logo_geo
დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებში სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები აღმოაჩინეს
- +

16 იანვარი. 2018. 21:55



კოსმოსური კლდის ორ ნამსხვრევს, რომლებიც ასტეროიდთა სარტყელში მილიარდობით წლის განმავლობაში მოძრაობის შემდეგ 1998 წელს დედამიწას ერთმანეთისგან განცალკევებით დაეცნენ, რაღაც აქვთ საერთო: სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები. ეს გახლავთ ჩვენ მიერ ნაპოვნი პირველი მეტეორიტები, რომლებიც შეიცავენ როგორც თხევად წყალს, ისე კომპლექსურ ორგანულ ნაერთთა ნაზავს, მაგალითად, ნახშირწყალბადებსა და ამინომჟავებს.


ამ მეტეორიტებიდან აღებული ლურჯი და მეწამული ციცქნა კრისტალების ქიმიური შემადგენლობის დეტალურმა კვლევამ, რომელი ასევე მოიცავდა რენტგენული გამოსხივების ექსპერიმენტისას მიღებულ შედეგებს - გაარკვია ამ წყვილის წარსული ურთიერთობა და სავარაუდო მშობლებიც. მათ შორისაა ასტეროიდთა სარტყლის უდიდესი ობიექტი - ყავისფერი ჯუჯა პლანეტა ცერერა და ასტეროიდი ჰებე, რომელიც დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტების მთავარი წყაროა.


ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევა წარმოადგენს დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტების მლაშე კრისტალებში არსებული ორგანული მასალისა და თხევადი წყლის პირველ ყოველმხრივ კვლევას. ეს კვლევა ახალ საძირკველს უყრის მზის სისტემის ადრეული ისტორიის ნარატივსა და ასტეროიდთა გეოლოგიას, ამავე დროს, გზას უხსნის სიცოცხლის ამაღელვებელ შესაძლებლობებს დედამიწის მიღმა, ჩვენს სამეზობლოში.


„ეს გახლავთ ფრენა წარსულში", - ამბობს მკვლევარი დევიდ კილსოინი, რომელმაც რენტგენული გამოსხივებით დაასკანირა ნიმუშების ორგანული ქიმიური კომპონენტები, მათ შორის ნახშირბადი, ჟანგბადი და აზოტი. კილსოინი იმ საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რომელმაც ეს კვლევა მოამზადა.


მიუხედავად იმისა, რომ მეტეორიტებში აღმოჩენილი ორგანული ნაშთების მდიდარი დეპოზიტები არ ამტკიცებს სიცოცხლის არსებობას დედამიწის მიღმა, როგორც კილსოინი აღნიშნავს, მეტეორიტებში ჩარჩენილი მდიდარი ქიმია იგივეა, რაც ქარვის ნატეხებში ჩაჭედილი და გაქვავებული პრეისტორიული მწერები, რომლებსაც ხშირად ვპოულობთ.

 

„ეს ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როცა უხვად ვპოულობთ ორგანულ მასალას, რომელიც ასევე დაკავშირებულია წყალთან; ეს კი გადამწყვეტია სიცოცხლის წარმოშობისათვის და კომპლექსური ორგანული ნაერთებისათვის კოსმოსში", - ამბობს კვლევის ავტორი ქვინი ჩანი.


„ჩვენს წინაშეა ორგანული ინგრედიენტები, რომლებსაც შეუძლიათ წარუძღვნენ სიცოცხლის აღმოცენებას. მათ შორისაა ცილების წარმოქმნისთვის აუცილებელი ამინომჟავები".


თუკი ადრეულ მზის სისტემაში სიცოცხლე რაიმე ფორმით არსებობდა, კვლევა შენიშნავს, რომ მლაშე კრისტალთა შემცველი ეს მეტეორიტები მაღლა სწევენ „სიცოცხლის და/ან ბიომოლეკულების ჩაჭედვის შესაძლებლობას" თავიანთ მლაშე კრისტალებში. ამ კონკრეტულ კრისტალებში შეიმჩნევა წყლის მიკროსკოპული კვალიც, რომელი ჯერ კიდევ მზის სისტემის „ბავშვობით" თარიღდება - 4,5 მილიარდი წელი.


ჩანის თქმით, მეტეორიტებში არსებულ კრისტალთა მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ მათმა მასპინძელმა ასტეროიდებმა შეიძლება სადღაც გადაკვეთეს გზები და ერთმანეთს მასალაც შეურიეს. ერთი მათგანი 1998 წლის მარტში ჩამოვარდა ტეხასის შტატში, ბავშვათა საკალათბურთო მოედნის სიახლოვეს, მეორე კი 1998 წლის აგვისტოში, მაროკოში დაეცა.


სავარაუდოდ, წარმოქმნილია პატარა ასტეროიდის შეჯახების შედეგად უფრო დიდ ასტეროიდთან.


ეს ყველაფერი მრავალ შესაძლებლობას ხსნის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაეცა ორგანული მასალა ერთი მასპინძლიდან მეორეს კოსმოსში. შედეგად, მეცნიერებს შეიძლება გადახედვა მოუწიოთ იმ პროცესებისთვის, რომელთა შედეგადაც, ორგანულმა ნაერთებმა ამ მეტეორიტებში მოიყარეს თავი.


„ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც გვეგონა", - ამბობს ჩანი.

 

„ისინი ასევე არის გასაღებები. ორგანულ ქიმიასა და კოსმოსურ დაკვირვებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეს კრისტალები თავდაპირველად შეიძლება ჯუჯა პლანეტა ცერერაზე წარმოიქმნა ყინულის ან წყლის ამომფრქვევ ვულკანურ აქტივობათა შედეგად", - აღნიშნავს იგი.


„ყველაფერს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ სიცოცხლის წარმოშობა მართლაც შესაძლებელია სხვაგან. ამ მეტეორიტებში არის ორგანულ ნაერთთა ფართო სპექტრი, მათ შორის ორგანული მასალების ძალიან პრიმიტიული ტიპი, რომელიც დიდი ალბათობით, წარმოადგენს ადრეული მზის სისტემის ორგანულ შემადგენლობას".


ჩანის თქმით, ორი მეტეორიტი, რომლებშიც 2 მილიმეტრის ზომის მლაშე კრისტალებს მიაგნეს, სათუთად იყო დაცული NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში; ციცქნა კრისტალები კი, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებსა და წყლის კვალს შეიცავს, დაახლოებით ადამიანის თმის სიგანისაა. ჩანმა ეს კრისტალები გულმოდგინედ შეაგროვა ოთახში, სადაც კონტროლდება მტვერი და შემდეგ, გამოაცალკევა ციცქნა ნიმუშები.


„ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზები განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ამ ციცქნა კრისტალებში არსებული ორგანული კომპონენტების კვლევისათვის გამოვიყენეთ მრავალი მოწინავე ტექნოლოგია", - ამბობს ჩანი.


იაპონიის იოკოჰამის ეროვნული უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორმა, იოკო კებუკავამ, კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარ აიკო ნაკატოსთან ერთად, 2016 წლის მაისში, ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარა. რენტგენული გამოსხივების ნაკადისა და მიკროსკოპის თვალსაზრისით, მათ დახმარებას უწევდა დევიდ კილსოინი.


მათ მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიას სპეციფიკური ელემენტების არსებობის დადგენა ნანომეტრის მეათედების სიზუსტით შეუძლია.


„აღმოვაჩინეთ, რომ ეს ორგანული ნივთიერებები გარკვეულწილად ჰგავდა პრიმიტიულ მეტეორიტებში ნაპოვნ ნივთიერებებს, მაგრამ გამოირჩეოდა უფრო მეტი ჟანგბადისშემცველი ქიმიით. სხვა მტკიცებულებებთან კომბინაციით, მიღებული შედეგები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ორგანული მასალა სათავეს იღებს წყლით მდიდარი ან წარსულში მდიდარი პლანეტური სხეულიდან, რომელიც დიდი ალბათობით, არის ადრეული მზის სისტემის ოკეანური სამყარო - ცერერა".


როგორც ჩანი აღნიშნავს, არსებობს კარგად შენახული სხვა კრისტალებიც, რომლებიც ჯერ არ შესწავლილა; თუმცა მათი კვლევა უკვე იგეგმება, რათა გაირკვეს, შეიცავს თუ არა რომელიმე მათგანი წყალსა და კომპლექსურ ორგანულ მოლეკულებს.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი