logo_geo
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 22:55



შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი მზის სისტემის გარე, ყინულოვან კიდეებზე, იმალება სიბნელეში, მაგრამ სცენის მიღმიდანაც კი, სიმებს ნაზად ექაჩება: ჭიმავს შორეულ ობიექტთა ორბიტებს და უფრო მეტიც, შესაძლოა მთელს მზის სისტემასაც ერთი მიმართულებით ხრიდეს.


თუკი იქ პლანეტა მართლაც არის, უნდა იყოს ძალიან შორს. ეს გახლავთ შესაძლო „მეცხრე პლანეტა" - დედამიწაზე სავარაუდოდ 10-ჯერ მასიური სხეული, რომელიც მზიდან ნეპტუნზე 20-ჯერ უფრო შორს მდებარეობს. მისი ნიშნები არაპირდაპირია, ძირითადად მისი გრავიტაციული კვალის სახისაა, თუმცა მაინც მხედველობაში მისაღები.


მასზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონადირე მეცნიერის განცხადებით, ახლა უკვე ძალიან ძნელია მზის სისტემის წარმოდგენა მეცხრე პლანეტის გარეშე. 

 

„უკვე არსებობს დაკვირვებად მტკიცებულებათა ხუთი სხვადასხვა ხაზი, რომლებიც მეცხრე პლანეტის არსებობაზე მიუთითებენ", - ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი კონსტანტინ ბატიგინი, რომლის ჯგუფიც შესაძლოა ძალიან ახლოს იყოს ამ ამბის ამოხსნასთან.


„თუკი ამ ახსნას უგულებელყოფთ და წარმოიდგენთ, რომ მეცხრე პლანეტა არ არსებობს, თქვენ წინაშე წამოიჭრება კიდევ უფრო ბევრი პრობლემა, ნაცვლად მისი გადაწყვეტისა. უეცრად, თქვენს ხელთ აღმოჩნდება ხუთი სხვადასხვა თავსატეხი და მათ ასახსნელად დაგჭირდებათ ხუთი სხვადასხვა თეორია".


ბატიგინმა და კიდევ ერთმა თანაავტორმა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა, მაიკ ბრაუნმა მეცხრე პლანეტის კვალის პირველი სამი ნიშანი 2016 წლის იანვარში, Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერეს. კოიპერის სარტყელში - ნეპტუნს გადაღმა, ვარსკვლავთშორის სივრცისკენ გადაჭიმულ  ყინულოვან სხეულთა რეგიონში, ჩვენთვის ცნობილი ექვსი ობიექტიდან ყველას, ერთი მიმართულების ელიფსური ორბიტა აქვს. ეს უკვე ძალიან უჩვეულო და საკმაოდ საეჭვი ფაქტია. გარდა ამისა, მათი ორბიტები ასევე ერთნაირი მიმართულებით, 30 გრადუსითაა დახრილი მზის სისტემის სხვა პლანეტათა ორბიტულ გეგმასთან მიმართებაში. 


გარდა ამისა, მზის სისტემის კომპიუტერულმა სიმულაციებმა, რომელშიც მეცხრე პლანეტაც იყო ჩართული - აჩვენა, რომ მზის სისტემის გეგმის მიმართ კიდევ უფრო მეტი ობიექტი უნდა იყოს დახრილი. სინამდვილეში, დახრილობა უნდა იყოს 90 გრადუსიანი წყობით ისე, რომ ნაპირიდან შეხედვის შემთხვევაში, მზის სისტემა და ეს ობიექტები X-ის ფორმას წარმოქმნდინენ. ბრაუნი მიხვდა, რომ ხუთი ასეთი ობიექტი ასტრონომთათვის უკვე ცნობილია.


თავდაპირველი კვლევის შემდეგ, გამოვლინდა კიდევ ორი მნიშვნელოვანი გასაღები. ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ მეორე სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ მეცხრე პლანეტას მზის სისტემის პლანეტები უკანასკნელი 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში უნდა დაეხარა. ამან კი შეიძლება ახსნას ძველისძველი საიდუმლოება: ის გეგმა, რომელზეც მზის სისტემის პლანეტები ორბიტაზე მოძრაობენ, რატომ არის 6 გრადუსით დახრილი მზის ეკვატორის მიმართ?


„დროის ძალიან დიდ მონაკვეთში, მეცხრე პლანეტა მოახდენს მთლიანი მზის სისტემის გეგმის პრეცესიას ან გახდის მერყევს", - ამბობს ბატიგინი.


მეცხრე პლანეტის არსებობის ბოლო ნიშანს იძლევიან მზის სისტემის მოწინააღმდეგეები - კოიპერის სარტყლის ობიექტები, რომლებიც ორბიტაზე მზის სისტემის ყველა სხვა დანარჩენი ობიექტის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. სწორედ მეცხრე პლანეტის ორბიტულმა გავლენამ უნდა ახსნას, თუ რატომ იწვევენ კოიპერის სარტყლის გარე ნაწილის ეს ობიექტები სარტყლის შიდა ნაწილის „დაბინძურებას".


„ასე ძლიერ დახრილი ორბიტების ბედ-იღბალის ახსნა არც ერთ სხვა მოდელს არ შეუძლია", - ამბობს ბატიგინი.


„როგორც ჩანს, მეცხრე პლანეტა მათთვის ერთგვარ ბუნებრივ გამზირს ქმნის. ეს სხეულები მზის სისტემის გეგმიდან მეცხრე პლანეტის მიერაა აწეწილ-დაწეწილი, შემდეგ კი ნეპტუნის მიერ შიდა მიმართულებით შეყრილი".


შემდეგი ნაბიჯი თავად მეცხრე პლანეტის პოვნაა. ამის გაკეთებას ბატიგინი და ბრაუნი ჰავაის მაუნე-კეას სუბარუს ტელესკოპით ცდილობენ. ბატიგინის თქმით, ეს ტელესკოპი საუკეთეს ხელსაწყოა ბნელი, უკიდურესად შორი, ცის უზარმაზარ სახვევებში დაკარგული ობიექტების საპოვნელად. 


მაგრამ საიდან გაჩნდა მეცხრე პლანეტა? ბატიგინის თქმით, მისი წარმოშობის გარკვევას ის მცირე დროს უძღვნის - არის თუ არა იგი მზის სისტემიდან გაქცეული? ან იქნებ მოხეტიალე პლანეტაა, რომელიც ჩვენი მზის გრავიტაციამ დაიჭირა?


„ვფიქრობ, მეცხრე პლანეტა თავად გვეტყვის გარკვეულ ცნობებს თავის წარმოშობის შესახებ, როდესაც მას აღმოვაჩენთ", - აღნიშნავს ბატიგინი.


ბატიგინის მიერ მეცხრე პლანეტის დამადასტურებლად შერაცხულ მტკიცებულებებს განსხვავებულ ახსნებს უძებნიან სხვა მეცნიერები. ცის რუკაზე დატანის ახლახან ჩატარებულმა პროექტმა სახელწოდებით „გარე მზის სისტემის წარმოშობის კვლევა" - ნეპტუნს გადაღმა 800-ზე მეტი ობიექტი აღმოაჩინა; მათ ანალიზებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ მტკიცებულებები ასევე შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს ასეთ ობიექტთა შემთხვევით გადანაწილებასთან. თუმცა, ვიქტორიას უნივერსიტეტის მკვლევრის, კორი შანკმანის ჯგუფის კვლევას მეცხრე პლანეტის არსებობის გამორიცხვა ჯერ მაინც არ შეუძლია.


თუკი მეცხრე პლანეტას ვიპოვით, ეს იქნება მისი დაბრუნება სამშობლოში ან როგორც მინიმუმ, ოჯახურ შეკრებაზე მაინც. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავების გარშემო ვიპოვეთ პლანეტათა ყველაზე გავრცელებული ტიპის - ე. წ. სუპერდედამიწის არაერთი წარმომადგენელი, ასევე მათი უფრო დიდი ბიძაშვილები - დედამიწაზე დიდი, მაგრან ნეპტუნზე პატარა პლანეტები.


დიახ, პლანეტათა ასე გავრცელებული ეს ტიპი ჩვენს მზის სისტემას აშკარად აკლია. დედამიწაზე 10-ჯერ მძიმე მეცხრე პლანეტის აღმოჩენა კი ამ დანაკლისს უდავოდ შეავსებდა.


შესაძლოა სწორედ მეცხრე პლანეტა იყოს ჩვენი ნაკლული სუპერდედამიწა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი