logo_geo
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თამაშს თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა
- +

10 იანვარი. 2018. 15:49



თუკი ოდესმე გიოცნებიათ, რომ თამარ მეფე ყოფილიყავით და მის ყველაზე დიდებულ ეპოქაში საქართველო გემართათ, მაშინ კარგად მოკალათდით ეკრანებთან.


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი თამარ მეფე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს საქართველოს გამორჩეული მეფის როლის მორგება შეეძლება.


თამაშის შემქმნელებმა თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დამატებისას ფაქტობრივად ყველა დეტალი გაითვალისწინეს. ძალა ერთობაშია - სწორედ ეს მოწოდება გასდევს თამარის ეპოქას მთავარ მამოძრავებელ ძალად. თამაშის შემქმნელები მას უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნად მოიხსენიებენ.


ადვილად შესამჩნევია, რომ თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა, რაც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. საქართველოს ცივილიზაცია, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, მშობლიური ენის გარეშე წარმოუდგენელია და ეს კარგად ესმით თამაშის შემქმნელებსაც. სწორედ ამიტომ, თამარ მეფე ქართულად ლაპარაკობს.

 

„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით", - ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშის ინტროში.


თამაშში შენობებიც კი საქართველოსთვის დამახასიათებელია. უნიკალური შენობა მისი კონსტრუქციის წყალობით დაცვის ფუნქციებს ასრულებს. ამასთან ერთად, ციხე-სიმაგრე ყოველ სვლაზე გამოიმუშავებს რწმენას. რწმენა, ამ შემთხვევაში, ქულებია, რომლის დახამარებითაც რელიგიური შენობების შეძენა და მქადაგებლების დაქირავებაა შესაძლებელი.


https://phoebe.on.ge/2018/01/09/2KGMKT_CivilizationVI-RF_Game-Art_Georgia_Tsikhe_4_2.jpg


Civilization VI-ში ქართული უნიკალური მებრძოლები (Units) ხევსურები არიან. მათი ჩაცმულობა მორგებულია ეროვნულ ტრადიციებსა და ისტორიულ წყაროებს. ამას გარდა, ხევსურებს საბრძოლო ბონუსების გააჩნიათ. ხევსურების ბრძოლისუნარიანობა, როგორც შეტევაში, ისე თავდაცვაში, გაცილებით იზრდება მთა-ღორღიან ადგილებში.


ხევსური მებრძოლების საბრძოლო ფორმები


თამარ მეფის კიდევ ერთი სიძლიერე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია თეოლოგიას შეისწავლის Protectorate War-ის გამოცხადება შეუძლია. აღნიშნულ თამაშში, Protectorate War-ის გამოცხადება მაშინ არის დასაშვები, როცა რომელიმე სხვა ცივილიზაცია რომელიმე ქალაქს, მოკავშირე ცივილიზაციას, ქალაქ-სახელმწიფოს ან მიწას ესხმის თავს. ასევე, ომის გამოცხადება მაშინაც არის დასაშვები, როცა სხვა ცივილიზაცია ძალიან ძლიერდება და მეზობელ ცივილიზაციებს იპყრობს.


თამაშის შემქმნელებს არც თამარის პიროვნული თვისებები დავიწყებიათ და რადგანაც თამარს კარგად შეეძლო ჯარის მოტივირება ომის დაწყების წინ, მისი არმია მცირე ხნის განმავლობაში დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.


Civilization 1991 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც სტრატეგიების ჟანრს მიეკუთვნება. თამაშის მთავარი მიზანია მოთამაშემ შექმნას იმპერია, რომელიც დროს გაუძლებს. იმპერიების შექმნა ქრისტეშობამდე 4000 წლით ადრე იწყება და ჯერ კიდევ არ არსებულ რეალობამდე გრძელდება. Civilization VI: Rise and Fall-ის ახალი ექსპანსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.


 

 










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი