logo_geo
ფოტოგრაფის პასუხი - რეალური ისტორია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტოს უკან
- +

6 ოქტომბერი. 2017. 17:47


 

„ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო", - ასე ეხმაურება ფოტოგრაფი ელისონ ბათიგიგი მის მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც ინტერნეტში არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა. ფოტოზე ასახულია, როგორ ნადირობენ გეპარდები იმპალაზე. სოციალურ მედიაში ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს, იმპალამ გეპარდებისთვის თავის შეთავაზებით თავისი ნუკრები სიკვდილისგან იხსნა.


თუკი ცრემლები მოგადგათ, როცა წაიკითხეთ ისტორია იმაზე, თუ როგორ შესთავაზა დედა იმპალამ საკუთარი თავი გეპარდებს, რათა გადაერჩინა თავისი ნუკრების სიცოცხლე და ამის შემდეგ, როგორ იტანჯებოდა ფოტოგრაფი დეპრესიით, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ თქვენ სხვადასხვა ყალბი Facebook-გვერდების მსხვერპლი გახდით.


dnaindia.com დაუკავშირდა ფოტოგრაფ ელისონ ბატიგიგს და შეატყობინა, რომ მისი ფოტოს ირგვლივ გავრცელებული ყალბი ისტორია ინტერნეტში სულ უფრო და უფრო მეტად ვირუსული ხდებოდა. ფოტოგრაფმა გამოცემას 2013 წელს გადაღებული სრული ფოტოისტორია გაუგზავნა.


„დეპრესია არ მქონია - ეს არის ტყუილი, რომელიც ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ უფრო მეტი ლაიქები დაეგროვებინათ მათ გვერდებზე. ადამიანები მუდმივად იპარავენ ფოტოებს ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ ეს ძალიან უხეში და მტკივნეული იყო", -  თქვა ფოტოგრაფმა.


როდესაც მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომ ფოტო, რომლის წყალობითაც არაერთი ჯილდო მოიპოვა, ინტერნეტში ვირუსული გახდა, მან უპასუხა:


„დიახ, ვიცი. ათასობით ადამიანი მიგზავნის შეტყობინებებს ჩემს ყალბ „დეპრესიაზე" და იმაზე, თუ რატომ არ გადავარჩინე ირემი. ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო ეს, მინდა, რომ ვიცოდე".


ბათიგიგმა მოგვიანებით პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ფოტოს გადაღების სრული ისტორია მოყვა.


„მე ვესწრებოდი გეპარდების ნადირობას 2013 წლის სექტემბერში კენიაში. ნარაშა, დედა გეპარდი, თავის ბოკვერებს ასწავლიდა, როგორ უნდა მოეკლათ მსხვერპლი. როგორღაც, ისინი ნელა ითვისებდნენ და მოკვლის ნაცვლად, უფრო მეტად ეთამაშებოდნენ დატყვევებულ მსხვერპლს. ნარაშა, გეპარდების დედა, ისაა, რომელიც ყველა ფოტოში ყელზე წვდება იმპალას. ბოკვერები ითვისებდნენ ისეთ უნარებს, როგორიცაა მსხვერპლის დადევნება და მასზე შეხტომა, რასაც სწორად აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, როგორ დაეხრჩოთ იმპალა ეფექტიანად.


რაც ამ ფოტოში არაჩვეულებრივია, ისაა, თუ როგორი მშვიდია იმპალა ასეთ ვითარებაშიც. ის, სავარაუდოდ, შოკშია და, ამასთან, პარალიზებულია შიშით. ემოციურია ის, თუ რა პოზაში დგას ის ზოგიერთ ფოტოში, განსაკუთრებით კი მე-6-ში, სადაც ბოლომდე ახერხებს, დარჩეს ლამაზი და ამაყი. დაუმორჩილებლობა მის თვალებში კონტრასტულია მის ქცევასთან, რადგან ის საერთოდ არ ცდილობს თავის დახსნას. ამან მომცა საშუალება, რომ გადამეღო ნადირობის უნიკალური ფოტოები, სადაც ისინი მთელი თავისი გრაციოზულობით ჩანან. მე მინდოდა, რომ ფოტოს მნახველს თანაგრძნობა გასჩენოდა იმპალას მიმართ და, ამასთან, ჩემთან ერთად განეცადა ამ უჩვეულო მკვლელობის ემოციური ბუნება.


საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მეგონა, რომ მთელი მარადისობა გავიდა (არადა, სულ რაღაც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა), გეპარდების დედამ იმპალა თავის ბუნაგში წაიღო და კატებმა კარგი სადილით ისიამოვნეს".


გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ნადირობა სრულადაა ასახული:


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი