logo_geo
„სამოთხის დოკუმენტების“ საიდუმლო - რა იპოვეს ჟურნალისტებმა ოფშორული მონაცემების ახალ არქივში?!
- +

6 ნოემბერი. 2017. 23:52



5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ), ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი გამოაქვეყნა სახელწოდებით „სამოთხის დოკუმენტები". მასალებში თხუთმეტამდე ეგზოტიკური კუნძულის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებია. 2016 წლის აპრილში ICIJ-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელსაც „პანამის დოკუმენტები" უწოდეს და რომელიც ჟურნალისტების ჯგუფმა ანონიმური წყაროსგან პანამური ფირმის Mossack Fonseca-ს მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო. 214 000-ამდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-ამდე ქართველი ფიგურირებდა.

 

ვინ არის მონაცემების წყარო?


ისევე როგორც „პანამის დოკუმენტების" შემთხვევაში, ახალი ოფშორული მონაცემები მიიღო გერმანულმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა, რომელიც წყაროს შესახებ არანაირ ცნობებს არ ასაჯაროებს. ჟურნალისტებს სულ ხელთ აქვთ 13,4 მილიონი დოკუმენტი ორი კომპანიიდან, ესენია ბერმუდული Appleby და სინგაპურული Asiacity Trust-ი. არქივებში არის 1950-2016 წლების მონაცემები. გარდა თავად კომპანიების შიდა ინფორმაციისა, ბაზაში 19 სახელმწიფოს კორპორატიული რეესტრების მონაცემებია. ეს სახელმწიფოებია: ანტიგუა და ბარბუდა, არუბა, ბაჰამის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, კუკის კუნძულები, დომინიკა, გრენადა, ლაბუანი, ლიბანი, მალტა, მარშალის კუნძულები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.


გამოძიებაში ჩართულია 96 გამოცემა და სულ 381 ჟურნალისტი 67 ქვეყნიდან. გახდება თუ არა დოკუმენტები სრულად საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც ეს იყო „პანამის დოკუმენტების" შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია.


რა მასალებია არქივში?


არქივში, ნახსენებია 120-ზე მეტი პოლიტიკოსი 50 ქვეყნიდან, მათ შორის კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო, რომლის მრჩეველიც ოფშორში მილიონობით დოლარს აბანდებდა. გარდა ამისა, Appleby-ს მასალებში არის ინფორმაცია Nike-ის, Apple-ის, Uber-ის და Facebook-ის საგადასახადო სქემებზე, ასევე მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა ლიტვაში სავაჭრო ცენტრი მალტური ფირმის გავლით, U2-ს სოლისტმა ბონომ. არის ინფორმაცია სხვა ვარსკვლავებზეც.


ამ დოკუმენტებით, გაჩნდა ეჭვი, რომ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს კავშირი აქვს რუს ოლიგარქებთან. 2017 წელს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც კი უილბურ როსმა, ოფშორული ჯაჭვით, შეინარჩუნა წილი კომპანია Navigator Holdings-ში, რომელიც სხვა ოპერაციებთან ერთად, გაზს აწვდის რუსულ ნავთობ-ქიმიურ ჰოლდინგ "სიბურს". The New York Times-ი წერს, რომ "სიბურის" აქციონერებს შორის არიან მილიარდერები, რომლებზეც ამერიკული სანქციები ვრცელდება, კერძოდ გენადი ტიმჩენკო და კირილ შამალოვი. შამალოვს ვლადიმერ პუტინის სიძეს უწოდებენ. როსის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ის არასდროს შეხვედრია "სიბურის" მფლობელებს, ხოლო სატრანსპორტო კომპანიაში ფული მანამდე ჩადო, ვიდრე ის რუსულ პარტნიორებთან დაიწყებდა მუშაობას.


დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს თავისი პირადი სახსრები აქვს ინვესტირებული ოფშორულ ფონდებში. თანაც ამ სახსრების საბოლოო მიმღებებს შორის ერთ-ერთია კომპანია BrightHouse-ი, რომელიც მიკროსესხებს გასცემს და მხილებულია საგადასახადო დარღვევებში. ლანკასტერის საჰერცოგომ, რომელიც დედოფლის პირად სახსრებს განკარგავს უკვე განაცხადა, რომ ინვესტიციისთვის ფონდების შერჩევის პროცესთან კავშირი არ ჰქონია.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი