logo_geo
როგორი იყო იოსებ სტალინი გარეგნულად და ჰქონდა თუ არა თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი?
- +

23 ნოემბერი. 2017. 15:55



იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) გარეგნობის შესახებ ბოლო ხანებში უამრავი ჭორი გავრცელდა. ღმერთმა უწყის, რომელ წყაროზე დაყრდნობით, მაგრამ დაბეჯითებით კი ამტკიცებენ, რომ იოსებ ჯუღაშვილს გააჩნდა თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი (დაბრეცილი ფეხები ჰქონდა, ვერ ხმარობდა ცალ ხელს და სხვ.).


არსებობს უტყუარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა ვიქონიოთ სტალინის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ესაა 1902 წლის 17 ივლისს ქალაქ ბათუმში ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოდპოლკოვნიკ შაბილსკისა და ბათუმის საქალაქო ექიმ ელიავას მიერ შედგენილი ოქმი სტალინის სხეულის დათვალიერების თაობაზე. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის 1886 წლის 26 მაისის #807 ცირკულარის მიხედვით, პირველი დაპატიმრების შემდეგ აუცილებლად უნდა შედგენილიყო პატიმრობაში მყოფის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომელიც 16 კითხვაზე პასუხის გაცემას ითვალისწინებდა. ოქმი დგებოდა ჟანდარმერიაში, მაგრამ ექიმის აუცილებელი მონაწილეობით. პატიმრის სხეულის დათვალიერების ოქმს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ ოქმის საფუძველზე რამდენიმე წლის შემდეგაც უნდა ამოეცნოთ გარდაცვლილი პატიმარი, თუნდაც სხეული უაღრესად დასახიჩრებული ყოფილიყო. იოსებ ჯუღაშვილი 1902 წელს პირველად დააპატიმრეს ბათუმში და ხსენებული ცირკულარის საფუძველზე შედგა მისი სხეულის დათვალიერების ოქმი. ოქმში პატიმარ იოსებ ჯუღაშვილის სხეულის დათვალიერების შედეგად შემდეგ კითხვებს გაეცა პასუხი:





1. სიმაღლე - 2 არშინი და 4, ½ ვერშოკი (161, 8 სანტიმეტრი. - ვ. გ.).

2. ასაკი - 23 წელი.

3. სხეულის აგებულება - ნორმალური.

ა) აქვს თუ არა სხეულის ნაწილებზე რაიმე განსაკუთრებული - მარცხენა ფეხზე

შეზრდილი აქვს მეორე და მესამე თითები.

ბ) აქვს თუ არა თავის დაჭერის რაიმე განსაკუთრებული მანერა - არა.

4. გარეგნობით მოხდენილი შთაბეჭდილება - ჩვეულებრივი.

5. თმის ფერი თავის, ღაწვების, ულვაშების, წვერის, ბაკენბარდების, წამწამების - თავის - მუქი წაბლისფერი, ულვაშებისა და წვერის - წაბლისფერი.

თმის ტიპი - სწორი.

თმის ვარცხნილობა - გადავარცხნილი.

იპარსავს თუ არა თმას - არ იპარსავს.

6. თვალის ფერი და სიდიდე, აქვს თუ არა გარეგნული დათვალიერებით რაიმე თავისებურება თვალებს, აქვს თუ არა რაიმე თავისებურება გარეგნული დაკვირვებით გამოხედვაში, შორსმხედველია თუ ახლომხედველი, ატარებს თუ არა სათვალეს - თვალები მუქი წაბლისფერია, საშუალო სიდიდის, სათვალეს არ ატარებს.

7. თავის ფორმა და განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - ჩვეულებრივი.

8. შუბლის ფორმა და განსაკუთრებული ნიშნები - შუბლი სწორი, არცთუ ისე მაღალი.

9. ცხვირის ფორმა და ზომა - ცხვირი სწორი, გრძელი.

10. სახის ფორმა, კანის ფერი, აქვს თუ არა კანს რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - სახე გრძელი, ჩოფურა ნაყვავილარი.

11. პირის ღრუ, აკლია თუ არა კბილები და კერძოდ რომელი - ქვედა მარჯვენა ყბაზე აკლია წინა კბილი.

12. პირისა და ნიკაპის ფორმა, გარეგნული თავისებურებანი, აქვს თუ არა საუბრის დროს რაიმე ჩვევა (ემანჭება ტუჩები, იღიმება) - პირი ნორმალური, ნიკაპი წაწვეტებული, საუბრისას რაიმე განსაკუთრებული ჩვევა არ აქვს.

13. ხმის ხასიათი, ებმის თუ არა ენა - ხმა წყნარი, ენა არ ებმის.

14. ყურების ფორმა და ზომა, აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი - ყურები საშუალო ზომისაა.

15. სიარულის მანერა და თავისებურებანი - ჩვეულებრივი.

16. აქვს თუ არა სხეულსა და მის დაბოლოებებზე ავადმყოფობის ნიშნები, ხალები და საერთოდ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - მარცხენა ყურზე აქვს ხალი, სახეზე ნაყვავილარი.


ამრიგად, 1902 წლისთვის იოსებ სტალინს არ ჰქონია არანაირი ფიზიკური ნაკლი და ამდენად, გავრცელებული ხმები, რომ სტალინი დაიბადა მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. შემდგომ წლებში სტალინის სხეულზე მართლაც შეინიშნებოდა ფიზიკური ნაკლი. ჟანდარმებმა ცემის დროს მას დაუზიანეს ნერვი, რის გამოც ძალიან უხერხულად ხმარობდა ხელს. ალბათ უინტერესო არ იქნება იმის ხაზგასმაც, რომ ხელის უხერხულად ხმარებას ზოგიერთი ავტორი მიაწერს სტალინის მიერ გადატანილ ინსულტს, რაც ასევე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. როგორც აღვნიშნეთ, სტალინს ხელზე ნერვი ჟანდარმებმა ცემის დროს დაუზიანეს.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი