logo_geo
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
- +

23 აგვისტო. 2017. 20:41


როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე მზის მსგავსი უახლოესი ვარსკვლავის გარშემო დედამიწის ზომის ოთხი ეგზოპლანეტა მოძრაობს; მკვლევართა აზრით, ორი მათგანი შესაძლოა სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს. 


ვეშაპის ტაუ ჩვენგან 12 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს; სიახლოვისა და სიკაშკაშის გამო, იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო სამეცნიერო ფანტასტიკისა და ვიდეოთამაშების მთავარი საყრდენი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ვარსკვლავის არამიწიერი სიცოცხლის არსებობის პოტენციალი შესაძლოა ფანტაზიის ფარგლებს გასცდეს.


მკვლევართა ჯგუფმა გაერთიანებული სამეფოს ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერის, ფაბო ფენგის მეთაურობით, ვეშაპის ტაუს მოძრაობაში უკიდურესად მცირე მერყეობათა რეგისტრირების გზით, ოთხი ეგზოპლანეტა გამოავლინა; მერყეობა სწორედ პატარა ასტრონომიული სხეულების გრავიტაციით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.


ახალი ტექნოლოგიური მიღწევის წყალობით, რომელსაც დოპლერის სპექტროგრაფი ეწოდება, გამოვლინდა ვეშაპის ტაუს გარშემო მოძრავი ოთხი პლანეტა, რომლებიც ვარსკვლავის მოძრაობაში ძალიან მცირე ცვლილებებს იწვევდა, 30 სანტიმეტრს წამში. 


მკვლევართა თქმით, თუკი შესაძლებელი იქნება ამ მეთოდის სამომავლო დახვეწა, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გამოვავლინოთ 10 სმ/წმ ვარიაციებიც კი, გადავაბიჯებთ ზღურბლს, რომლის იქითაც დანამდვილებით შეგვეძლება ეგზოპლანეტათა გრავიტაციული წევის გამორჩევა ვარსკვლავური ფლუქტუაციის მიერ წარმოქმნილი სიგნალის ხმაურისგან.


„კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ, დედამიწის მსგავსი პლანეტების გამოსავლენად საჭირო კორექტული საზღვრებისკენ", - ამბობს ფენგი.


„ჩვენ მიერ გამოგზავნილი ასეთი სუსტი მერყეობები ახალი ეტაპია დედამიწის ანალოგთა ძებნის პროცესში და ჩვენი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის გაგებაში მათთან შედარებით".


ჯგუფის მიერ აღმოჩენილ პლანეტებს შორისაა ორი სუპერდედამიწა (დედამიწაზე დიდი მასის მქონე კლდოვანი პლანეტები), რომლებიც ვეშაპის ტაუს სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი განლაგებულია ვარსკვლავის გარშემო არსებულ იმ რეგიონში, სადაც გარემო პირობები ხელსაყრელია პლანეტების ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, სიცოცხლისთვისაც.


დანარჩენი ორი, შედარებით პატარა პლანეტა, ამ ზომიერი სივრცის შიგნით მდებარეობს და ვარსკვლავს საკმაოდ ახლო მანძილიდან უვლის გარს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება არ შეუძლიათ, მიეკუთვნებიან დაახლოებით დედამიწის ზომის ყველაზე პატარა პლანეტებს ახლომდებარე მზის მსგავს ვარსკვლავებთან ოდესმე აღმოჩენილთა შორის; მათი მასა 1,7 დედამიწის მასას შეადგენს. 


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვეშაპის ტაუსთან პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტებს მიაგნეს. ამ ვარსკვლავთან ხუთი პლანეტის აღმოჩენის შესახებ იგივე ჯგუფი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ იუწყებოდა, ეს ბოლო კვლევა კი მათი წინა ნაშრომის ხარვეზების შესწორებას წარმოადგენს.


ამჯერად, თავიანთ სიმართლეში ისინი დარწმუნებულნი არიან.

 

„მას შემდეგ, გულმოდგინედ გავაუმჯობესეთ ჩვენი ტექნიკის მგრძნობელობა და შევძელით იმ ორი სიგნალის გამორიცხვა, რომლებიც ჩვენმა ჯგუფმა 2013 წელს პლანეტებად ჩათვალა", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი მიკო ტუომი.


„მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ვუყურებთ ამ ვარსკვლავს, როგორც ჩანს, მის გარშემო სულ მცირე ოთხი კლდოვანი პლანეტა მოძრაობს".


ნამდვილად ძალიან ამაღელვებელია სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ორი ახალი პლანეტის აღმოჩენა ჩვენს  მზის სისტემასთან ახლომახლოს. ბოლო პერიოდის სხვა იმედებს შორის, ვეშაპის ტაუ შესაძლოა გაცილებით შორის იყოს, ვიდრე კიდევ ერთი სხვა, უფრო იმედისმომცემი კანდიდატი - პროქსიმა b (4,2 სინათლის წელი), მაგრამ მნიშვნელოვნად ახლოსაა, ვიდრე TRAPPIST-1ი-ს კოჰორტა (39 სინათლის წელი).


მკვლევართა განცხადებით, ვეშაპის ტაუს სისტემას გარს აკრავს კოსმოსური ნარჩენების უზარმაზარი რგოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უცხო სამყარო, არის თუ არა იქ სიცოცხლე, ასტეროიდებისა და კომეტების ინტენსიურ ბომბარდირებას უნდა განიცდიდეს.


თუ ეს ასეა, ნაკლებ სავარაუდოა, პლანეტები სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს. გარდა ამისა, საკმაოდ მოუხერხებელია, როდესაც სუპერდედამიწა ვეშაპის ტაუს სასიცოცხლო ზონის კიდეზე მდებარეობს, თუმცა, ყველა იმედის გადაწურვა მაინც ნაადრევია.


შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ ჯერ კიდევ უხილავი პლანეტების დანახვა ტელესკოპით, რათა გავარკვიოთ თუ რა შეგვიძლია შევიტყოთ მათზე პირდაპირი დაკვირვებებიდან.


მანამდე, ვეშაპის ტაუს სიცოცხლისუნარიანობის ცვალებადი საიდუმლო კამათის საგნად რჩება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი