logo_geo
„სიკვდილის ბანაკში“ დაწყებული უჩვეულო სიყვარულის ამბავი
- +

5 ნოემბერი. 2017. 02:32

 

 

შოტლანდიელი ჯარისკაცის ჯონ მაკკეისა და ებრაელი გოგონას ედიტ შტაინერის უჩვეულო სიყვარულის ისტორია უდავოდ იმსახურებს ეკრანიზაციას. ახალგაზრდები ერთმანეთს ტრაგიკულ ვითარებაში შეხვდნენ, მაგრამ სიყვარული გადარჩენასა და ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარათ.


ნაცისტური გერმანიის ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელსაც მსოფლიო „სიკვდილის ბანაკის" სახელით იცნობს, კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას წარმოადგენდა. ოსვენციმის გაზის კამერებში მოწამვლის, შიმშილისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, მილიონზე მეტმა ებრაელმა დაასრულა სიცოცხლე.

 

 

 




 

 

 

 

 

20 წლის ებრაელი გოგონა ედიტ შტაინერი სხვებზე იღბლიანი აღმოჩნდა. ის უბრალო შემთხვევის წყალობით გადაურჩა საშინელ ექსპერიმენტს, რომელსაც „სიკვდილის ანგელოზად" წოდებული იოზეფ მენგელე ბანაკის ტყვეებზე ატარებდა. ფაშისტებმა ედიტის დიდი ოჯახის 39 წევრი სიცოცხლეს გამოასალმეს, მან კი დედასთან ერთად, გადარჩენა შეძლო და საკონცენტრაციო ბანაკის განმათავისუფლებელთა შორის, სიყვარული იპოვა...


შოტლანდიელი ჯარისკაცი ჯონ მაკკეი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ოსვენციმის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა. ნაცისტების ტყვეობის სიმწარე მასაც განცდილი ჰქონდა, თუმცა იტალიელი ჯარისკაცის ფორმაში გადაცმულმა ტყვეობიდან გაქცევა შეძლო და დიდი ბრიტანეთის სპეციალური ავიასადესანტო სამსახურის ჯარისკაცი გახდა.

ოსვენციმიდან ტყვეების გათავისუფლების აღსანიშნავად, მოკავშირეთა ძალებმა დიდი ზეიმი მოაწყვეს. სწორედ ამ ზეიმზე დაინახა ჯონმა დედასთან ჩახუტებული, შიმშილისგან დაუძლურებული ებრაელი გოგონა  და თვალი ვერ მოსწყვიტა. თავად მასთან მისვლა და გამოლაპარაკება ვერ გაბედა და მეგობარს სთხოვა, გოგონასთვის ეკითხა, მასთან იცეკვებდა თუ არა. ედიტმა ჯარისკაცს მკაცრად უპასუხა, რომ ცეკვის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ცეკვის მსურველს ამის შესახებ თავად უნდა ეთქვა. ჯონმა მასთან მისვლა გაბედა და ასე დაიწყო საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელმაც 70 წელზე მეტხანს გასტანა...

ახალგაზრდების ქორწილი 1946 წლის 17 ივლისს, ჯონის მშობლიურ შოტლანდიაში გაიმართა და მას შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არასოდეს დაშორებია. წყვილი საკუთარ, ოჯახურ სასტუმროში მუშაობდა, სანამ პენსიის ასაკმა არ მოუწია.

 

 

 

 


 

 

 

 

 


მათ ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი შეეძინათ. ჯონისა და ედიტის ქალიშვილის, შერონ მაკკეის თქმით, ედიტ შტაინერმა ოსვენციმში 6 კვირა გაატარა. ის და მისი ოჯახი წარმოშობით უნგრეთის ქალაქ სეკეშფეგერვარიდან იყვნენ. ოსვენციმში მოხვედრის შემდეგ, მათ გადარჩენის შანსები პრაქტიკულად არ ჰქონდათ. ოჯახის წევრთა უმეტესობა  ბანაკში მოხვედრისთანავე, გაზის კამერებში დაიღუპა. ნაცისტებმა ფიზიკურად სრულიად გამოფიტული ედიტი და დედამისი, სხვა ტყვეებთან ერთად, სპეციალურ ქარხანასა და მაღაროში დაასაქმეს. მათ გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, თუმცა, საბედნიეროდ, იმ ტყვეებს შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც ცოცხლად გადარჩენა შეძლეს.

შერონის თქმით, ედიტს სიცოცხლის შენარჩუნებაში ბავშვობიდან გამოყოლილი თილისმები - საყვარელი სავარცხელი და პოეზიის კრებული ეხმარებოდა. სწორედ ეს თილისმები ჰქონდა გოგონას ხელში, როცა ჯონი პირველად დაინახა. 

 

 

 

 

 


 

 

 

 


70-წლიანი ბედნიერი ცხოვრების უკანასკნელი წლები ცოლ-ქმარმა მოხუცებულთა სახლში გაატარა. 
ედიტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა ქორწინების 71 წლის იუბილემდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჯონი უკანასკნელ წუთამდე მის გვერდით იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიდხანს აღარც უცოცხლია. მოხუცებულთა სახლის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უკანასკნელ წუთამდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს „ძვირფასოთი" მიმართავდა და თვალებში შესციცინებდა. 

ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარული ყველა განსაცდელსა და თვით სიკვდილზე ძლიერია, რისი მაგალითიც ედიტ შტაინერისა და ჯონ მაკკეის ცხოვრება გახლავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი