logo_geo
რატომ არ არის რეკომენდებული ბავშვების ადრეული კონტაქტი სმარტფონთან, კომპიუტერთან და ტელევიზორთან
- +

24 ნოემბერი. 2017. 15:22

 

 

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები  დღის განმავლობაში საშუალოდ 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სმარტფონთან ან სხვა ელექტრონულ გაჯეტთან. რამდენად მიზანშეწონილია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მსგავს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და როგორ უნდა დანერგოს მშობელმა ერთგვარი „ელექტრონული დიეტა"? - „ნეტგაზეთის" შეკითხვებს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე პასუხობს:

- ჩემთვის მშობლებს უთქვამთ, რომ 7-8 თვის ასაკის ბავშვები უკვე ურთიერთობენ აიპედებთან. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, ხომ? - ტექნოლოგიური მიღწევაა, ბავშვები ვითარდებიან, ბევრ რაღაცას სწავლობენ, თითქოს რატომ უნდა იყოს ცუდი? მაგრამ თუ ჩვენ განვითარების პოზიციიდან შევხედავთ საქმეს, აღმოვაჩენთ, რომ პატარა ბავშვის ტვინი მხოლოდ რეალურ გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესში ვითარდება, რადგან ევოლოციურად ასეა მოწყობილი, ანუ ბავშვმა თუ არ იმოძრავა, თუ არ შეიგრძნო და გარემოსთან ურთიერთობის გზით არ დაინახა ეს ყველაფერი, მისი ტვინი სუსტად ვითარდება.

მეორე და ძალიან და მნიშვნელოვანი ფაქტორი - კომპიუტერებით და აიპედებით ჩვენ ხომ მზა პროდუქციას ვიღებთ, ანუ მზა ხატები გვაქვს, შესაბამისად, მე აღარ მრჩება ადგილი წარმოსახვისთვის.

მესამე საკითხი, ამ საშუალებებით ხელოვნური ურთიერთობა მიწევს ვიზუალურ ხატებთან. ეს პროგრამები ძირითადად უცხოენოვანია. საკუთარ ენაზე ცოცხალი მეტყველება ბავშვს არ ესმის, ესმის კომპიუტერიდან უცხო ენაზე გახმოვანებული პროგრამები. იცით, რა ტენდენციაა ამ ბოლო დროს? ჩემთან მოსული ბავშვების უმეტესობა თავის ენაზე ვერ ლაპარაკობს, იმეორებს ინგლისურ და რუსულ სიტყვებს, საბოლოო ჯამში, ვერც რუსული და ინგლისური ვითარდება კარგად და ვერც ქართული ცოცხალი მეტყველება.

ნახეთ, რამდენი რამ დააბრკოლა აიპედთან და კომპიუტერთან ადრეულმა ურთიერთობამ: მეტყველება შეაფერხა, ფანტაზიის უნარის განვითარება შემდგომში ვერ მოხერხდება ისე კარგად, რომ ამან სააზროვნო პროცესების კარგად განვითარებას შეუწყოს ხელი, გარდა ამისა, ბავშვი უძრავად არის კომპიუტერთან, ანუ მისი მოტორული განვითარებაც ფერხდება.


- თქვენ ამ დასკვნების შესახებ რაზე დაყრდნობით საუბრობთ?

- ეს ჩემი მიხვედრები არ არის. ბოლო 10 წლის განმავლობაში კანადასა და შეერთებულ შტატებში პედიატრებისა და ნევროლოგების ძალიან სერიოზული მოძრაობაა ამ მიმართულებით და 3 წლის წინ ამერიკის პედიატრთა აკადემიამ და ასევე კანადის პედიატრთა აკადემიამ მიიღო სპეციალური გაიდლაინი მშობლებისთვის. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია უნდა იყოს ნულის ტოლი, ანუ სანამ ტვინი აქტიურად ვითარდება. ბავშვის განვითარებაში კრიტიკული პერიოდები არსებობს. მაგალითად, მეტყველების განვითარებაში კრიტიკული პერიოდი არის 2,5 წლამდე. თუ ამ 2,5 წლის განმავლობაში ბავშვს გარშემო არ ესმის მეტყველების მოდელი, ანუ მასთან დიალოგში არ შედიან, ზღაპარს არ უყვებიან, მისი ტვინის შესაბამისი სისტემები კარგად ვერ მწიფდება და, მით უმეტეს, თუ ბავშვს პრობლემა აქვს, მისთვის საერთოდ არ შეიძლება დიდი ხნით ტელევიზორსა და კომპიუტერზე მიწებება. საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები არსებობს, რომელიც გვეუბნება, თუ რა ზიანი მოაქვს აიპედთან ხანგრძლივი დროის გატარებას კომპიუტერულ თამაშების თვალსაზრისით.


- ბავშვებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებასაც ხომ არ აფერხებს ეს ყველაფერი?

- ძალიან კარგი კითხვაა, ცხადია, კომუნიკაციას აფერხებს. ბავშვებმა არ იციან, როგორ ილაპარაკონ, დიალოგი როგორ აწარმოონ, როგორ გამოიჩინონ ინიციატივა დიალოგისთვის... ამას როგორ სწავლობთ თქვენ? ცოცხალი ურთიერთობის პროცესში, ხომ? დიალოგში თემას ხომ უნდა მიჰყვე? ის შეგეკითხება, შენ პასუხობ, ერთობლივი თამაში ხომ უნდა განახორციელოს პატარა ბავშვმა, ვიღაცას რომ ეთამაშოს... ეს უნარები ხომ უნდა გქონდეს? და ვის უნდა ეთამაშოს, კომპიუტერს? შესაბამისად, ბავშვი ვერ სწავლობს რიგის დაცვას, სხვისი პოზიციის გათვალისწინებას, ბავშვები ხდებიან იმპულსურები, ძალიან მომთხოვნები, იმიტომ, რომ მყისიერად უნდა აუსრულდეთ სურვილი, რადგან კომპიუტერში ასეა მიჩვეული, არ მოეწონება, რაღაცას მოკლავს, ვიღაცას მოუგებს, ანუ იქვე იღებს შედეგს, კი არ გადაავადებს პროცესებს დროში, ისე, როგორც დედა და მამა ეუბნებიან, რომ ხვალ გიყიდი კანფეტს, ზეგ გექნება სათამაშო. სად სცალია მაგისთვის, ის ასე არ არის მიჩვეული.


 - რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ეს ტელევიზორის ყურებსაც ეხება?

- ტელევიზორი ნაკლებად... იმიტომ, რომ ტელევიზორის შემთხვევაში მაინც პასიური მაყურებელი ხარ, შეიძლება ყურების დროს ადგე, გაიარ-გამოიარო და ცალი თვალითაც უყურო ტელევიზორს, ანუ ჩართულობის ისეთი ხარისხი მაინც არ გაქვს, იმასთან შედარებით, როცა შენ თვითონ ქმნი რაღაცებს, როცა კომპიუტერში თამაშობ, როცა შენს მოქმედებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ექიმები ტელევიზორის ყურებას უკრძალავენ.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი