logo_geo
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
- +

4 ოქტომბერი. 2017. 02:40



შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ გაქვთ შანსი, ეს შესაძლებლობა საკუთარ გვარ-სახელს მისცეთ.


ენთუზიასტებს მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ NASA-ს მორიგ მარსულ ტურნეში - უფრო კონკრეტულად, თითოეულ თქვენგანს შეუძლია მეზობელ პლანეტაზე გააგზავნოს საკუთარი სახელი. ჩანაწერებს მავალი InSight-ი წაიღებს, რომელიც 2018 წლის მაისში გაეშვება და წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდება. 


ამ ეტაპზე, კოსმოსურ ხომალდთა სპეციალისტები მავალ InSight-თან ერთად ასევე ამზადებენ ათცენტიანის ზომის ჩიპს, რომელშიც ყველა იმ ადამიანის გვარ-სახელი ჩაიწერება, ვინც სპეციალურ ონლაინ-ფორმას შეავსებს.


საკუთარი გვარ-სახელის ჩაწერა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, NASA-ს საიტზე შეგიძლიათ. ქვეყნის ველში საქართველოს არჩევის შემთხვევაში, თქვენ არ მოგეთხოვებათ საფოსტო ინდექსის მითითება. ამ დროისათვის, უკვე ჩაწერილია 831 865 ადამიანის სახელი. რამდენიმე თვეში „ისინი" 56 მილიონ კილომეტრიან ტურნეში გაემგზავრებიან.


NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ინჟინრები სახელებს 8 კვადრატულ მილიმეტრიან სილიციუმის მიკროჩიპზე დაიტანენ. უკიდურესად ციცქნა, ადამიანის თმის ღერის სისქეზე ათასჯერ წვრილ ასოებს ელექტრული ნაკადის გამოყენებით დაწერენ. ათცენტიანის ზომის ჩიპი მავალის ჯავშანზე მიმაგრდება და მარსზე სამარადისოდ დარჩება.


მსგავსი ტექნოლოგია NASA-ს წარსულშიც გამოუყენებია. მილიონობით ადამიანის სახელი მარსზე უკვე წაღებული აქვს წინა წლებში გაგზავნილ მავალებს.


მარსმავალი InSight-ი შეისწავლის წითელი პლანეტის წიაღს, სეისმურ აქტივობას, გეოდეზიასა და სითბოს გადაადგილებას. ეს გახლავთ მარსის პირველი მისია, რომლის მთავარი დანიშნულებაც პლანეტის ღრმა ინტერიერის შესწავლა იქნება. მისი აღმოჩენები დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ მზის სისტემის კლდოვანი პლანეტების ადრეულ ისტორიაში.


მაშ ასე, თუ გსურთ თქვენი სახელი ისტორიულმა მისიამ თან წაიღოს და სამარადისოდ დარჩეს წითელი პლანეტის ისტორიას, იჩქარეთ, ფორმის შევსება 1 ნოემბრამდე შეგიძლიათ. 











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი