logo_geo
10 პრობლემა, რომლის წინაშე კაცობრიობა 2050 წელს აღმოჩნდება
- +

1 ოქტომბერი. 2017. 13:54


 

რა მოხდება 30 წლის შემდეგ? - დღეს გადაჭრით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი ისეთი საფრთხე, მაგალითად, ატომური ენერგიის გამოყენების უარყოფითი შედეგები, დედამიწის მოსახლეობის ზრდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული, ნამდვილად არ მიგვიყვანს დადებით შედეგებამდე.

 

1. ადამიანის გენების მოდიფიცირება

ერთი შეხედვით, ამ ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბები, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არც ისე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ალბათობა დიდია იმისა, რომ 2050 წლისთვის ეს საკითხი აქტუალური გახდეს.


ადამიანის დე-ენ-მის ერთ-ერთი უბანია კრისპერი (CRISPR), რაც ბაქტერიული უჯრედის იმუნური სისტემაა. მას შეუძლია დე-ენ-მის ისე შეცვლა, რომ მასში აღარ დარჩეს, კიბოს ან სხვა მძიმე დაავადებების გამომწვევები, თუმცა მისი საშუალებით შეძლებულ და ამპარტავან ადამიანებს ასევე შეეძლებათ შვილების "დიზაინი" თავადვე, ხელოვნურად შექმნან.


შევხედოთ ამ ბნელ მხარესაც. ტექნოლოგიის სწრაფი ტემპი ხშირად არ იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ სიახლის ეთიკურ შემადგენლობაზე და საბოლოო შედეგზე სრულფასოვნად იმსჯელო. ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ქმნის რეალურად ადამიანს ადამიანად და დე-ენ-მის რომელი ნაწილის შეცვლაა დაუშვებელი.


2. მოსახლეობის გადაბერება

ჩვენი პლანეტის მოსახლეობა არა მხოლოდ რაოდენობრივად იზრდება, არამედ ადამიანები უფრო დიდ ხანსაც ცოცხლობენ. 2100 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 100 წლამდე მიაღწევს, 50-ჯერ გაიზრდება და მათი რიცხვი 26 მილიონს მიაღწევს. მსოფლიოში იმ სახელმწიფოების რიცხვიც გაიზრდება, სადაც მოქალაქეების საშუალო ასაკი 65 წელზე მეტი იქნება. რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ხანდაზმულებს საზოგადოებისგან მეტი მხარში დგომა სჭირდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებული ზრუნვაც. ამისათვის იაპონიაში უკვე დაგეგმილია რობოტების გამოყენება.

 

3. ქალაქების გაქრობა

მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის ამაღლებას იქამდე მივყავართ, რომ ზოგიერთი ქალაქი თანდათან გაქრება. მაგალითისთვის სიტუაცია მაიამიშიც საკმარისია. კლიმატი იცვლება და ლაპარაკია არა მხოლოდ ტეხასის მსგავს წყალდიდობებზე. ამინდის ცვლილება ქალაქების დიზაინსაც შეცვლის. საჭირო გახდება, უფრო მეტი დამბის აშენება, ხოლო პირველი სართული უფრო მაღალზე იქნება, ვიდრე დღეს არის.


მაგრამ ყველაფერი ეს, დროებითი ღონისძიებებია. თუ კლიმატის ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, მთელი რიგი კუნძულები, ქალაქებისა და რეგიონების ნაწილი გაქრება, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ამას ძალიან სერიოზული ეკონომიური ეფექტი მოჰყვება და გაჩნდება უამრავი "კლიმატური ლტოლვილიც".


4. ახალი გეოპოლიტიკური ქაოსი

გასულ წელს, ჩვენ თვალს ვადევნებდით, როგორ ინგრეოდა გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის მიღწევასაც ათწლეულები დასჭირდა. ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას არ წყვეტს. ომებისგან და ძალადობისგან თავის დასაღწევად ათასობით ლტოლვილი საზღვრებს კვეთს, ჰაკერები სხვა სახელმწიფოს არჩევნებში ერევიან. ნაციონალისტური განწყობები მთელს მსოფლიოში იზრდება. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ამ კავშირის მომავალს საფრთხეს უქმნის.


5. სოციალური ქსელების ევოლუცია

სოციალურმა ქსელმა და ზოგადად ინტერნეტმა ადამიანებს შორის კავშირი გაამარტივა. დღეს ადამიანების უმრავლესობა ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს, შესაბამისად, Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი (ან რაც მათ ნაცვლად იქნება 2050 წლისთვის) არსად გაქრება.


ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ კუთხით შეიძლება გაჩნდეს არის ის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ იარსებებს. ეს ქმნის ისეთ პრობლემას, როგორიცაა კიპერბულინგი.


ინტერნეტ-ტროლების წინააღმდეგ უკვე ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა მობილიზებული, მაგრამ არავინ იცის, შეძლებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები ან სოც.ქსელების მფლობელი კომპანიები ამ სასტიკ ფენომენთან გამკლავებას.


ოპტიმისტები ამბობენ, რომ ყველა პრობლემა მალე მოგვარდება... Facebook-ი ჯერ მხოლოდ 13 წელია, რაც არსებობს, შესაბამისად, რა იქნება 30 წლის შემდეგ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.


6. ტრანსპორტის უსაფრთხოება

ურბანიზაციის სწრაფი ტემპისა, ჩქაროსნული მატარებლებისა და Hyperloop-ის ტექნოლოგიების მიუხედავად, ავტომობილები ქუჩებიდან არსად გაქრება. კვლევების მიხედვით, მანქანების რაოდენობა გაიზრდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა გარემოსა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.

 

7. ბუნებრივი რესურსების ამოწურვა

21-ე საუკუნის ტექნოლოგიები, ისეთი, როგორიცაა სმარტფონი, მის დასამზადებლად 60-ზე მეტი „ინგრედიენტია" საჭირო, შესაბამისად, ბუნებრივი რესურსები სწრაფად იწურება. ჩინეთში, სადაც იშვიათი ლითონების 90% მოიპოვება, მათი მარაგი 20 წელიწადში ამოიწურება და მათი სხვა მასალით ჩანაცვლება რთული იქნება.


8. სხვა პლანეტების დაპყრობა

შეუძლიათ თუ არა იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს კოსმოსურ ტურებს სთავაზობენ, მათი დაცვა? ან შესაძლებელი გახდება თუ არა, მარსის დაპყრობის გზების მონახვა, რისკენაც სტივენ ჰოკინგი მოუწოდებს?


ამჟამად, კოსმოსში ფრენა მხოლოდ აეროკოსმოსურ სააგენტოებს და მილიარდერებს შეუძლიათ, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა იზრდება, რაც წარმოქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კოსმოსური ლოჯისტიკა, კოსმოსური უსაფრთხოება და კოსმოსური დიპლომატია.


9. ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდა

თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სტიმულატორების მიღება (იგივე ყავის) ჩვეულებრივი ამბავია. სმარტფონები ჩვენს ტვინს დამატებითი "მეხსიერებით" უზრუნველყოფს. რა მოხდება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში? წარმოიდგინეთ პრეპარატები, რომლებიც უფრო სწრაფად აზროვნებაში დაგვეხმარება. ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიებში აქტიურად მუშაობენ. აქ საქმე გვაქვს იურიდიულ და ეთიკურ ასპექტებთან: გამოცდის წინ ყავის დალევა ერთია და სპეციალური აბის მიღება კიდევ სხვაა. სპეციალისტებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი.


10. ხელოვნური ინტელექტის გავლენა

 

ამერიკელმა ფუტურისტმა რეი კურცვეილმა თავის დროზე იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანისას გადააჭარბებს და დაიწყებს თვითნებურად განვითარებას. გულახდილები რომ ვიყოთ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კაცობრიობის სრული განადგურების სცენარის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი