logo_geo
არიან თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები ტექნოლოგიურად განვითარებული
- +

10 იანვარი. 2018. 21:45



მაშინ, როცა ირმის ნახტომში სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ პლანეტებს ვპოულობთ სხვა ვარსკვლავთა გარშემო, მათ შორის ჩვენს უახლოეს მეზობელ პროქსიმა კენტავრთან, უფრო და უფრო იმატებს ჩვენი გაოცება - რატომ ვერ დავაფიქსირეთ ჯერჯერობით არამიწიერი სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება? როგორც სახელგანთქმულმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ იკითხა, „სად არის ყველა?" ამ მხრივ იმედი გავიცრუა მზის სისტემაში შემოჭრილმა პირველმა ვარსკვლავთშორისმა ობიექტმა, ასტეროიდმა ოუმუამუამ, რომლის წაგრძელებულმა ფორმამაც ზოგს აფიქრებინა, რომ შეიძლება ის რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო. თუმცა, როგორც კვლევისას გაირკვა, ეს ობიექტი არ გამოსცემს ხელოვნურ რადიოსიგნალებს.


მართალია, არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალი ნაზი ან დახვეწილი შეიძლება იყოს, მაგრამ ცის სევდიანი მდუმარება შესაძლოა იმაზეც მიუთითებდეს, რომ ხანგრძლივი არამიწიერი ცივილიზაცია არ იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომელთა სიგნალებიც ჩვენს ტელესკოპთათვის ხილვადი გახდებოდა.


ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ველოდებით, რომ ჩვენზე გაცილებით ხანგრძლივი ცივილიზაცია მნიშვნელოვნად უფრო გამოცდილი და შესაბამისად, ტექნოლოგიურად მოწინავე იქნება. მაგრამ გვავიწყდება, რომ ასევე შესაძლებელია, რომელიმე სხვა პლანეტის პოლიტიკურ ლანდშაფტში ბატონობდეს ცხოვრების უბრალო სტილი და არა სამეცნიერო კეთილდღეობა, რის გამოც, მიუხედავად ასაკისა, ცივილიზაცია ტექნოლოლოგიურად პრიმიტიული იქნება.


შეუძლია თუ არა ფერმის პარადოქსის ახსნა ეგზოპლანეტის პოლიტიკას?


კაცობრიობის ისტორია საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ განსხვავებული პოლიტიკური სცენარებით განვითარებული შესაძლებლობები. მაგალითად, რა იქნებოდა, თუკი ჩვენი პლანეტა შუა საუკუნეების ანტისამეცნიერო მიდგომებით გამორჩეულ ადამიანთა ბატონობის ქვეშ დარჩებოდა? მსგავსი სცენარი წარმოსადგენია ათასობით წლიან დროის მონაკვეთში, მაგრამ ეჭვის ქვეშ დგას იმის ალბათობა, რომ ასეთი ხანა მილიონობით ან მილიარდობით წელიწადს გასტანდა. თუმცა, დედამიწა იღბლიანი აღმოჩნდა და ტექნოლოგიური აღმავლობის მომსწრე გახდა. მიუხედავად ამისა, გარემოსთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ კატასტროფას ადვილად შეუძლია გაანულოს ევოლოციური საათი.


ანდაც, დედამიწის ცივილიზაციის სიცოცხლის საბოლოო ხანგრძლივობა გაცილებით შემოკლდება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, ადამიანები რომ ტექნოლოგიურად პრიმიტიულნი დარჩენილიყვნენ. ტექნოლოგიები ჩვენი მომავლისთვის გრძელვადიან რისკებს შეიცავს, ძირითადად კლიმატის ცვლილებისა და არაკონვექციური ომების სახით (ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური). ამ შემთხვევაში, სხვა პლანეტათა ზედაპირზე ხილული იქნება ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციის კვალი, რომელმაც საკუთარი თავი გაანადგურა რაიმე კატასტროფით, ანდაც გამოჩნდება ცივილიზაცია, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით პრიმიტიულია.


ტექნოლოგიურ ცივილიზაციათა ნაშთების ძებნა შორიდან მოგვიწევს. მაგრამ თუკი ჩვენი ტელესკოპებით ვერაფერს ვიპოვით, ერთადერთი გზა იმის გასარკვევად, არიან თუ არა ხანგრძლივი ცივილიზაციები ტექნოლოგიურად პრიმიტიული, მათ პლანეტებზე სტუმრობაა. თუკი კოსმოსში უფრო შორს გავიჭრებით, კვლევათა განსაკუთრებით ამაღელვებელი საზღვარი გახდება ასტროსოციოლოგია.


ტრადიციული ასტრონომები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ გაცილებით იაფია შორეულ პლანეტათა დაკვირვება ტელესკოპით, ვიდრე ზონდის გაგზავნა, რომელიც მათ ესტუმრება. მაგრამ შორიდან დაკვირვებას შეუძლია მხოლოდ ისეთ ცივილიზაციათა დაფიქსირება, რომლებიც გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ სიგნალებს, სამრეწველო გამონაბოლქვით ცვლიან პლანეტათა ატმოსფეროს, ანდა პლანეტის ზედაპირზე ტოვებენ ისეთ არტეფაქტებს, როგორებიცაა მზის ბატარეები, სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ხელოვნური სიცხე ან ხელოვნური განათება. თუკი უცხოპლანეტელები დრამატულად არ ცვლიან მათ ბუნებრივ საცხოვრებელს ან არ გამოყოფენ ხელოვნურ სიგნალებს, მათი არსებობის აღმოჩენის ერთადერთ გზად რჩება მათ მშობლიურ პლანეტებზე სტუმრობა.


სხვადასხვა მიზეზთა გამო, სხვა პლანეტათა ცივილიზაციებმა თავიანთ ბუნებრივი გარემო შესაძლოა შენიღბოს. როგორც მინიმუმ, კამუფლაჟი გადარჩენის ბუნებრივი ტაქტიკაა და შესაბამისად, არამიწიერ ცივილიზაციებს შეიძლება ერჩივნოთ ისე ჩანდნენ, რომ არ განირჩეოდნენ სიცოცხლის სხვა ფორმებისგან, მაგალითად მცენარეულობისგან. ასევე შეიძლება წარმოვიდგინოთ იმდენად გონიერი ცივილიზაცია, რომ ის ბიოსფეროს ხელშეწყობის მიზნით, განზრახ ინარჩნებდეს დაბალტექნოლოგიურ პროფილს. მსგავს არამიწიერ ცივილიზაციათა აღმოჩენის ერთადერთ გზად ამ შემთხვევაშიც რჩება ზონდის გაგზავნა, რომელიც მონაცემებს უკან გადმოგვცემს.


სხვა პლანეტის სისტემაში ვიზიტის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, Breakthrough Starshot-ი, 2016 წელს დაიწყო. მისი მიზანია უახლოეს ვარსკვლავებთან სტუმრობა რამდენიმე ათწლეულში. იგულისხმება ჩვენგან 4,24 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი. იმისათვის, რათა პროექტი შედგეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ხომალდს სინათლის სიჩქარის სულ მცირე მეხუთედამდე ააჩქარებს. ერთადერთი გამოსადეგი კონცეპტია სინათლის იალქანი (რომელზეც მიბმული იქნება მარგი ტვირთი), რომელიც გაეშვება სინათლის მძლავრი ნაკადის საშუალებით. ამ სიჩქარის მიღწევის უარყოფითი მხარე ისაა, რომ როდესაც ხომალდი სამიზნე პლანეტასთან ახლოს მივა, მისი დამუხრუჭება შეუძლებელი იქნება სინათლის მტყორცნელი მსგავსი ტექნოლოგიის გარეშე, რომელიც იქ უნდა არსებობდეს.


აქედან გამომდინარე, სხვა ვარსკვლავის პლანეტის ზედაპირზე სტუმრობა მოითხოვს დაბალ სიჩქარეს და შესაბამისად, მოგზაურობისთვის საჭირო დიდ დროს. მაგალითად, ჩვენს ხელთ არსებული ტრადიციული რაკეტები უახლოეს ვარსკვლავებთან ასობით ათას წელიწადში მიგვიყვანდა. ეს კი შეიძლება მაინც მიმზიდველი იყოს თეორეტიკული თვალსაზრისით, რადგან დროის ეს მონაკვეთი ათობით ათასჯერ ნაკლებია სამყაროს ასაკზე. მაშინ, როცა ჩვენი ტექნოლოგიური ცივილიზაციის ხელთ კიდევ მილიარდობით წელია, რათა ირმის ნახტომი იკვლიოს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მილიარდობით პლანეტაზე სოციოლოგიური აღწერა ჩავატაროთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მქონე ცივილიზაციათა ნაცვლად ვიპოვით ძირითადად რწმენაზე დაფუძნებულ არამიწიერ კულტურებს, ნამდვილად მომხიბვლელი იქნება ღმერთის კონცეპტის გალაქტიკურ ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნების კვლევა.










 

big_banner
არქივი