logo_geo
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
- +

20 სექტემბერი. 2017. 22:59


მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარე ვულკანი ფლეგრეის ველი ამოფრქვევას სულ უფრო უახლოვდება. ამჯერად, მკვლევრებმა მიაგნეს ე. წ. „ცხელი ზონის" პირველ პირდაპირ მტკიცებულებას.


ფლეგრეის ველი ნეაპოლის დასავლეთით მდებარე ვულკანური კალდერაა, რომელიც საუკუნის წინ ამოიფრქვა.


ეს ზონა შედარებით მშვიდი იყო 1980-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ვულკანის თავთხელი სტრუქტურებიდან მაგმისა და სითხის პატარა ნაკადები ამოიფრქვა, რამაც მცირე მიწისძვრათა სერია გამოიწვია.


სეისმოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა ამჯერად ცხელი ზონის მდებარეობა განსაზღვრეს, სადაც ცხელი ნივთიერებები მაღლა ამოდის და კალდერას კვებავს.


კვლევა ერთობლივად ჩაატარეს აბერდენის უნივერსიტეტის, ვეზუვის მონიტორინგის ცენტრის, ნეაპოლის უნივერსიტეტისა და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა. შედეგად, მეცნიერები უკეთ შესძლებენ სამომავლო ამოფრქვევების დროისა და ადგილის პროგნოზირებას.


„კითხვა, რომელიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს, არის მაგმის მდებარეობა, სადაა ის განთავსებული კალდერის სიღრმეში; ჩვენმა კვლევამ კი პირველად გამოავლინა ცხელი ზონა, რომელიც ქალაქ პოცუოლის ქვეშ მდებარეობს და ზღვაშიც განივრცობა 4 კმ სიგანეზე", - ამბობს დოქტორი ლუკა დე სიენა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგმის პატარა ნაწილის ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილმდებარეობაა, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ის იყოს ბევრად უფრო ღრმად მდებარე მაგმის ვრცელი კამერა, რომელიც თავზე გადავსებულია ცხელი სითხით".


დოქტორ სიენას კვლევის მიხედვით, 1980-იან წლებში მაგმის ამოფრქვევის პრევენცია მოახდინა 1-2 კმ სიგანის კლდოვანმა წარმონაქმნმა, რომელმაც მას გზა დაუბლოკა და ერთგვარი გვერდითი გზით სტრესისგან გათავისუფლება აიძულა.


მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, 1980-იანი წლების შემდეგ ამ ზონაში დაფიქსირებული შედარებით დაბალი სეისმური აქტივობა გვაფიქრებინებს, რომ კალდერაში აკუმულირდება და იმატებს წნევა, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის.

 

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ვულკანის ქცევა შეიცვალა; იმის გამო, რომ სითხეები მთელს კალდერას აღწევს, ყველაფერი უფრო ცხელი გახდა" - განმარტავს დოქტორი სიენა.

 

„ის აქტივობები, რომლებიც 1980-იან წლებში პოცუოლის ქვეშ მიმდინარეობდა, სადღაც გადაინაცვლა, შესაბამისად, საფრთხე მხოლოდ ამ წერტილში არაა, შესაძლოა ის ახლა გაცილებით ახლოს იყოს უფრო მჭიდროდ დასახლებულ ნეაპოლთან".

 

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალდერიდან მომდინარე საფრთხე უკვე არა მხოლოდ ცენტრში, არამედ გადაადგილებულიცაა. უდავოა, რომ ფლეგრეის ველი უკვე ჰგავს ზედაპირქვეშ მდუღარე წვნიანის ქოთანს".

 

„დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ თუ როდის ამოიფრქვევა ვულკანი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის სულ უფრო სახიფათო ხდება".

 

„მთავარი კითხვა ახლა ისაა, მოემართება თუ არა ზედაპირისკენ მაგმის დიდი ფენა; იქნებ სულაც ის პატარაა და გზა ზედაპირს მიღმა, ზღვისკენ მოძებნოს".


35 000 წლის წინ, ფლეგრეის მინდვრებზე დიდი ამოფრქვევა მოხდა, შემდეგი ამოფრქვევა 12 000 წლის წინ დაფიქსირდა, ბოლოს კი შედარებით მცირე - 1538 წელს. 


ეს ყველაფერი შედარებითია, რადგან ბოლო, „მცირე" ამოფრქვევა 8 დღეს გრძელდებოდა და ირგვლივ გადმოინთხა იმდენი მასალა, რომ წარმოიქმნა სრულიად ახალი მთა - მონტე-ნუევო. 


200 000 წლის წინ, ფლეგრეის მინდვრების წარმომქმნელი ვულკანური კოლაფსი იმდენად კატაკლიზმური იყო, რომ ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ნეანდერტალების გადაშენებაც კი გამოიწვია.  


ამოფრქვევის დროს, ზედაპირზე გადმოინთხა 3,7 ტრილიონი ლიტრი გამდნარი ქანები, ატმოსფეროში დიდი ოდენობით გავრცელებულმა გოგირდმა კი გამოიწვია ე. წ. „ვულკანური ზამთარი". 


ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ვეზუვის ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია თუ როდის შეიძლება ფლეგრეის მინდვრები მზად იყოს კიდევ ერთი ამოფრქვევისთვის. როგორც მათ დაადგინეს, 1950-იანი წლების შემდეგ, ვულკანში დიდი უწესრიგობა შეინიშნება, რაც თანდათან კულმინაციური ეფექტისკენ მიდის. 


ჯგუფის ცნობით, ბოლო 67 წლის მანძილზე, ვულკანი ენერგიულად მოქმედებს, რამაც რამდენჯერმე მცირე მიწისძვრაც კი გამოიწვია. სწორედ მსგავსი ეფექტები უძღვოდა წინ 1538 წლის ამოფრქვევასაც. 


წარსულში მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი მღელვარება ვულკანს ამოფრქვევისთვის საჭირო ენერგიას დააკარგვინებდა, მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ ენერგია სწრაფი აკუმულირების პროცესშია.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი