logo_geo
ბარაქის ხის თავისებურებები და მოვლის წესები
- +

11 სექტემბერი. 2017. 23:06



მიუხედავად იმისა, რომ ბარაქის ხე განსაკუთრებული მოთხოვნილებებით არ გამოირჩევა და ადვილად მოსავლელი მცენარეების კატეგორიაში გადის, მას მაინც აქვს ბიოლოგიური თავისებურებები, რომლის ცოდნა საშუალებას გვაძლევს მცენარეს ოპტიმალური პირობები შევუქმნათ ზრდა-განვითარებისთვის და ის მუდმივად ჯანმრთელი, კარგად მოვლილი მცენარის შთაბეჭდილებას დატოვებს. დეტალურად განვიხილოთ თუ სად არის უკეთესი ქოთნის დადგმა, როგორ უნდა ვიზრუნოთ მასზე, და იმ მცირე სირთულეების დაძლევის ხერხები, რომელსაც შეიძლება ამ კულტურის ზრდის პროცესში წავაწყდეთ.


მცენარის მოვლა სახლის პირობებში


კრასულა (ბარაქის ხე) - სახლის მცენაარეების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ნორმალურად ვითარდება სამხრეთის ფანჯრებში, მასზე მზის სხივების პირდაპირი დაცემის პოტობებშიც კი. მისთვის ოპტიმალური, სამხრეთ-აღმოსავლეთის ფანჯრები არის, კარგად იზრდება აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრის რაფებზეც.


სინათლის უკმარისობის შემთხვევაშიც შეუძლია არსებობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას უფრო ფერმკრთალი ფოთლები და გაწელილი ყლორტები ექნება.


მცენარისთვის ოპტიმალური ზამთრის და ზაფხულის ტემპერატურები განსხვავებულია. როდესაც ის აქტიურად იზრდება, სითბო (20-25 °С) და სუფთა ჰაერი ესაჭიროება. ზაფხულში ქოთანი აივანზე ან ბაღში უნდა გავიტანოთ, რადგან იქ ის მშვენივრად იგრძნობს თავს.


ზამთრის პერიოდში, კრასულას დასვენება ესაჭიროება და მისთვის ოპტიმალური უფრო გრილი (8-10 °С) ადგილი არის. მას შეუძლია მინუს 2 °С-აც გაუძლოს. კულტურას ასევე შეუძლია ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე გამოზამთრება, იმ პირობით, რომ ის გამათბობელთან ახლოს არ იქნება.

 

ქოთანი ბარაქის ხისთვის


მცენარისთვის ქოთნის შერჩევის დროს, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ მას მოკლე ფესვები აქვს და მგრძნობიარეა ჭარბი ნესტისადმი, ხოლო მისი ზედა ნაწილი მძიმეა და სიგანეში სწრაფად იზრდება. მცენარე კარგად რომ გაიზარდოს და მყარად იდგეს "ფეხზე", მისი ჩარგვა რეკომენდირებულია მძიმე, განიერ და ბრტყელ ქოთანში, რომელიც დიამეტრი, მისი ზედა ნაწილის სიგანეზე ნაკლები არ იქნება. ქოთნის ძირში აუცილებლად უნდა იყოს დიდი ნახვრეტები, ზედმეტი სითხის გამოსვლისთვის, ხოლო ქოთანში - კარგი დრენაჟი, მაგ., კერამზიტი, რომლის სისქე 2 სმ. იქნება.

გრუნტი ბარაქის ხისთვის


გრუნტისადმი მცენარეს განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს. მთავარია ის ფხვიერი იყოს და მსხვილმარცვლიან ქვიშას შეიცავდეს (გრუნტის ტრადიციული რეცეპტი: 2 წილი მიწა + 1 წილი ტორფი + 1 წილი ქვიშა). სასარგებლო იქნება მასში შეშის დაფხვნილი ნახშირის დამატება, რაც ფესვებს ზედმეტი ტენის შემთხვევაში, ლპობისგან დაიცავს.


მცენარის მოვლა და გადარგვა

 

სახლის პირობებში, კრასულას მოვლა ადვილია. მას იშვიათად ესაჭიროება მორწყვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწის ზედა ფენა კარგად გაშრება, რადგან კრასულა, ისევე როგორც კაკტუსი, წყალს აგროვებს, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს. ამიტომ, ძალიან სახიფათოა ჭარბი ტენი ზამთრის პერიოდში - მისი მორწყვა თვეში ერთხელ შეიძლება, ან კიდევ უფრო იშვიათად. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, მცენარე სიგნალს იძლევა - მას ფოთლები ურბილდება. მორწყვისას წყალი თბილი ან ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და სასურველია, ეს საღამოს საათებში მოხდეს.


მცენარე კარგად იტანს ქალაქის ბინის მშრალ ჰაერს. მისი დანამვა საჭირო არ არის. ფოთლებიდან მტვრის მოცილება სველი ხელსახოცით შეიძლება, დროდადრო შეიძლება თბილი შხაპის ქვეშ "ბანაობაც". მაგრამ, ამ შემთხვევაში, მცენარის მიწისქვეშა ნაწილი პოლიეთილენით კარგად უნდა შეიფუთოს, რომ მასში წყალი არ ჩავიდეს.


მცენარისთვის სასუქის ხშირი მიწოდება საჭირო არ არის, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, თვეში ერთხელ საკმარისი იქნება, და მისთვის ისეთივე თხევადი სასუქი გამოიყენება, როგორიც კაკტუსებისთვის. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, სასუქი იგივე სიხშირით უნდა მიეწოდოს, მაგრამ საჭიროა კონცენტრაციის 2-ჯერ შემცირება. სასუქის დამატება მხოლოდ სველ გრუნტზე შეიძლება, მორწყვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე ტორფიან გრუნტში არის გადარგული, სასუქის მიცემა საჭირო აღარ არის.


ახალგაზრდა მცენარის გადარგვა წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული, ხოლო რამდენიმე წლის ნარგავის - 3-4 წელიწადში ერთხელ. გადარგვა გაზაფხულზე უნდა მოხდეს. როდესაც ძველი ქოთანი ფესვებით შეივსება, მცენარე ცოტა მოზრდილ ქოთანში უნდა გადაირგას, თავის მიწიანად, რომ ფესვები არ დაზიანდეს და ცარიელი ადგილი ახალი გრუნტით უნდა შეივსოს.


იმ შემთხვევაში, თუ ფესვი მეტისმეტად გრძელი იქნება, საჭიროა მისი ისე მოჭრა, რომ ქოთანში ჩაეტიოს. გადარგვის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის დასხმა საჭირო არ არის.


მცენარესთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების ხერხები


მცენარე დიდი სიმდგრადით გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის არასასურველი ფაქტორების მიმართ. ის კარგად იტანს ზერელე მოვლას, მისთვის საჭირო ტემპერატორული რეჟიმის დარღვევას, იტანს წყლის ნაკლებობას და სასუქის ნაკლებობას. უფრო მძიმედ გადააქვს მას მეტისმეტი მზრუნველობა. მისთვის განსაკუთრებით დიდ ხიფათს წარმოადგენს ხშირი მორწყვა, ცუდი დრენაჟის პირობებში, რამაც შეიძლება ფუზარიოზული (სოკო) ლპობა გამოიწვიოს. ეს ამ მცენაერისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული დაავადება არის.


დაავადებული მცენარე უმეტეს შემთხვევაში იღუპება. მისი გადარჩენა დაავადების საწყის სტადიაში შეიძლება, სხვა, ახალ ქოთანში, ახალ მიწაში გადარგვით. გადარგვის წინ საჭიროა დამპალი ნაწილების სრულად მოკვეთა.


კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ მცენარესთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას - ფოთოლცვენაა.

 

ამის მიზეზი შეიძლება იყოს:


 ჭარბი მორწყვა;

 დიდი რაოდენობით სასუქის მიცემა;

 მაღალი ტემპერატურა ოთახში.


მცენარე, როდესაც მისთვის შეუფერებელ, ექსტრემალურ სიტუაციაში ხვდება, ცდილობს სასწრაფოდ დატოვოს შთამომავლობა, რაც ფოთლების ცვენაში გამოიხატება. სწორედ ფოთლების დაფესვიანებით წარმოიქმნება ახალი მცენარეები.


ამრიგად, ფოთლების ცვენა არის დისკომფორტის ნიშანი და ასეთ შემთხვევაში, მცენარე რომ გადარჩეს, ჭარბი ტენისა და ზედმეტი სასუქის მიწოდების შემთხვევაში, ახალ გრუნტში უნდა გადაირგას, ხოლო თუ ოთახში მაღალი ტემპერატურა არის, შედარებით გრილ ადგილზე უნდა მოხდეს მისი გადატანა. უკიდურეს შენთხვევაში, როდესაც ყველა ფოთოლი ჩამოვარდება, შეიძლება ღეროს გადაჭრა და მისი ზედა ნაწილის დაფესვიანება.


ოთახის კრასულასთვის ყვავილობა არ არის დამახასიათებელი, მაშინაც კი თუ მასზე უნაკლოდ ზრუნავენ, ყვავილები იშვიათად გამოსდის და ისიც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში. იმისთვის რომ ბარაქის ხე აყვავდეს, აუცილებლად უნდა დაისვენოს, დაბალ ტემპერატურაზე, ზამთრის პერიოდში.


ამ მცენარეს ძალიან იშვიათად უჩნდება ჭია. თუ ასეთი რამ მოხდა, საჭიროა პარაზიტების მექანიკური მოცილება თბილი შხაპის ქვეშ ან სპირტში დასველებული რბილი ქსოვილით უნდა მოხდეს დაზიანებული ღერების დამუშავება.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი