაციას გვაწვდის მარსის ამინდის შესახებ, რაც ერთ დღესაც შესაძლოა დიდად დაეხმაროს პლანეტის მომავალ კოლონისტ მკვლევრებს. 

 

„პირველი შემთხვევაა, როცა ვინმემ მარსზე ეს ქარბუქები, ანუ წყლის ყინულის მიკროჭავლები გამოავლინა", - უთხრა სპიგამ New Scientist-ს.


„გამოვიყენეთ ბევრად უფრო დახვეწილი მოდელირება, ვიდრე აქამდე, რამაც არსებულ კვლევათა რეინპრეტაციამდე მიგვიყვანა, რადგან რჩებოდა საიდუმლოებები".


ეს საიდუმლოებები სათავეს იღებს 2008 წელს მარსზე დაშვებულ NASA-ს ხომალდ Phoenix-ისგან, რომელმაც მარსის ქანებში არსებულ წყლის ყინულში შესაძლო თოვლიანობის კვალი გამოავლინა. თუმცა, ეს ფაქტი არასოდეს ახსნილა.


ამჯერად, Phoenix-ისა და მარსის ორბიტაზე მოძრავი ხელოვნური თანამგზავრების - Mars Global Surveyor-ისა და Mars Reconnaissance Orbiter-ის მონაცემების დამუშავების შედეგად, ჯგუფმა გამოთვალა, რომ თოვლის ქარბუქები მარსზე სულაც არ მიმდინარეობს ნელი, თანდათანობითი პროცესების სახით, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა მარსის თხელი ატმოსფეროს გამო. 


სანაცვლოდ, როგორც ამინდის ახალი მოდელირება გვთავაზობს, წითელ პლანეტაზე ადგილი აქვს რაღაც ბევრად უფრო დრამატულს: გაშმაგებულ ქარბუქებს, რომლებიც მარსის ზედაპირზე ყინულის ციცქნა ნაწილაკებს ყრის.


ეს ყველაფერი გამოწვეული უნდა იყოს რადიაციული გაციებით, რა დროსაც სითბო სწრაფად უნდა გაურბოდეს მარსის ატმოსფეროს. როგორც ჯგუფმა გამოთვალა, მარსის ყინულოვან ღრუბლებში ტემპერატურა ძალიან სწრაფად უნდა ეცემოდეს, საათში 4 გრადუს ცელსიუსზე მეტით. 


როდესაც ზედაპირიდან ამავალი თბილი ჰაერი ზემოდან დაბლა მომავალ ჰაერის მასებს ერწყმის, 10 მ/წმ სიჩქარის ქარებს უცაბედად დაბლა მიმართულებით მიაქვს თოვლი - ფენომენი, რომელსაც მიკროჭავლებს უწოდებენ. 


ეს მინი-შტორმები შესაძლოა ბევრად უფრო ინტენსიური იყოს იმასთან შედარებით, რასაც მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ მარსის თოვლის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ლოკალიზებულ შტორმებში თოვლის დონე სინამდვილეში მაინც მწირი უნდა იყოს.


წყლის ზოგადი მოცულობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, მარსზე თოვლის პაპის გაკეთება შეუძლებელია. იგივგე შემიძლია ვთქვა სათხილამურო სადგურზეც", - განუცხადა  The Los Angeles Times-ს სპიგამ.


თოვლის სქელი ფენის სანაცვლოდ, მკვლევართა აზრით, შტორმი უნდა წარმოქმნიდეს ჭირხლის საკმაოდ მოზრდილ ფენას.


მეცნიერებს თოვლის ეს შოტორმები აქამდე არასოდეს აღმოუჩენიათ, თუმცა სპიგას ჯგუფმა ეს შესძლო. მისი ვარაუდით, ამ ფენომენის გამოვლენა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ შეაჯერეს სამი განსხვავებული შეფასება - ფართომასშტაბიანი კლიმატური მონაცემები, ჰაერის ტურბულენტობის მოდელები და ლოკალიზებული ამინდის პროგნოზები.

 

„ეს ყველაფერი ოდნავ წააგავს რუსულ მატრიოშკას. მაღალი რეზოლუციის მქონე ყოველი შემდეგი მოდელი კარგად ჯდება სხვა მოდელში", - ამბობს NASA-ს პლანეტური მეცნიერი პოლ ჰაინე.


თუ ეს ჰიპოთეზა მართებულია, ნიშნავს იმას, რომ მარსის მომავალი კოლონისტები თოვლს არა მხოლოდ წითელი პლანეტის პოლარულ ყინულოვან ქუდებთან ნახავენ, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც რადიაციული გაციება ამ მიკროჭავლებს იწვევს.


კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.


 

big_banner
არქივი