logo_geo
4000 წლის სამარხში თავმოჭრილი ბაყაყებით სავსე ქილა აღმოაჩინეს
- +

28 სექტემბერი. 2017. 21:40



იერუსალიმში აღმოჩენილი 4000 წლის სამარხი საკმაოდ საოცარ სიურპრიზს მალავდა - სამგლოვიარო ჭურჭელს, რომელშიც სულ მცირე, ცხრა ციცქნა გომბეშოს ძვლები ეყარა; როგორც ირკვევა, ქილაში ჩაყრამდე, ბაყეყებისთვის თავები დაუჭრიათ. 


სამარხი ნაჰალ-რაფაიმის აუზში, იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სიახლოვეს, 66 სხვა საფლავთან ერთად აღმოაჩინეს. ეს ზონა განსაკუთრებით დასახლებული ყოფილა ქანაანელთა პერიოდში; რეგიონში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი დასახლება, ორი ტაძარი და მრავალი საფლავი.


სამარხები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. გარდაცვლილათათვის საკვებით სავსე სამგლოვიარო ჭურჭლის ჩატანება უცხო არაა, მაგრამ ნამდვილად გასაოცარია ასეთ ქილაში ბაყაყების პოვნა.


„როგორც მახსოვს, ისრაელში ბაყაყები აღმოჩენილია ერთადერთ სხვა ადგილას - ვადი-არაში და ისინი გვიანდელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება", - უთხრა The Times of Israel-ს ისრაელის სიძველეთა სამმართველოს წარმომადგენელმა, გათხრების ხელმძღვანელმა შუა კისილევიცმა.


საფლავი საგანგებოდ იყო დალუქული დიდი ქვით. შიგნით აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი ადამიანის ცუდად შენახული ჩონჩხი, რომლის ირგვლივაც ხელუხლებელი ვაზები და თიხის ქილები ეყარა.


„საგანგებოდ დალუქული სამარხების აღმოჩენა არქეოლოგისთვის შეუფასებელი საგანძურია, რადგან ისინი ერთგვარი დროის კაფსულებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ საგნები თითქმის ზუსტად ისეთი, როგორებიც დატოვეს", - აღნიშნავენ კისილევიცი და ზოჰარ ტურგმენ-იაფი.


სხვა სამარხებში აღმოჩნდა მიცვალებულისთვის ჩატანებული  მრავალგვარი საკვები, მაგალითად თხები, ხარები და გაზელები, ისევე როგორც ლამპრები, ამულეტები, ქინძისთავები და ა. შ.


„მიგვაჩნია, რომ ეს ისეთი საკვები იყო, როგორსაც გარდაცვლილები სიცოცხლეში მოიხმარდნენ. სწორედ ამიტომაა ბაყაყები თავმოჭრილი. საკვებად მომზადებამდე, ბაყაყისთვის თავი უნდა მოეჭრათ, რათა შემდეგ კანი გაეცალათ", - ამბობს კისილევიცი.


აღმოჩენას ჯგუფი 2017 წლის 18 ოქტომბერს, ებრაულ უნივერსიტეტში, არქეოლოგიურ კონფერენციაზე წარადგენს.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი