logo_geo
ახალ ზელანდიაში ადამიანის ზომის გიგანტური პინგვინის ძვლები აღმოაჩინეს
- +

15 დეკემბერი. 2017. 22:02



ახალ ზელანდიაში პრეისტორიული პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც იმდენად დიდია, რომ მკვლევრებმა, რომლებმაც მისი ძვლები იპოვეს, თავდაპირველად ვერ შესძლეს იმის გარკვევა, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ნაშთები.


გვიანდელი პალეოცენის ხანით (60-56 მლნ წლის წინ) დათარიღებულ სახეობას Kumimanu biceae უწოდეს; იგი იმდენად დიდი ყოფილა, რომ სიმაღლეში 1,65 მეტრს აღწევდა, სიგრძეში, ცურვისას კი 1,77 მეტრს. წონა 100 კილოგრამზე მეტს შეადგენდა.


ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი პინგვინი, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე. ზომით ჩამორჩება მხოლოდ გვიანდელი ეოცენის ეპოქის ანტარქტიკულ პინგვინ Palaeeudyptes klekowskii-ს, რომელიც სიგრძეში 2 მეტრს აღწევდა და 115 კგ-ს იწონიდა.


ახალი ზელანდიის ტე-პაპას მუზეუმის კურატორის, ალან ტენისონის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზომა რეკორდული არაა, Kumimanu biceae უძველესი გიგანტური პინგვინია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ჩონჩხის პირველი ნაშთები ტენისონმა 2004 წელს იპოვა.


სხვა გიგანტური პინგვინები 42-35 მლნ წლის წინანდელია, შესაბამისად, თარიღდება ეოცენის ეპოქით.


უფრო ადრეული Waimanu-ს გვარის ორი სახეობის პინგვინი, რომლებიც ცარცულ-პალეოცენური გადაშენებიდან სულ მალე გამოჩნდნენ, უფრო პატარები არიან და აქვთ ნიშნები, რომ ახლოს იყვნენ ფრენის უნარის დაკარგვასთან.


„ეს პინგვინი მეტოქეობას უწევს პალეოცენში არსებულ აქამდე ცნობილ უდიდეს სახეობებს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ პინგვინებში გიგანტიზმი სულ მალე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ამ ფრინველებმა ფრენის უნარი დაკარგეს", - წერენ მკვლევრები.


„აქედან გამომდინარე, გიგანტიზმი შეიძლება პალეოგენური პინგვინების თანდაყოლილი თვისება იყოს, რაც შესაძლოა მას შემდეგ განვითარდა, რაც მათში აეროდინამიკა გაქრა".


ტენისონმა განმარხებული ნაშთები ახალი ზელანდიის ქალაქ ოტაგოს პლაჟის სიახლოვეს, კლდეში ჩაჭედილი იპოვა. თავდაპირველად, ვერაფრით მიხვდა თუ რისი ძვლები შეიძლება ყოფილიყო.


მან იპოვა კლდის ნატეხი, რომლის ზედაპირზეც ძვალი იყო ამოშვერილი, ამიტომაც, ის ოფისში წაიღო, სადაც თაროზე შემოდებული რამდენიმე წელიწადს დარჩა.


ნატეხის დაშლა 2015 წელს დაიწყეს. მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ მათ ხელთ იყო ფრინველის ძვლები. თანაც ძალიან დიდი ფრინველის.


„მუყაითმა მუშაობამ თანდათან გამოავლინა, რომ კლდის ნატეხი შეიცავდა უზარმაზარი პინგვინის უამრავ ძვალს", - ამბობს ტენისონი.

 

„ვიპოვეთ საცურაო აპკის, სხეულისა და ფეხის ძვლები და ისინი მართლაც უზარმაზარია".


ახალ პინგვინს Kumimanu უწოდეს, რაც მაორულ ენაზე „მონსტრ ფრინველს" ნიშნავს, biceae კი ტენისონმა დედამისის, ბაისის (Bice) პატივსაცემად უწოდა.


ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენად ჰგავდა K. Biceae თანამედროვე პინგვინებს, რომელთა შორის უდიდესიც საიმპერატორი პინგვინია, 1,1 მ სიმაღლით.

 

„ის უნდა ყოფილიყო ნამდვილად შთამბეჭდავი, ადამიანთა უმეტესობის სიმაღლის, ძალიან სოლიდური, კუნთებიანი ცხოველი, რათა ადვილად აეტანა ხშირი ღრმა ჩაყვინთვები მსხვერპლის მოსანადირებლად", - განმარტავს ტენისონი.

 

„ის არ იქნებოდა ისეთი ფრინველი, რომლის ცოცხლად დაჭერასაც ვინმე შესძლებდა; იგი გაცილებით ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ადამიანი".


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში გიგანტური პინგვინების გაქრობა ემთხვევა ზღვის ძუძუმწოვრების ოდენობის ზრდას.


სელაპების, ლომვეშაპების, ვეშაპებისა და ოკეანის ბინადარ სხვა ძუძუმწოვართა ექსპანსიამ სავარაუდოდ წარმოშვა ბრძოლა როგორც საკვები რესურსების, ისე ხმელეთისათვის; როგორც ჩანს, ეს ბრძოლა გიგანტურმა პინგვინებმა წააგეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი