logo_geo
როგორ შეიქმნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა
- +

15 იანვარი. 2018. 01:32



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერ. არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო სიმბოლიკის შესაქმნელად, საქართველოს ეროვნულმა საბჭოში ხელოვნების კომისია ჩამოყალიბდა.


დროშის ესკიზზე მუშაობა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ დაიწყო ივანე ჯავახიშვილთან და პავლე ინგოროყვასთან აქტიური კონსულტაციებით.



დროშის ესკიზის დამტკიცების დოკუმენტში, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული ასე წერია - „მიეცეს იაკობ ნიკოლაძეს მის მიერ წარმოდგენილი და საბჭოსგან მიღებული საქართველოს დროშის პროექტის შემუშავებისთვის სამი ათასი მანეთი გასამრჯელო - კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი. 1918 წლის 18 ენკენისთვე (სექტემბერი)"

 


სამფეროვანი დროშის ესკიზი ჯერ ხელოვნების კომისიამ დაამტკიცა, შემდეგ კი კანონით გაიწერა. ხელოვნების კომისიას მაშინ, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი ხელმძღვანელობდა.



„მუშაობის პროცესში სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა: თეთრი დროშა, ჩალისფერი დროშა, და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს მისი ავტორები და კონსულტანტები, მაინც დაეყრდნენ ვეფხისტყაოსნის ტექსტს: „გავშალე დროშა მეფისა, ალმითა შავ-წითელითა" - განმარტავს ისტორიკოსი ვახტანგ გურული.


სამფეროვანი დროშა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს რევოლუციურმა კომიტეტმა გააუქმა.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბთან დაკავშირებით, რომელიც 1918 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა, განხილვა, გაცილებით ინტენსიური იყო.


კონკურსი, სახელმწიფო „ღერბის" შექმნის შესახებ 1918 წლის 26 აგვისტოს გამოცხადდა. გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის ჯილდოს სახით 2000 მანეთი დადგინდა.


სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნისას 2 მთავარი პირობა უნდა ყოფილიყო დაცული: ყოფილიყო ქართული სტილი და რელიგიური სიმბოლიკა გერბზე არ ასახულიყო.



ვახტანგ გურული, ისტორიკოსი: „გერბი უნდა ყოფილიყო გარკვეული ტრადიციების გამომხატველი და მასში საქართველოს ისტორიაც უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად ასახული. ამასთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ათეისტური სახელმწიფო იყო - ეკლესია სახელმწიფოსგან იყო გამოყოფილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმ დროინდელმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, მხარი დაუჭირეს ქართველი მეცნიერების მოსაზრებას, რომ გერბი უნდა ყოფილიყო, თეთრი წმინდა გიორგი შვიდი მნათობით".

 

ანტონ ვაჭარაძე, ისტორიკოსი: „იყო 2 ვარიანტი, ერთ-ერთი მათგანი - იყო თეთრი გიორგი, მეორე კი, ქართული მითოლოგიური პერსონაჟი - კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. საქართველოს ეროვნული საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვა თეთრი გიორგი სიმბოლომ, თუმცა ამ 2 ვარიანტისთვის მიცემული ხმების რაოდენობებს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო".


გერბის ავტორი, ფრანგი მხატვარი იოსებ შარლემანია. გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის ახალი წესების ავტორები - მხატვრები: დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე.


ანტონ ვაჭარაძე, ისტორიკოსი: „სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში არ სურდათ, რომ თეთრი გიორგი ასოცირებული ყოფილიყო რელიგიურ სიმბოლოსთან, ამიტომ ყველა დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გერბზე გამოსახული სიმბოლო არ მოიხსენიება, როგორც - წმინდა გიორგი, ის მოიხსენიება, როგორც თეთრი გიორგი - თეთრ ცხენზე ამხედრებული, გველეშაპთან მებრძოლი, შესრულებული ქართული სტილით და გამართული ჰერალდიკური წესებით".


კანონი დროშის შესახებ 1918 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, თეთრი გიორგის გერბი კი პირველმა რესპუბლიკამ 1918 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. სწორედ ამ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ და ნოე ჟორდანიამ ხელი მოაწერეს კანონს, რომელიც იმავე დღეს შევიდა ძალაში.


 

 

 










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი