logo_geo
სამეფო ოჯახის დახვრეტის სკანდალური ვერსია
- +

15 იანვარი. 2018. 11:56



„1918 წლის 16 ივლისის ღამეს რუსეთის უკანასკნელი მეფე ნიკოლოზ მეორე, ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად, დახვრიტეს ეკატერინბურგის სარდაფში. აქ ბოლშევიკებს სამეფო ოჯახი ოთხი თვის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული", - ამის შესახებ  The New York Times-ში ჩიკაგოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი მაიკლ ხოდორკოვსკი წერს.


მისივე თქმით, ამ შემთხვევის შესახებ მოსაზრებებში ექსპერტებიც და ისტორიკოსებიც ასე თუ ისე შეთანხმდნენ, თუმცა, რუსეთის ეკლესია მუდმივად წინ სწევს სხვადასხვა საკითხებს და შეთქმულების თეორიების ყველაზე უფრო ბნელ კუთხეებამდე მიდის.


„გასული წლის ბოლოს ეკლესიის მსახურებმა ამ საქმეს ახალი კუთხე მოუძებნეს, რომელსაც შესაძლოა, სახიფათო შედეგები მოჰყვეს. მათი ვარაუდით, რომანოვების დახვრეტა „რიტუალური მკვლელობა" იყო. ეს ფრაზა კი ცილისმწამებლურ ბრალდებებს აცოცხლებს, რომელიც რუსი ებრაელების წინააღმდეგ ცარიზმის დროს იყო აგორებული", - განმარტავს ხოდორკოვსკი.  

 

„შეიძლებოდა ამ ფრაზის იგნორირება, როგორც რამდენიმე ანტისემიტი ფანატიკოსის მიერ ნათქვამის, რომლებიც რუსეთის ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებს წარმოადგენენ. თუმცა, ამჯერად ის თქვა ეპისკოპოსმა ტიხონ შევკუნოვმა. ის კი პატრიარქ კირილეს თანაშემწეა, ასევე ვლადიმირ პუტინის სულიერ მოძღვრადაც მიიჩნევა. ამ ფრაზის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში მოქმედმა ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენელმა ბორუხ გორინმა განაცხადა, რომ ეს ფრაზა მას „ყველაზე ბნელ დროს" ახსენებს", - წერს The New York Times.


 ამ გამოცემაში ხოდორკოვსკი განმარტავს, რომ ებრაელების რიტუალურ მკვლელობაში დადანაშაულება იმ ანტისემიტურ განწყობებთან არის დაკავშირებული, რომელიც ცარიზმის დროს რუსეთში სუფევდა. მაშინ, 1903-1905 წლებში, ასეთმა განწყობებმა და დამოკიდებულებამ 2 ათასზე მეტი ებრაელი შეიწირა.


„რა საჭიროა ახლა რიტუალურ მკვლელობაზე საუბარი? ნუთუ ეპისკოპოსი ტიხონი პუტინის რასპუტინი გახდა?" - კითხულობს ისტორიკოსი. მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, ახლა ამ თემის აგორებით პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებზე სურს ულტრამემარჯვენე ჯგუფების ყურადღების მიპყრობა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი