logo_geo
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
- +

12 სექტემბერი. 2017. 23:01


15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი" სიკვდილს შეეგებება - სატურნის ღრუბლებში ზონდი პლუტონიუმის ფოირვერკის სახით აენთება და სამუდამოდ განადგურდება.


ბირთვულ საწვავზე მომუშავე რობოტული აპარატი 1997 წლის 15 ოქტომბერს გაუშვეს; მთვარი დანიშნულება სატურნისა და მისი იდუმალებით მოცული მრავალი მთვარის ღრმად შესწავლა იყო. დანიშნულების ადგილას კასინი 2004 წელს მივიდა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ სპეციალურად გატანებული ზონდი ჰიუიგინსი მთვარე ტიტანზე ჩაუშვა, თავად კი სატურნის ორბიტაზე გავიდა და დედამიწაზე ფოტოებისა და მონაცემების გადმოგზავნას შეუდგა.


მეცნიერებს შესაძლოა ძალიანაც სურდეთ $3,26 მილიარდად ღირებული მისიის შენარჩუნება, მაგრამ ხომალდს საწვავი ეწურება და რთულდება მასზე კონტროლის მექანიზმები.


მისიის გაგრძელება ზრდის რისკს, რომ კასინი ოდესმე შეეჯახება და დედამიწისეული ბაქტერიებით დააბინძურებს სატურნის მთვარე ენცელადს ან ტიტანს. პლანეტის ეს ორი მთვარე ზედაპირქვეშ წყლის ოკეანეებს მალავს, რომლებიც შესაძლოა ხელსაყრელი იყოს სიცოცხლისთვის ან საერთოდაც, იქ არამიწიერი სიცოცხლეც არსებობდეს.


კოსმოსის სიღრმეში გაგზავნის ნაცვლად, როგორც ეს ვოიაჯერების ტყუპი ხომალდის შემთხვევაში მოხდა, NASA-მ კასინის განადგურება გადაწყვიტა - ორთვიანი სასიკვდილო მარშრუტის შემდეგ, ზონდი სატურნის სიღრმეში შეიჭრება და დაიწვება.


ამ გაბედული მანევრის ფარგლებში, რომელსაც NASA-მ „დიდი ფინალი" უწოდა, კასინიმ 22 უპრეცედენტო გავლა შეასრულა სატურნსა და მის რგოლებს შორის.


მაშინ, როდესაც ნასა თავის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მისიის დასასრულისთვის ემზადება, კოსმოსის ბევრი ენთუზიასტი სვამს კითხვას - გამოჩნდება თუ არა კასინის ფინალური მომენტები დედამიწიდან, 1,45 მილიარდი კმ მანძილიდან.


გამოცემა Business Insider-მა ამ კითხვით კასინის პროექტის მეცნიერს, ლინდა სპილკერს მიმართა:

 

„ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმედი მაინც მაქვს".




რატომ იქნება კასინის დაწვის ხილვა ძალიან რთული


როდესაც კასინი სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენებში 123 000 კმ/სთ სიჩქარით ჩაეშვება, მან უნდა წარმოქმნას სინათლის ჭავლები, მაგრამ დედამიწიდან მათი დანახვა ძალიან რთული იქნება რამდენიმე მიზეზის გამო.


პირველი - ამ ჭავლების ყველაზე კაშკაშა ნაწილი ულტრაიისფერში იქნება - ტალღის იგივე სიგრძეში, რომელიც ნარუჯს იწვევს. იმის გამო, რომ დედამიწის ოზონის შრე სწრაფად შთანთქავს ულტრაიისფერ სინათლეს, იგი უკიდურესად ცუდად გამოჩნდება დედამიწიდან ნებისმიერი დამკვირვებელისათვის.


კიდევ ერთი გამოწვევა ისაა, რომ კასინის ორი მაკონტროლებელი - NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო ამ მოვლენას ღამით ვერ იხილავენ.


„ნამდვილად არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამ მოვლენას აშშ-დან ან ევროპიდან დავაკვირდეთ. ამერიკაში ამ დროს დილის 5 საათი იქნება, ევროპაში კი უფრო გვიანი დღე", - უთხრა სპილკერმა Business Insider-ს.


სპილკერის თქმით, ამ ფაქტორთა გამო, კოსმოსის ისტორიის ამ მომენტს ისე ვერ ვიხილავთ, როგორც 1994 წელს ვიხილეთ კომეტა შუმეიკერ-ლევი 9-ის შეჯახება იუპიტერთან.

 

„ეს ობიექტები კასინიზე გაცილებით დიდი და მასიური იყო და დარტყმათა უმეტესობა ღამის მხარეზე მოხდა. ამჯერად, საქმე გვაქვს ციცქნა კოსმოსური ხომალდის შეჯახებასთან და ისიც, სატურნის მზით განათებულ მხარეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედამიწიდან რაიმე გამოჩნდეს, მაგრამ დაკვირვებად ნამდვილად ღირს", - განმარტავს სპილკერი.


კასინის ცეცხლოვანი აღსასრულის დასაფიქსირებლად იდეალური ადგილი კოსმოსია, რადგან გამოირიცხება მზისა და დედამიწის ატმოსფეროს ხელისშემშლელი ფაქტორები. აქედან გამომდინარე,  ხომალდის სასიკვდილო ნათების დასაფიქსირებლად, კასინის მისიამ NASA სთხოვა, რომ სატურნისკენ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მიმართოს.


„ეს შესაძლოა ეფექტიანი ყოფილიყო, მაგრამ როგორც სპილკერი აღნიშნავს, სატურნთან გაკეთებული ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენა ჰაბლის წარმატების შანსებს ამცირებს. 

 

სატურნსა და მის რგოლებს შორის ბოლო გასვლებისას, ზონდმა აღმოაჩინა, რომ პლანეტის ზედა ატმოსფერო იმაზე შორს ივრცობა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

 

ამ გაიშვიათებულ გაზებში შეჭრა კასინის მოძრაობას თანდათან შეანელებს, რაც თავის მხრივ, ხომალდის სიკვდილის დროს 15-20 წუთამდე შეამცირებს.

 

მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში გავარკვიეთ, თუ რა დრო დასჭირდება ზონდის შეჭრას და შეჯახებას",  - ამბობს სპილკერი.


როდესაც NASA-მ ამ ახალი დროის დაანგარიშება დაიწყო, გაირკვა, რომ კასინი დაიწვება მაშინ, როდესაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის თავზე იქნება მოქცეული. ამ არეალში შეინიშნება დედამიწის დამცავი ფარის ნაპრალები, საიდანაც პლანეტაზე შემოდის რადიაცია და ელექტრული ნაკადები.


„ვცადეთ ჰაბლი გარკვეული დროით გამოგვეთავისუფლებინა და სატურნისკენ მიგვემართა, მაგრამ როგორც ჩანს... მისი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ჩვენ გვჭირდება, ამ რეგიონზე გადაფრენისას გამორთული იქნება. ამ არეალში მაღალი ძაბის ელექტროდენია, რომელსაც ინსტრუმენტის დაზიანება შეუძლია. შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალი მისი გამორთვაა", - განმარტავს სპილკერი.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დროს ჰაბლი გამორთული იქნება, რადგან ეს საუკეთესო შანსი იყო დედამიწის ატმოსფეროს ზემოდან ულტრაიისფერ სპექტრში დაკვირვებისათვის", - ამბობს სპილკერი.



შესძლებენ თუ არა დანახვას სამხრეთელი ასტრონომები?


თუმცა, სპილკერი ფიქრობს, რომ ყველა იმედი დაკარგული მაინც არაა. 


მისი თქმით, არის შანსი, რომ დედამიწის სამხრეთში განთავსებული რამდენიმე პროფესიონალური ტელესკოპი, მაგალითად ავსტრალიაში ან ტაივანზე, საკმარისად მგრძნობიარე აღმოჩნდეს იმისათვის, რომ კასინის სიკვდილი დააფიქსიროს.


სპილკერი იმასაც აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ბევრია კოსმოსის ისეთი ფანი, რომელთაც მძლავრი ტელესკოპები და სათანადო ტექნიკა აქვთ ამ მოვლენის დასაფიქსირებლად.


„დედამიწაზე მრავალი დიდებული მოყვარული ასტრონომია, რომლებსაც არაერთი ულამაზესი ფოტო გადაუღიათ სატურნისთვის. იქნებ ისეც მოხდეს, რომ კასინის საწვავის ბოლო ავზი უცბად ისე აალდეს, რომ კარგად გამოჩნდეს. ვფიქრობ, ეს ყოველივე დაკვირვებად ნამდვილად ღირს. შეიძლება ბოლოს ძალიან გაკვირვებულებიც დავრჩეთ", - ამბობს სპილკერი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი