logo_geo
წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს – უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს
- +

15 ნოემბერი. 2017. 11:46



„დაიზეპირე" - ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას...

 

„ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.

მაშ ასე, მინდა, ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატელევიზიო პერსონაჟებს სჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები-„ონლაინ". დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).

თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწავლობს. მე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.

 

მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში. იცი, რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას, გიქრობს სურვილს, ინფორმაცია დაიხსომო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა გეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს. მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.

მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავს. თუ მათ გავარჯიშებას შეწყვეტ, ის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოს) იდიოტად გადაიქცევი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერის დასნებოვნების საშიშროება და ამ უსიამოვნების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება.

 

აი, როგორია ჩემი რეცეპტი. ყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე ლექსი, როგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენ ხოლმე. შეიძლება, მეგობრებთან ერთად შეჯიბრება მოაწყო, ვის აქვს საუკეთესო მეხსიერება. თუ პოეზია არ მოგწონს, შეგიძლია, საფეხბურთო კლუბების შემადგენლობა დაიხსომო, მაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების სახელები უნდა იცოდე, არამედ სხვა გუნდებისაც, ასევე მათი შემადგენლობა გასულ წლებში (წარმოიდგინე, მე მახსოვს ტურინის კლუბის მოთამაშეების სახელები, რომლებიც სუპერგის მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ: ბაჩიგალუპო, ბელარინი, მაროზო და ა.შ.). შეეჯიბრეთ ერთმანეთს იმაში, თუ ვის ახსოვს უკეთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ახსოვთ თუ არა შენს ამხანგებს სამი მუშკეტერისა და დარტანიანის მსახურთა სახელები (გრიმო, ბაზენი, მუშკეტონი და პლანშე)... და თუ არ გინდა „სამი მუშკეტერის" წაკითხვა (თუმცა შენ არც კი იცი, რას კარგავ ამით), მსგავსი თამაში შეგიძლია მოიგონო იმ წიგნისთვის, რომელიც წაიკითხე.

 

ეს თამაშს ჰგავს, ჰო, ეს თამაშია, მაგრამ დაინახავ, შენი თავი როგორ შეივსება პერსონაჟებით, ამბებით და სრულიად განსხვავებული მოგონებებით. მკითხავ, ოდესღაც რატომ უწოდებდნენ კომპიუტერს ელექტრონულ ტვინს. იმიტომ, რომ ის ჩაფიქრებული იყო შენი (ჩვენი) ტვინის მოდელის მიხედვით, მაგრამ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი კავშირი აქვს, ვიდრე კომპიუტერს. ტვინი - ეს ისეთი კომპიუტერია, რომელიც ყოველთვის შენთან არის, მისი შესაძლებლობები განივრცობა გავარჯიშების შედეგად, შენი სამაგიდო კომპიუტერი კი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ სიჩქარეს კარგავს და რამდენიმე წელში სულაც გამოსაცვლელია. აი, ტვინს კი შეუძლია, 90 წლამდე გემსახუროს, და ოთხმოცდაათი წლისას, თუ ტვინს გამუდმებით ავარჯიშებ, გაცილებით მეტი რამ გეხსომება, ვიდრე ახლა. თანაც, ტვინი უფასოა.

 

კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერება, რომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდან, ან იმასთან, რაც შენ წაგიკითხავს. ის იმ მოვლენებს ინახავს, რომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.

 

როდესაც დღეს კინოთეატრში მიეშურები, აუცილებლად ფილმის დაწყებამდე უნდა მიხვიდე. როცა ფილმი იწყება, მაშინაც თითქოს სულ ხელს გკიდებენ და გიხსნიან, რა ხდება. ჩემ დროს შეიძლებოდა, კინოთეატრში ნებისმიერ მომენტში მისულიყავი, ფილმის შუალედშიც კი. უამრავი მოვლენა მომხდარა შენს მისვლამდე და გიწევდა იმის წარმოსახვა, თუ რა მოხდა მანამდე. როცა ფილმი თავიდან იწყებოდა, შესაძლებლობა გქონდა, გენახა, სწორი იყო თუ არა შენი რეკონსტრუქცია. თუ ფილმი მოგწონდა, შეგეძლო დარჩენილიყავი და ხელახლა გენახა. ცხოვრება მაგონებს ფილმის ყურებას ჩვენს დროში. ჩვენ იმ მომენტში ვიბადებით, როცა უკვე მრავალი მოვლენა მომხდარა ასობით ათასი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმის გაგება, მაინც რა მოხდა ჩვენს დაბადებამდე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ მიხვდე, რატომ ხდება დღეს ამდენი ახალი მოვლენა.

დღეს სკოლას ალბათ აქვს ვალდებულება, გასწავლოს ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ ეს მას ცუდად გამოსდის. სხვადასხვა გამოკითხვით დასტურდება, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ, საუნივერსიტეტომაც კი, რომელიც 1990-იან წლებშია დაბადებული, არ იცის, ან იქნებ, არც უნდა, იცოდეს, რა ხდებოდა 1980 წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ 50 წლის წინანდელ მოვლენებზე. სტატისტიკა მეტყველებს, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიან, ვინ იყო ალდო მორო, ისინი პასუხობენ, რომ იგი „წითელ ბრიგადებს" მეთაურობდა, არადა, სწორედ ამ იატაკქვეშა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს.

 

„წითელი ბრიგადების" მოღვაწეობა ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება, არადა, ისინი სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ იდგნენ პოლიტიკურ სცენაზე. მე 1932 წელს დავიბადე, ათ წელიწადში, მას მერე, რაც ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო პრემიერ-მინისტრი რომში გამართული მარშის დროს. შეიძლება, ფაშისტურ სკოლაში მიამბეს მასზე, რომ აეხსნათ, რა სულელი და ცუდი იყო ის მინისტრი, ფაშისტების მიერ ჩანაცვლებული. დაე ასე იყოს, მაგრამ მე ვიცოდი ეს. თუმცა სკოლას თავი დავანებოთ. დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ოცი წლის წინანდელი კინომსახიობების სახელები, მე კი ვიცოდი, ვინ იყო ფრანჩესკა ბერტინი, რომელიც ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე თამაშობდა მუნჯ კინოში. იქნებ, იმიტომ ვიცოდი, რომ ჩვენი სახლის სხვენზე დაყრილ ძველ ჟურნალებს ვფურცლავდი. შენც გთავაზობ ძველი ჟურნალების დათვალიერებას, რადგან ეს დაგეხმარება იმის გაგებაში, რა ხდებოდა შენს დაბადებამდე.

მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, იცოდე შორეული წარსულის მოვლენები? იმიტომ, რომ ხშირად მსგავსი ცოდნა გვეხმარება დღევანდელი მოვლენების მსვლელობის გაგებაში და ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც საფეხბურთო გუნდების შემადგენლობის ცოდნა, მეხსიერების გამდიდრებაში გვეხმარება.

 

დაიხსომე, რომ შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი მეხსიერება არა მხოლოდ წიგნებისა და ჟურნალების დახმარებით, არამედ ინტერნეტის დახმარებითაც. ის არა მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ მეგობრებთან იყბედო, არამედ მსოფლიო ისტორიის შესასწავლადაც. ვინ იყვნენ ხეთები და კამიზარები? რა ერქვა კოლუმბის სამ გემს? როდის გადაშენდნენ დინოზავრები? ჰქონდა თუ არა საჭე ნოეს კიდობანს? რა ერქვა ხარის წინაპარს? ასი წლის წინ მეტი ვეფხვი იყო თუ ახლა? რა იცი მალის იმპერიაზე? ვინ გიამბო მის შესახებ? ვინ იყო ისტორიაში მეორე პაპი? როდის შეიქმნა მიკი მაუსი?

შეკითხვების დასმა შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო, და ისინი შესანიშნავ თემებად იქცეოდა კვლევისთვის. ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეს. დადგება ის დღეც, როცა დაბერდები, მაგრამ იგრძნობ, რომ ათასობით ცხოვრება გაგივლია, თითქოს ვატერლოოს ბრძოლაში მიგიღია მონაწილეობა, იულიუს კეისრის მკვლელობას დასწრებიხარ, იყავი იმ ადგილას, სადაც იყო ბერტოლდ შვარცი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას აზავებდა ოქროს მისაღებად, შემთხვევით კი დენთი გამოიგონა და ცაში აიწია (ასე უნდა მაგას!). ხოლო შენი სხვა მეგობრები, რომლებიც არ იზრუნებენ მეხსიერების გამდიდრებაზე, მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას გაივლიან, მონოტონურსა და დიდ ემოციებს მოკლებულს.

ჰოდა, ასე, გაიმდიდრე შენი მეხსიერება და ხვალ ზეპირად დაისწავლე „La Vispa Teresa", - ნათქვამია უმბერტო ეკოს შვილიშვილისადმი მიწერილ წერილში.



წყარო - mental.ge

 

 

 


 

big_banner
არქივი