logo_geo
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
- +

6 ოქტომბერი. 2017. 22:11



ასტრონომთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ჯევიტის ხელმძღვანელობით, შეისწავლა „განსაკუთრებული კომეტა", რომელიც მზისგან 2,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ამ დრომდე, ჯერ არავის უნახავს მზისკენ მომართული ასე შორს არსებული არც ერთი კომეტა.


ჯევიტის თქმით, ეს აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება თვალი ადევნონ ასე უკიდურესად შორს არსებული კომეტის განვითარების აქტივობას.


კომეტას C/2017 K2 (PANSTARRS)-ს ან K2-ს უწოდებენ, ამჟამად ის სატურნის ორბიტის გადაღმაა და უკვე მილიონობით წელიწადია მოემართება თავის გამყინავი სამშობლოდან - მზის სისტემის გარე კიდეებიდან, სადაც ტემპერატურა -227 °C-ია.


კომეტას ფოტო  NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაუღო, მკვლევართა დაკვირვებები კი ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა. 


როგორც K2-ის ორბიტა მიუთითებს, იგი წამოსულია ოორტის ღრუბლიდან - ძალიან დიდი სფერული რეგიონიდან, რომელიც ასობით მილიარდ კომეტას შეიცავს.


შორეული მზისგან ოდნავ გამთბარმა K2-მა დაიწყო 129 000 კმ სიგანის ბუნდოვანი მტვრის ღრუბლის წარმოქმნა, რომელსაც კომას უწოდებენ; შედგება გაყინული გაზისა და მტვრის მყარი ბირთვებისგან. ეს გახლავთ პირველი შემთვხევა, როდესაც ასტრონომები მზის სისტემის პლანეტარულ ზონაში შემოსული კომეტის აქტივობას აკვირდებიან.


„იმის გამო, რომ K2 მზიდან ასე შორსაა და ასე ცივია, წყლის ყინული მასში კლდესავითაა გაყინული და დარწმუნებით ვიცით, რომ აქტივობა - ბუნდოვანი ღურბელი, რომლითაც ის კომეტას ემსგავსება - წარმოქმნილი არაა წყლის აორთქლებით, როგორც ეს სხვა კომეტების შემთხვევაში ხდება", - ამბობს პლანეტარულ მეცნიერებათა და ასტრონომიის პროფესორი დევიდ ჯევიტი. 


მისი თქმით, როგორც K2-ის კომაზე ჰაბლის დაკვირვებები მიუთითებს, მზის სინათლე ათბობს კომეტის ზედაპირზე არსებულ ისეთ აქროლად გაყინულ აირებს, როგორებიცაა ჟანგბადი, აზოტი, ნახშირორჟანგი და ნახშირჟანგი; სწორედ ამიტომ, როდესაც ეს გაყინული აქროლადები კომეტას სცილდება და თავისუფლებდა მტვერი, წარმოიქმნება კომა.


„ვფიქრობ, ეს აქროლადები მთელს K2-შია გავრცელებული. მაგრამ ზედაპირზე არსებულ აქროლადებს შთანთქავს მზის სითბო, შესაბამისად, კომეტა თავის კანს კარგავს", - ამბობს ჯევიტი.


კომეტათა უმეტესობა აღმოჩენილია მზესთან უფრო ახლოს, იუპიტერის ორბიტასთან ახლოს, შესაბამისად, მაშინ, როდესაც მეცნიერები მათ ხედავენ, კომეტები უკვე „გამომცხვარი" არიან. 


„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ K2 ყველაზე პირველყოფილი კომეტაა მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს", - აღნიშნავს ჯევიტი.


K2 ასტრონომებმა მაისში აღმოაჩინეს, ჰავაიზე მდებარე ტელესკოპებმა Panoramic Survey Telescope-მა და Rapid Response System (Pan-STARRS)-მა NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტებზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში. ჯევიტმა მისი ახლო ხედი ივნისში, ჰაბლის წყალობით იხილა, რომელიც დაეხმარა კომას სიგანის განსაზღვრასა და ბირთვის ზომის შეფასებაში. აღმოჩნდა, რომ კომეტის ბირთვის სიგანე 19 კილომეტრია, მისი კომას დიამეტრი კი დედამიწისას 10-ჯერ აღემატება. 


მას შემდეგ, რაც K2 ჰაბლის ფოტოებზე აღმოაჩინეს, მკვლევრები მიხვდნენ, რომ კომეტა და მისი კომა სინამდვილეში უფრო ადრეც იყო გადაღებული - 2013 წელს, ჰავაის ფრანგულ-კანადური ტელესკოპით, მაგრამ ის იმდენად მკრთალი იყო, რომ ყურადღბა არ მიაქციეს.


ჰაბლის ფოტოების ერთი განსაკუთრებული ასპექტი ის იყო, რომ კომეტას არ ჰქონდა კუდი - სხვა კომეტათა აუცილებელი მახასიათებელი. როგორც მეცნიერები კვლევაში მიუთითებენ, კომეტიდან გამოცლილი ნაწილაკები იმდენად დიდია, რომ მზის რადიაციის წნევას მათი დაშლა და კუდად გადაქცევა არ შეუძლია. 


„მზესთან მოახლოების კვალდაკვალ, კომეტა უფრო აქტიური გახდება და სავარაუდოდ, კუდსაც გაიკეთებს", - ამბობს ჯევიტი.


კომეტა მზესთან ყველაზე ახლოს 2022 წელს მივა, როდესაც მარსის ორბიტის სიახლოვეს ჩაივლის.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი