logo_geo
როდის იწყება ჩინური 2017 წელი: ლეგენდები და ტრადიციები
- +

2 იანვარი. 2018. 10:15

 

 

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალ წელს მუდმივი თარიღი არ გააჩნია და ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება – ცეცხლოვანი მამლის წელი 28 იანვარს იწყება, თბილისის დროით ღამის ზუსტად 4 საათსა და 8 წუთზე.

ჩინური ახალი წელი — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლური დღესასწაულია, რომელსაც ზეიმობენ არა მარტო აზიის ქვეყნებში. მას მთელს მსოფლიოში მოუთმენლად ელიან, მათ შორის საქართველოშიც, ტრადიციული საახალწლო დღესასწაულების შემდეგ როგორც ახალი, ისე ძველი სტილით.

დღესასწაულის თარიღი

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალ წელს მუდმივი თარიღი არ გააჩნია და ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება. ჩინური ახალი წლის ზუსტი დრო მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და ახალი წლის პირველი ახალმთვარეობის დროს დგება. ამიტომ, ყოველწლიურად ეს დღესასწაული 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე შუალედის ერთ–ერთ დღეზე მოდის.

ცეცხლოვანი მამლის წელი 28 იანვარს იწყება, თბილისის დროით ღამის ზუსტად 4 საათსა და 8 წუთზე.

ახალი წელი - მამლის წელი ჩინური კალენდრის მიხედვით. პეკინი
© SPUTNIK/ ИСАЕВ
ახალი წელი - მამლის წელი ჩინური კალენდრის მიხედვით. პეკინი

ჩინელები საკუთარი კალენდრის მიხედვით ცხოვრობენ, ამიტომაც მათი წელთაღრიცხვა მსოფლიოში საზოგადოდ მიღებულს არ ემთხვევა. ჩინეთის წელთაღრიცხვა უძველესი დროიდან ეყრდნობა მთვარის კალენდარს, რომელიც ასტრონომიის განვითარების წყალობით, ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით XIV საუკუნისთვის ჩამოყალიბდა.

ჩინური კალენდრის მიხედვით 28 იანვარს 4715 წელი დადგება — ცეცხლოვანი მამლის წელი, რომელიც 2018 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება, როდესაც მას ყვითელი ძაღლის წელი შეცვლის. 2016 წელს ჩინელებმა მაიმუნის 4714 წლის დადგომა იზეიმეს, რომელიც 8 თებერვალს დადგა.

ჩინური კალენდარი სამოც წლიან ციკლს ითვლის, რომელიც ხის ვირთხის წლით იწყება და მთავრდება წყლის ღორის წლით. ეს ციკლი 1984 წლის 2 თებერვალს დაიწყო და 2044 წლის 29 იანვარს დამთავრდება.

აღმოსავლეთის ხალხებში ახალი წელი ზამთრისა და გაზაფხულის შეხვედრას, ახალი სასიცოცხლო ციკლის დაწყებას, განახლებას ნიშნავს.

დღესასწაულის დრო

აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალი წელი ანუ ჩუნ ცზე, რაც სიტყვა სიტყვით „გაზაფხულის ზეიმს“ ნიშნავს — ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დღესასწაულია, რომელიც ძველად მთელი ერთი თვე გრძელდებოდა. მას უკვე ორი ათასი წელია აღნიშნავენ.

საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან ფოტოს გადაღება შესაძლებელია არა მხოლოდ თოვლის ბაბუასთან, არამედ გასული და მომავალი წლების სიმბოლოებთან - გორილასთან და მამალთან
© SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI
საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან ფოტოს გადაღება შესაძლებელია არა მხოლოდ თოვლის ბაბუასთან, არამედ გასული და მომავალი წლების სიმბოლოებთან - გორილასთან და მამალთან

ამჟამად კი გადატვირთული სამუშაო განრიგის გამო, ჩინელებმა დასვენების დღეების რაოდენობა ორჯერ შეამცირეს. ამიტომაც დღესასწაული მეთხუთმეტე დღეს — ჩინური ფანრების გრანდიოზული ფესტივალით მთავრდება. 2017 წელს ეს თარიღი 11 თებერვალზე მოდის.

ჩინეთში ტრადიციულად ამ პერიოდში საქმიანი ცხოვრება წყდება — დღესასწაულს 15 დღის განმავლობაში აღნიშნავენ, თითოეული დღე თავისი ტრადიციებითა და ჩვეულებით გამოირჩევა.

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩინელი, ახალ წელს ის ტრადიციისამებრ ახლობლებთან ერთად გაატარებს, რადგან ეს ოჯახური დღესასწაულია და მას „ოჯახის გაერთიანების დღე“ ან „შეხვედრა განშორების შემდეგ“ ეწოდება.

ისინი მიიჩნევენ, რომ საახალწლო სუფრას გარდაცვლილი წინაპრების სულები ესწრებიან, რომლებიც დღესასწაულის მონაწილეები არიან.

წინასაახალწლო გაყიდვები ჰონგ-კონგში
© SPUTNIK/ ალექსანდრ ვილფი
წინასაახალწლო გაყიდვები ჰონგ-კონგში

საახალწლოდ ახლობლები ერთმანეთთან სტუმრად დადიან, ერთმანეთს ულოცავენ, ჩუქნიან საჩუქრებს —წითელ კონვერტებში ფულს, მძივებს მონეტებისა და მანდარინებისაგან, როგორც სიმდიდრის სიმბოლოს.

ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ჩინეთში მხიარული სახალხო სეირნობა, ბაზრობები, ცეკვები, მასკარადები და ქუჩის მსვლელობები ტარდება.

ახალი წლის მოლოდინში ჩინელები ძველ სამოს ახლით ცვლიან, სახლებს საგულდაგულოდ ალაგებენ, რათა დადებითმა ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს. დალაგებისას ნაგავში იყრება ყველა უსარგებლო ნივთი, რომელიც წლის განმავლობაში დაგროვდა.

სადღესასწაულო კერძებიც შესაბამისად მზადდება. საყვარელი კერძია პელმენები, ოქროს ზოდის ფორმის – ბარაქას სიმბოლო. სახლი მანდარინებით ირთვება, აუცილებლად რვა ცალით — რვა ხომ უსასრულობის სიმბოლოა.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, თითოეულ წელს თავისი მფარველი, სტიქია და ფერი გააჩნია. მფარველი თორმეტწლიანი ციკლის მიხედვით იცვლება, სტიქია და ფერი კი — ათწლიანის მიხედვით.

 

წლის სიმბოლო

ცეცხლოვანი მაიმუნს ცეცხლოვანი მამალი შეცვლის, ანუ მეორე წელი ცეცხლოვანი სიმბოლოს პატრონაჟს ქვეშ ვიქნებით. 28 იანვარს ცეცხლოვანი მაიმუნი თავის უფლებამოსილებას მამალს გადასცემს. ჩინური თორმეტწლიანი ჰოროსკოპის მეათე ნიშანი, მთელს აღმოსავლურ კალენდარში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცხოველია.

ცეცხლოვანი მამლის წელი ნამდვილი დასამახსოვრებელი მოვლენა უნდა გახდეს. დღესასწაულის წინ ჩინელები ახალი ფეხსაცმლის ყიდვისა და თმის შეჭრისგან თავის შეკავებას გვირჩევს, რადგან, მათი რწმენით, ასეთ ადამიანს უბედურება ელოდება.

საინტერესოა, რომ ახალი წლის ღამეს ჩინელები არ იძინებენ, რადგან ამგვარად ისინი თავს უბედურებებისა, დაავადებებისა და უსიამოვნებებისგან იცავენ.

მამალი კაშკაშა, წარმოსადეგი, ელეგანტური და კონტაქტურია. მაგრამ თვით ცხოველის გარდა, საჭიროა 2017 წლის მფარველის სტიქიისა და ფერის ცოდნა, რადგან მამლის სტიქია და ფერი პირდაპირ კავშირშია იმასთან, როგორი იქნება 2017 წელი თითოეული ადამიანისათვის.

წინასწარმეტყველება

უძველესი დროიდან ადამიანებს მათი მომავალი აინტერესებდა და ამის გაგებას ისინი ჯადოქრებისა და ასტროლოგების დახმარებით ცდილობდნენ. ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „Sputnik-საქართველოს“ მკითხველს ურჩია, როგორ დახვდეს ცეცხლოვანი მამლის წელს, რომელიც დიდი ცვლილებების მომტანი უნდა იყოს.

ცეცხლოვანი მამლის ძირითადი რიცხვია ერთიანი. ახალი წლის დადგომამდე 10-15 წუთით ადრე, აანთეთ ერთი ცალი წითელი ან ყვითელი სანთელი და გულით გადაუხადეთ მადლობა წინა წელიწადს ყველაფრისთვის. აზრობრივად, თქვენი პრობლემები, სანთლის ცეცხლის სტიქიის ენერგიის საშუალებით, წარსულს დაუტოვეთ, ხოლო, როგორც კი 12 საათი ჩამოჰკრავს და ახალი წელი დადგება, იგივე ანთებულ სანთელს ჩაუთქვით სურვილი: რა გინდათ, რომ მოხდეს 2017 წელს თქვენს ცხოვრებაში.

ცაგარელი გვირჩევს ვიყიდოთ ორი სიმბოლო, მაიმუნისა და მამლის. 28 იანვრიდან კი მაიმუნი აიღეთ და მხოლოდ მამალი დატოვეთ. სიმბოლურად, საახალწლო სუფრაზე, მაიმუნს წინ დაუდეთ ბანანი, ხოლო მამალს დაუყარეთ ხორბალი ან ცოტაოდენი სიმინდი.

რადგან 2017 წელი განეკუთვნება ცეცხლის სტიქიას, წლის მთავარი ფერია წითელი, შემდგომ კი – შინდისფერი, ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი.

რას გვპირდება მამალი

ცეცხლოვანი მამლის წელი მოვლენებით სავსე იქნება. ცაგარელის თქმით, 2017 წელი ნაკლებად დაძაბული იქნება, მაგრამ დიდ ცვლილებებს ვერ ავიცილებთ.

ასტროლოგმა 2017 წლის ნეგატიური პერიოდები დაასახელა და ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდა.

ცაგარელის თქმით, ყველაზე რთული წლის დასაწყისი იქნება, რადგან დედამიწის ენერგეტიკა საკმაოდ ნეგატიურია. განსაკუთრებით საყურადღებოა 1–10 თებერვლის პერიოდი, შემდეგ კი 20 თებერვლიდან თვის ბოლომდე.
ამ პერიოდში რთულია იდეების განხორციელება, ცალკეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის შესაძლოა დაპირისპირება გაჩნდეს. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობის გაუარესება, განსაკუთრებით თებერვლის  მეორე ნახევარში, როდესაც ინფექციური დაავადებები აქტიურდება.

10–25 მარტის პერიოდში, ასევე აპრილის პირველი 12 დღე ასევე არახელსაყრელი იქნება. ამ დროს მოსალოდნელია სხვადასხვა სახის კონფლიქტები და ნერვული სისტემის პრობლემები.

განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ივნისის ბოლოდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. ასტროლოგის აზრით, არახელსაყრელია ასევე სექტემბრის ბოლო დღეები.

ზოდიაქოს ნიშნები

2017 წელი ყველაზე წარუმატებელი მშვილდოსნებისთვის იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცაგარელი არ ურჩევს მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას. ამ წელს უმჯობესია დინებას მივყვეთ და მშვიდი ტემპით ვიცხოვროთ, რათა ბიზნესსა და სამსახურში სერიოზული პრობლემები და კონფლიქტები ავიცილოთ.

მორიელები თებერვლის ბოლომდე ფრთხილად უნდა იყონ, რადგან ამ დროს ამ ნიშანზე შავი მთვარე გადის, რაც საკმაოდ ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თითოეული გადაწყვეტილება უნდა კარგად აწონ დაწონონ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან წარმატება დაუბრუნდება მორიელებს და წლის ბოლო მათთვის საკმაოდ დადებითი იქნება.

ცეცხლოვანი მამლის წელს ყველაზე მეტად სასწორს გაუმართლებს. იუპიტერი ზოდიაქოს ამ ნიშანს ოქტომბრის ბოლომდე გაივლის, ასე რომ წარმატებებისა და მიღწევების შანსები ამ ნიშანს საკმაოდ მაღალი აქვს.

კუროსაც გაუმართლებს, რომელიც თავის იდეებს წარმატებით განახორციელებს და საინტერესო კონტაქტებს დაამყარებს. მომავალ წელს მათ საკმაოდ ბევრი წარმატებული მომენტი ექნებათ. თუმცა, წლის მეორე ნახევარი ნაკლებად წარმატებული, მაგრამ უფრო სტაბილური იქნება.

რაც შეეხება ტყუპებს, მათთვის ყველაზე კარგი პერიოდი წლის მეორე ნახევრიდან დადგება. მაიმუნის წელთან შედარებით მამლის წელი მათთვის ბევრად უფრო პერსპექტიული იქნება. არც ისე ცუდად იგრძნობენ თავს ამ წელს ზოდიაქოს ისეთი ნიშნები, როგორებიცაა მერწყული და ქალწული, ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის ეს წელი მეტნაკლებად სტაბილური იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლურ ჰოროსკოპს, საუკეთესო შანსები აქვთ ადამიანებს, რომლების დაბადებული არიან გველის, თხის, დრაკონის და ღორის წელს. ნაკლებად გაუმართლებთ კატებს, ვირთხებს, ცხენებს. დანარჩენი ნიშნებისთვის წელი სტაბილური იქნება.
მთლიანობაში მამლის წელი ძალიან ნაყოფიერი უნდა იყოს და თითოეულ ადამიანს თავისი თავის გამოვლენის შანსი ექნება. ზოდიაქოს პრაქტიკულად ყველა ნიშანს ყველა მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი