logo_geo
გმირთა მოედანი და ცირკის შენობა - მრავალსაფეხურიანი გზა ჯადოსნური სამყაროსკენ
- +

19 ნოემბერი. 2017. 22:08



თბილისში, გმირთა მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე ფართო ბაზალტის კიბის ავლით ცირკში მოხვდებით. თუმცა, არის საავტომობილო გზაც, რომელიც თამარ მეფის ხიდთან იწყება. ეს შემაღლებული ადგილი, სადაც განსაკუთებით პატარებს უყვართ სტუმრობა, სპეციალურად იმისათვის შეირჩა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ისეთი აუცილებელი ნაგებობა ჰქონოდა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოველთვის წარმატებით ფუნქციონირებდა და დღემდე ასეა. ცირკის სამშობლოდ ძველი რომი ითვლება, სადაც ასეთ ადგილებში ეტლით რბოლის საყურებლად მიდიოდა მაყურებელი. შესვენების დროს კი ხალხს უფრო მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობდნენ - წრიული ფორმის არენაზე აკრობატები და კომიკოსები (შემდეგში ჯამბაზები) გამოდიოდნენ და ტრიბუნებზე განთავსებულ საზოგადოებას ათასგვარი ხერხით ართობდნენ.


თბილისში, გმირთა მოედანი XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. XIX საუკუნის ბოლოს აქ მთავრდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. ისეთი წლებიც იყო, როცა ეს ტერიტორია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საქეიფო ადგილად ითვლებოდა, პატარ-პატარა სამიკიტნოებით, სახელწოდებებით: "ედემი", "ფანტაზია", "ნე უეზჟაი" და სხვა.


1934 წელს ამ ადგილს სახელი საბჭოთა კავშირის გმირების, გემი "ჩელუსკინის" ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად ეწოდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კლდოვანი ბორცვის გაჭრის შემდეგ, ჩელუსკინელების ქუჩა (ახლანდელი თამარ მეფის გამზირი) განვითარდა და 1932-1937 წლებში აშენდა ჩელუსკინელთა ხიდი. ამგვარი ცვლილების აუცილებლობა იმანაც განაპირობა, რომ 1927 წელს ვერეს ხეობაში ზოოპარკი გაშენდა და ქალაქის მოსახლეობა თანდათან სულ უფრო იზრდებოდა.


დღეს გმირთა მოედანი აკავშირებს თამარ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს, ვარაზისხევს, მერაბ კოსტავას ქუჩას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვერეს ხეობაში გამავალი მაგისტრალით თამარაშვილის ქუჩას. ასეთია დღევანდელი სურათი, ახლა კი ერთ ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს. აქ მხოლოდ ორი რამაა უცვლელი - თერთმეტსართულიანი და ცირკის შენობა (11-სართულიანი კოშკურა სახლი და ცირკის შენობა 1939 წელს აშენდა). დღეს არსადაა პატარა სახლები, არც ტრამვაის ხაზი, არც რამდენიმე მანქანიანი სატრანსპორტო გზა და არც უკანა ფლანგია ასე ცარიელი. ბევრი ახალდარგული მცენარეა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე საკმაოდ კარგ ჩრდილს ქმნის, თუმცა იმ ხეების ნაწილი დღეს უკვე მოჭრილია და აღარსადაა ის სიმწვანე, რომელსაც ახლა მხოლოდ ძველ ფოტოებზე მივტირით.


ბუნებრივია იმხანად თბილისში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაგებობის ასაგებად არქიტექტურული კონკურსები იმართებოდა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და არქიტექტორების - ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძისა და სტეფანე სატინცის პროექტით ააგეს ცირკის შენობა, რომელიც არქიტექტურით, აღჭურვილობითა თუ ტექნიკით იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.


როგორც ამბობენ, თბილისის ცირკის წინ კიბე არა მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ამას შენობამდე ასასვლელი მანძილი ითხოვდა, არამედ სპეციალურად იმისთვის, რომ პატარებს ფერად და ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად შესაბამისი განწყობა თავიდანვე შეჰქმნოდათ და მოლოდინი გახანგრძლივებოდათ.


არქიტექტორთა ჩანაფიქრით, ცირ­კის წრიული ფორმის შენობა ჰორიზონტალის მიხედვით სამ ნაწილად იყოფა. ქვედა: 64 მეტრის დიამეტრით, მაღალი და მძლავრი, რვასვეტიანი იონური პორტიკით მთავარ შესასვლელთან. საშუალო - ესეც მრგვალი, მაგრამ გაცილებით მცირე მოცულობით და ზემოთა - რომელსაც ამთავრებს 13-მეტრიანი დიამეტრის მქონე კონუსისმაგვარი გუმბათი. არენის გარშემო საკმაო სივრცე და 2000-ადგილიანი მაყურებელთა დარბაზია.


შენობის რეაბილიტაცია 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით განხორციელდა, 2011 წელს კი გაკეთდა რემონტი. ცირკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.


მრავალი წლის მანძილზე ცირკის დირექტორი ვლადიმერ (ლადო) კავსაძე გახლდათ. ის ცირკს გახსნიდან მალევე ჩაუდგა სათავეში და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ეს სწორედ ის ლადო კავსაძეა, რომლის ბიძა ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ. სწორედ მან ჩაუნერგა ძმისშვილს სიმღერისადმი სიყვარული. მოსკოვში ვოკალური განათლების მიღების შემდეგ, ლადო კავსაძე იქვე დარჩა და ოპერის თეატრში ჩაირიცხა. ლირიკული ტენორი მალევე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლებით რუსეთის ქალაქები მოიარა. 1921 წლიდან თავის ქვეყანას დაუბრუნდა და ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არაერთ დადგმაში მიიღო მონაწილეობა. მის ცხოვრებაში იყო ესტრადაზე გამოსვლებიც და სპორტისადმი ინტერესიც, რასაც მოგვიანებით ცირკის ხელმძღვანელად 11-წლიანი მუშაობა მოჰყვა.



 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი