logo_geo
საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - ის, რაც ხშირად გსმენიათ, ან აქამდე არ იცოდით
- +

17 დეკემბერი. 2017. 19:42


 

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს, ზოგს ძალიან უჩვეულოც. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები. მაგალითად, კახური, რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილია სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის, სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი ტრადიცია.


ფშავ-ხევსურეთი

ხევსურეთი ტრადიციებით გამორჩეული ერთ-ერთი კუთხეა. ხევსურული კოშკები მსოფლიოშია ცნობილი. ხევსურეთის მოსახლეობა გვარებად არის დაყოფილი. თითოეულ გვარს ერთი ხეობა ან სოფელი უჭირავს. ხევსურეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭინჭარაულია. ეს ორივე გვარი ითვლება ხევსურეთის ძირეულ და თავდაპირველ მოსახლეობად.


ხევსურული სახლის ტიპები ძირითადად სამსართულიანი, ფიქალი ქვისაგან მშრალად ნაგებია, კომპაქტურად თავსდებოდნენ ადამიანი და ცხოველები, რაც ხევსურული ხალხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თავისებურება იყო.


ხევსურების სახელი ლუდთანაც ასოცირდება. ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე მოქმედებდა.


ფშაველი მონადირე ძაღლსა და კატას თოფს არ ესროდა, რადგანაც მათ უწმინდურ ცხოველებად თვლიდა. თუ მონადირე 100 გარეულ ცხოველს, „ნადირს" მოკლავდა, ერთი დღით თოფი მიწაში უნდა დაემარხა. ამას „აზარის ათავება", ანუ მიზნის შესრულება ეწოდებოდა. ნადირის მოკვლისას თუ მონადირეს ვინმე პირველი შეხვდებოდა, მისთვის ნანადირევი შუაზე უნდა გაეყო. ეს წესი ვაჟა-ფშაველასაც აქვს გამოყენებული თავის პოემაში „სტუმარ-მასპინძელი".

 

იმერეთი

იმერული ტრადიციები კარგად ჩანს რეჟისორ ნანა მჭედლიძის გადაღებულ ქართულ ფილმში „იმერული ესკიზები". ფილმი გადაღებულია სოფელ დიდ ჯიხაიშში. სოფელში დღესაც არის ის სახლ-კარი, სადაც ფილმში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.


დიდი ჯიხაიში ოდითგანვე განთქმული იყო მცხოვრებთა მაღალი კულტურით, ლელოს საამაყო მიმდევრებით. ლელო სპოტის სახეობაა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.


ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის ხიბლი. ასეთი გამოთქმაც არსებობს - „იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო". ამ კუთხეში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება.


გურია

კალანდობა გურიაში ახალ წელს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს „ქართულ ნაძვის ხესაც" უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. თუმცა ბოლო წლებში თითქმის ყველა ქართული ოჯახი ყიდულობს საახალწლოდ ჩიჩილაკს.


ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ", „კალმახობა", „ფოთლით ცეკვა", „ფერხული". „ფარცაკუკუ" ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი ბახმაროში. ყოველი წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები.

 

სამეგრელო

დოღი სამეგრელოშიც ძალიან გავრცელებული იყო. ის გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20-25 კმ-იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ.


დღეს იშვიათად, თუმცა ადრე სამეგრელოს ყველა სოფელში გავრცელებული იყო შემდეგი სახის ჩვეულებები: ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკვის ფრთას გამოუღებდა ბებია, ენას მალე ამოიდგამსო. თუ ვაჟი დაიბადებოდა, თოხზე, სახნავზე ან ნაჯახზე მოაკიდებინებდნენ ხელს კარგი მუშა გამოვაო. თუ ქალი იყო, მას თითისტარს, მაკრატელს ჩაუდებდნენ ხელში.


სამეგრელოში გავრცელებული იყო (ნოდი) ნადი, რაც გულისხმობდა შრომით დახმარებას ანაზღაურების გარეშე. თოხნის პროცესში ქალები არ მონაწილეობდნენ. ქალს მიჰქონდა საჭმელი. გავრცელებული იყო აგრეთვე „შენწოობა" შემწეობა, რომელიც გაჭირვებული ოჯახის დახმარებას გულისხმობდა. ნადის დროს ოჯახი ვალდებული იყო, სუფრა გაეშალა მონადეებისათვის. „შენწოობის" დროს მეზობლებს თავიანთი საჭმელი თვითონ მიჰქონდათ.


რაჭა

მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. შხელის წმინდა გიორგის სალოცავი სოფელ გლოლასთან, დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს. მთის რაჭაში არის ციხე-კოშკები და ეკუთვნის იმ საცხოვრებლის ტიპს, რომელშიც ადამიანები და საქონელი, სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული.


საინტერესოა მთის რაჭის საქორწინო ტრადიციებიც. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი „ნქრით" (მაყრით) მიემგზავრებოდა. იქ „გვირგვინოსნებს" ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ „ბურსეულს", შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.


ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო აკვანში „დაწინდვა" (დანიშვნა). სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი ვაჟი და ამ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროზე და დანათესავებას შესთავაზებდნენ.


რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებენ. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზაზე ხმა არავისთვის არ გაეცა. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.


კახეთი

კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის - ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.


მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება. მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი.


ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა, მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ.


ქართლი

აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ქართლში, გავრცელებული იყო გლეხის სახლი - დარბაზი, სადაც ერთი სახურავის ქვეშ, ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსი ჰორიზონტალურადაა განლაგებული.


მეტად საინტერესოა ახალი წლის ტრადიცია ქართლში. თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე „დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს" უწოდებენ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი