logo_geo
როგორ იღვიძებდნენ ადამიანები მაღვიძარას გამოგონებამდე ?
- +

19 დეკემბერი. 2016. 01:13



თუთოეული ჩვენგანი დილით ერთი და იმავე წესით იღვიძებს. გამოუძინებლები  მაღვიძარას ვთიშავთ და ველოდებით, სანამ 10 წუთში მეორეჯერ არ დარეკავს. ეს „სარიტუალო ცეკვა" მაღვიძარასთან კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდება, სანამ საუზმისთვის გამოყოფილი დრო ბოლომდე არ ამოგვეწურება. აქედან გამომდინარე,  შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ თანამედროვე, გადაღლილ ადამიანს მაღვიძარა დიდად ვერ ეხმარება. თუმცა, მათი არსებობის გარეშე დროულად ადგომა ალბათ შეუძლებელი იქნებოდა... თუ არა? მაშ, როგორ იღვიძებდნენ ადამიანები მაღვიძარის გამოგონებამდე?


მთელ აღმოსავლეთ ლონდონში ცნობილი, ლეგენდარული მერი სმიტი.


პასუხი მარტივია: ინგლისურენოვან ქვეყნებში ამისთვის სპეციალური პროფესია არსებობდა, რომელსაც knocker-up, ან უხეშად რომ ვთქვათ „გამღვიძებელი'' ერქვა. მათი საქმე დილით ქუჩებში სიარული და კარ-ფანჯრებზე კაკუნის მეთოდით ადამიანების გაღვიძება იყო. რასაკვირველია, ამ საქმეს დროთა განმავლობაში თავისი ნიუანსები გაუჩნდა, რამაც მუშაობის სხვადასხვა სტილის და ტექნიკის გაჩენა განაპირობა.


„გამღვიძებლის" პროფესია ინდუსტრიალურ ეპოქაში გაჩნდა და მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა. გამთენიისას, სანამ ღამენათევი ახალგაზრდობა  led zeppelin-ის კონცერტიდან სახლში ბრუნდებოდა, კეთილი „გამღვიძებლები"ქუჩებში გამოდიოდნენ და აღმოსავლეთ ლონდონში მცოვრებ პროლეტარიატს ნაზი კაკუნით აღვიძებდნენ.

 

 

რამ განაპირობა knocker-up-ების გაჩენა? იყო პერიოდი, როდესაც ფაბრიკა-ქარხნებში მოღვაწე მუშახელს (ბურჟუაზიისგან განსხვავებით) იმდროინდელ მაღვიძარებზე ხელი ჯერ არ მიუწვდებოდა და არც (გლეხებისგან განსხვავებით) გვიან გაღვიძების ფუფუნება ჰქონდათ.  ეს პრობლემა „გამღვიძებლების'' მეშვეობით გადაჭრეს, რომლებსაც ფულს უხდიდნენ იმისთვის, რომ მუშები დაგვიანებისთვის არ დაეჯარიმებინათ.


გავიდა დრო და ახალ, უჩვეულო პროფესიაში გაჩნდა კონკურენცია და საწყალი, უბრალოდ ჩაცმული, ჯოხიანი „გამღვიძებლები" ნამდვილ პროფესიონალებად იქცნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ წარმოიქმნა კლანები, რომლებიც გაღვიძების განსხვავებულ, უნიკალურ ტექნიკას სთავაზობდნენ  მომხმარებლებს.  უბრალო „გამღვიძებელი" ჯოხებით შეიარაღებული ურტყამდა მომხმარებელთა ფანჯრებს, ხოლო პრევილეგირებული ოსტატი - გამომუშავებული სიარულის მანერით, ცილინდრში  და პიჯაკში გამოწყობილი კლიენტებს მხოლოდ ელიტარულ რახუნს და ხმაურს სთავაზობდა.

 

ელიტარული „გამღვიძებელი". თუმცა მის კლიენტებს მაღვიძარის საყიდლად ფილი მაინც არ ყოფნიდა.

 

შენობების სართულების ზრდასთან ერთად სამუშაოც გართულდა. ზოგმა ანკესების გამოყენება დაიწყო, ზოგიც ბამბუკის ტოტებით  შეიარაღდა. ლეგენდარული მერი სმიტი (დიახ, მათ თავისი ლეგენდებიც ჰყავდათ), სმიტების დინასტიიდან (დიახ, მათ თავისი დინასტიებიც ჰქონდათ) სატყორცნ მილს იყენებდა. ზოგი ამბობს, რომ მას თავისუფლად შეეძლო მეოთხე სართულზე მყოფი საჭირო ფანჯრისთვის „მიფურთხება".


ზოგჯერ ერთი „გამღვიძებლის" მომსახურებით მთელი უბანი სარგებლობდა. ასეთ შემთხვევაში ბედნიერ „გამღვიძებელს" შეეძლო ჭრიალათი ხელში უბნის ქუჩებში ევლო და კლიენტთა დასაკმაყოფილებლად დაჭრილი მამალივით ეყივლა.

 

 

უმაღლეს ოსტატობად ითვლებოდა ფანჯარაზე ისე მიკაკუნება (ან მიფურთხება), რომ  კონკრეტულად ის მაცხოვრებლები გაეღვიძათ, რომლებმაც მომსახურებაში ფული გადაიხადეს და არა მათი მეზობლები, რომლებსაც  ფული დაენანათ. „გამღვიძებლები" იყენებდნენ შეფარულ ნიშნებს, რომლებსაც სახლის კარზე ტოვებდნენ, რათა გაეგოთ ვინ არის მათი კლიენტი და ვინ არა.


ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რომ პროფესიამ არსებობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მაღვიძარების ფასმა იკლო და მისი შეძენა ყველაზე გაჭირვებულსაც კი შეეძლო. „გამღვიძებლების" ეპოქა წავიდა. დარწმუნებული ვარ, ამგვარი პროფესიონალი ადვილად შეძლებდა თქვენს გაღვიძებას.

 

მერი სმიტის ქალიშვილი, უკანასკნელი „გამღვიძებელთა" დინასტიიდან.

 

რჩება უკანასკნელი კითხვა: როგორ დგებოდნენ თვით „გამღვიძებლები"? ვინ აღვიძებდა მათ? პასუხი მარტივია, მაგრამ ის ვერ დაეხმარება თანამედროვე ადამიანს. ამ პროფესიით საქმდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც უძილობა აწუხებდა, ან ადამიანები, რომლებსაც ძილის სერიოზული დარღვევები ჰქონდათ.


 

big_banner
არქივი