logo_geo
უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ „მესიად ექცია“
- +

17 დეკემბერი. 2017. 13:12



მოდ ჟულიენს მამა ბავშვობაში სასტიკად აწამებდა, რათა ის „ზეადამიანად ექცია". ქალი იხსენებს, რომ 8 წლის იყო, როდესაც მამამ აიძულა, ელექტრო ღობეზე ჩაევლო ხელები კვირაში ორჯერ, თანაც ისე, რომ არანაირი ემოცია ან ტკივილი შემჩნეოდა.


ჟულიენი ფსიქიკურად შეშლილ, ალკოჰოლიკ მამას საფრანგეთში, დიდ, მდიდრულ სახლში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა, რათა გოგონა მესიად ექცია.


გოგონას სისტემატურად ამწყვდევდა ვირთხებით სავსე სარდაფში, რომ „სიკვდილზე მედიტაციით დაკავებულიყო".


ჟულიენს ეკრძალებოდა ემოციების გამოხატვა, რადგან მას „არაფერი უნდა ჰქონოდა ადამიანური". სითბო გოგონამ შინაური ცხოველებისგან - ძაღლისა და 2 პონისგან ისწავლა.


„დარწმუნებული ვარ, ცხოველების გარეშე მე ვერ გადავრჩებოდი. მხოლოდ მათთან შემეძლო სითბოს გამოხატვა, რადგან ოჯახში არავის ჰქონდა უფლება, ერთმანეთს შეხებოდნენ", - ამბობს ჟულიენი, რომელიც ახლა 60 წლისაა. მან მამის ტყვეობასა და წამებაში 18 წელი გაატარა.


მამას, ლუი დიდიეს სჯეროდა, რომ სამყაროს დასასრული მალე დადგებოდა და სურდა, შვილი ექცია მესიად, რომელიც სატანას დაუპირისპირდებოდა. ჟულიენი იხსენებს, რომ მამამისმა მისი დედა, ჟანინი 6 წლის ასაკში იშვილა და შემდეგ აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა.


ჟანინმა ჟულიენი 1957 წელს გააჩინა და დიდიემ „მესიად ბავშვის გაწვრთნა" მისი დაბადებისთანავე დაიწყო. „წვრთნა" მოიცავდა როგორც ფიზიკურ, ისე - მენტალურ ნაწილს. შედეგად, ქალს დღემდე აქვს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, დაზიანებული აქვს ღვიძლი და სხვა ორგანოები.


1972 წელს დიდიემ ნება დართო მუსიკის მასწავლებელს, ანდრე მოლინს, შესულიყო მის სახლში და შვილისთვის მუსიკა ესწავლებინა. მასწავლებელი სამი წლის მანძილზე სტუმრობდა ჟულიენს და დიდიეს ნდობის მოპოვება შეძლო. მოლინმა მამაკაცს შესთავაზა, შვილი მის მუსიკალურ მაღაზიაში გაეშვა ხოლმე მუსიკის გაკვეთილებისთვის.


როდესაც ჟულიენი 18 წლის გახდა, მამა დათანხმდა, ცოლად გაჰყოლოდა მუსიკოსს, რომელიც მუსიკალურ გაკვეთილებზე გაიცნო, თუმცა 6 თვეში დაშორდა. ამის მიუხედავად, ქორწინება მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, ქალმა შეძლო, მამის სახლისთვის თავი სამუდამოდ დაეღწია.


დიდიე 79 წლის ასაკში, 1981 წელს გარდაიცვალა.


ჟულიენი კიდევ ერთხელ გათხოვდა, 2 შვილი ჰყავს. ის უკვე ბებიაა და პარიზში ცხოვრობს.


ქალს დღემდე სჭირდება სხვადასხვა სახის თერაპია, რომ ბავშვობის ტრავმული მოგონებებისგან გათავისუფლდეს.



 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი