logo_geo
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
- +

5 ოქტომბერი. 2017. 21:22



ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალმა ვარსკვლავურმა ობიექტმა, შეიძლება თავის საიდუმლო ბოლოსდაბოლოს  გაგვიმხილოს. 


ვარსკვლავი KIC 8462852, ასევე ცნობილი, როგორც ტაბის ვარსკვლავი ან ბოიაჯიანის ვარსკვლავი - გამოირჩევა სინათლის უჩვეულო ჩაბნელებებით. NASA-ს კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპს დაფიქსირებული აქვს ამ ვარსკვლავის 20%-ით ჩაბნელებაც კი მხოლოდ ერთ დღეში. გარდა ამისა, იგი მიდრეკილია უფრო ფაქიზი, მაგრამ გრძელვადიანი ჩაბნელებისკენაც; ერთ-ერთი ასეთი ჩაბნელება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მსგავსი ქცევა მოსალოდნელი არაა მზეზე ოდნავ მასიური არც ერთი ნორმალური ვარსკვლავისთვის. ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ მრავალი სპეკულაცია აგორდა; მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, მისი არასტაბილურობის მიზეზი გადაყლაპული პლანეტაა, ყველაზე ხატოვანი თეორიის მიხედვით კი, ვარსკვლავის გარშემო მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციას აგებული აქვს გიგანტური მეგასტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავის ენერგიას აგროვებს და იწვევს მისი სიკაშკაშის შემცირებას.


როგორც NASA-ს სპიტცერისა და სვიფტის მისიებისა და ბელგიის ობსერვატორია AstroLAB IRIS-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა გვთავაზობს, გრძელვადიანი ჩაბნელებების მიზეზია ვარსკვლავის გარშემო მოძრავი არამდგრადი მტვრის ღრუბელი. ეს მოსაზრება ცივ წყალს ასხამს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურისა" და სხვა უფრო გეზოტიკურ თეორიებს. 


და ნამდვილი თოფის გასროლა: მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაბნელება გაცილებით ნაკლებია ინფრაწითელ სინათლეში, ვიდრე ულტრაიისფერში. მტვრის ნაწილაკებზე დიდი ნებისმიერი ობიექტი, ტაბის ვარსკვლავის წინ ჩავლისას, სინათლეს თანაბრად უნდა აბნელებდეს ტალღის ყველა სიგრძეში.


„ეს ყველაზე მეტად გამორიცხავს უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის თეორიას, რადგან მის მიერ გამოწვეული ჩაბნელება ტალღის სიგრძეზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ვვარაუდობთ, რომ ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს მტვრის ღრუბელი, რომელიც ერთ გარშემოვლას 700 დღეს ანდომებს", - ამბობს არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰუან მენგი, The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი.


რატომ მტვერი?


სინათლის ჩაბნელებას ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყოველდღე ვხედავთ: თუკი ერთ ნათელ, მზიან დღეს პლაჟზე წახვალთ და ქოლგის ქვეშ დაჯდებით, ქოლგა შემაცირებს თქვენს თვალებზე დაცემული მზის სინათლის ოდენობას ტალღის ყველა სიგრძეში. მაგრამ თუკი დაისს დაუცდით, დაინახავთ წითელ მზეს, რადგან ამ დროს, ლურჯ და ულტრაიისფერ სინათლეს ციცქნა ნაწილაკები ფანტავენ. როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, ობიექტები, რომლებიც ტაბის ვარსკვლავის გრძელვადიან ჩაბნელებებს იწვევენ, დიამეტრით რამდენიმე მიკრომეტრს არ უნდა აღემატებოდნენ.


2016 წლის იანვრიდან დეკემბრამდე, ტაბის ვარსკვლავს მკვლევრები ულტრაიისფერში სვიფტის ტელესკოპის გამოყენებით აკვირდებოდნენ, ინფრაწითელში კი სპიტცერის ტელესკოპით. კოსმოსურ ტელესკოპთა მონაცემების შესავსებად, ისინი ვარსკვლავს იმავე პერიოდში ასევე დააკვირდნენ ხილულ სინათლეში, რისთვისაც ბელგიური 68-სანტიმეტრიანი ტელესკოპი AstroLAB IRIS-ი გამოიყენეს.


იქიდან გამომდინარე, რომ ულტრაიისფერში დაფიქსირდა ძლიერი ჩაბნელება, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ სინათლის მბლოკავი ნაწილაკები ვარსკვლავთშორის მტვერზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, პატარა მარცვლები, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს სადმე, ნებისმიერ ადგილას დედამიწასა და ტაბის ვარსკვლავს შორის. ასეთი პატარა ნაწილაკები ვარსკვლავის ორბიტაზე ვერ დარჩება, რადგან ვარსკვლავის სინათლის წნევა მათ უფრო შორს, კოსმოსში გადაკარგავდა. როგორც წესი, ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვერი არაა იმდენად პატარა, რომ გაიფანტოს, მაგრამ არც იმდენად დიდია, რომ სინათლე ტალღის ყველა სიგრძეში ერთნაირად დაბლოკოს. ეს გახლავთ ამჟამად არსებული ყველაზე საუკეთესო ახსნა, თუმცა ბოლომდე ჯერ არც სხვების გამორიცხვა შეიძლება.


თანამშრომლობა მოყვარულ ასტრონონომებთან


აღმოჩენის დღიდან, ტაბის ვარსკვკლავის კვლევის განუყოფელი ნაწილნი არიან მოყვარული ასტრონომები. პლანეტებზე მონადირეთა პროექტის მონაწილეებმა, ამ ვარსკვლავის შუქს თავდაპირველად „ანომალიური" და „საინტერესო" უწოდეს; ამ პროექტის ფარგლებში, კეპლერის მონაცემებში ყველას შეუძლია პლანეტების ძებნა. 


სამომავლო კვლევა


მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ავტორებს კარგი თეორია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ბნელდება ტაბის ვარსკვლავი გრძელვადიან პერიოდებში, მათ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ახსნან მოკლეპერიოდიანი ჩაბნელებები, მაგალითად, სამდღიანი ჩაბნელება რამდენიმე თვის წინ. გარდა ამისა, ბოლომდე ვერ ხსნიან იმ 20%-იანი ჩაბნელების საიდუმლოს, რომელიც კეპლერმა პირველი მისიის დროს გედის თანავარსკვლავედის კვლევისას დააფიქსირა. სპიტცერისა და NASA-ს Wide-field Infrared Survey Explorer-ით ჩატარებული წინა კვლევები ასევე გვთავაზობს, რომ მოკლეპერიოდიან ჩაბნელებებში შესაძლოა ბრალი მიუძღვოდეთ ვარსკვლავის გარშემო მოძრავ კომეტათა ჯგუფებს. ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი მტვრის ყველაზე გავრცელებული წყარო სწორედ კომეტებია, შესაბამისად, ისინი შესაძლოა პასუსიხმგებელნი იყვნენ გრძელვადიან ჩაბნელებებზეც.


ახლა, K2-ის სახელით ცნობილ თავის ამჟამინდელ მისიაში, კეპლერის ტელესკოპი ცის სხვა მონაკვეთებს იკვლევს და შესაძლოა ტაბის ვარსკვლავისთვის სულ ვეღარ მოიცალოს, თუმცა ამ იდუმალი ობიექტის მრავალ საიდუმლოს ფარდას ალბათ მომავლის ტელესკოპები ახდიან.


„ტაბის ვარსკვლავს არ უნდა ჰქონდეს მზის აქტივობის ციკლის მსგავსი რამ. საქმე გვაქვს რაღაც ისეთთან, რასაც დამატებითი კვლევები სჭირდება და აუცილებელია, მეცნიერთა ინტერესი მის მიმართ შემდგომ წლებშიც გაგრძელდეს", - ამბობს ასტრონომი ზიგფრიდ ვანავერბეკე.



ტაბის ვარსკვლავი, რომლის ტექნიკური სახელწოდებაც KIC 8462852-ია, ჩვენს მზეზე უფრო დიდი და ცხელია, მდებარეობს დედამიწიდან 1500 წინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომში, გედისა და ქნარის თანავარსკვლავედებს შორის.  


მისი არსებობის შესახებ 2009 წლიდან ვიცით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გახდა სხვა ვარსკვლავებს შორის მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა მის შუქში არარეგულარული და ხშირი ჩაბნელებები შენიშნეს. 


ვარსკვლავთა უმეტესობის ნათება პერიოდულად 1%-ით იკლებს - როდესაც მის წინ ეგზოპლანეტა ჩაივლის. თუმცა, ტაბის ვარსკვლავის სინათლის ცვალებადობა იმდენად დიდი და უჩვეულოა, რომ მეცნიერთა ერთ ნაწილს ისიც კი აფიქრებინა, თითქოს შესაძლოა იქ უცხოპლანეტელებს ე. წ. დაისონის სფეროს მსგავსი გიგანტური სტრუქტურა ჰქონდეთ,  რომელიც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. 


რაც შეეხება „დაისონის სფეროს" - მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.


რა ხდება სინამდვილეში ტაბის ვარსკვლავის თავს? ყოველივეს ალბათ სამომავლო კვლევები დაადგენს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი