logo_geo
რატომ აკრძალა სტალინმა ბულგაკოვის რომანი „ოსტატი და მარგარიტა“
- +

20 დეკემბერი. 2016. 12:03


 

„სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წინააღმდეგობრივი ფიგურაა და მასზე საუბარი დღემდე აქტუალურია", - წერია ჟურნალ „თბილისელების" სტატიაში. აღნიშნულ მასალაში საუბარია სტალინზე, როგორც მაღალი ინტელექტის მქონე და უაღრესად განათლებულ ადამიანზე.


სტალინს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ბიბლიოთეკა ჰქონდა კუნცევოს აგარაკსა და კრემლის ბინაში. თითოეული 35-35 ათასი წიგნისგან შედგებოდა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის შესწავლამ გააოგნა მისი ბიოგრაფები. სტალინს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველ წაკითხულ წიგნს, სხვადასხვა გვერდზე საკუთარ კომენტარებს ურთავდა და ამას წითელი და ლურჯი ფანქრებით აღნიშნავდა. მის ბიბლიოთეკაში პირველი შენიშვნებიანი წიგნი 1889 წლით თარიღდება. ამან მის ბიოგრაფებს საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ის ათი წლის ასაკიდან უკვე ძალიან აქტიური მკითხველი იყო. ეს წიგნი გახლავთ ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსების მცირე კრებული, გამოცემული 1887 წელს. ამ თხელტანიანი წიგნის შიდა ყდაზე ათი წლის სოსო ჯუღაშვილს წითელი ფანქრით მიეწერა: „დიდებულია და ფრიად სასარგებლო ბატონ ილია ჭავჭავაძის ლექსები".

 

იმ პერიოდში, ანუ ათი წლის ასაკიდან, სტალინი რუსი და ფრანგი მწერლების შედარებით მსუბუქ ნაწარმოებებს ეცნობა. 1894-1895 წლებში კი, 15-16 წლის სტალინი, საფუძვლიანად ეცნობა ფრანგი განმანათლებლების ნაწარმოებებს, კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიას და აკრძალულ ლიტერატურას. სხვათაშორის, სტალინის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი ისეთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც პირადად სტალინის მიერ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში. იქ იყო მიხაილ ზოშჩენკოს მოთხრობები, ადრეული პასტერნაკი, მანდელშტამი, ბულგაკოვი.

 

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას" გვერდებზე გაკეთებული წარწერები. ცნობილია, რომ „ოსტატი და მარგარიტა" სპეციალურად სტალინისთვის დაბეჭდეს ერთადერთ ეგზემპლარად. დიდი ბელადი აღფრთოვანებული იყო ამ ნაწარმოებით და თითქმის ყოველ გვერდზე წითელი ფანქრით ჰქონდა მიწერილი: „გენიალურია, მახვილგონივრული მიგნებაა" და ა.შ. სტალინს განსაკუთრებულად მოსწონდა წიგნის ის ადგილი - დიალოგი, სადაც პილატე აფრანიუსს იუდას მოკვლას ავალებს. მას აგრეთვე ძალიან ახალისებდა ვოლანდის გარემოცვა და ერთ-ერთ გვერდზე მიაწერა: „კოროვიევი, ბეჰემოთი და აზაბელო - ბერიას კრებითი სახე..." მოწონების მიუხედავად, წიგნის შიდა, პირველ ყდაზე წითელი ფანქრით, რუსულ ენაზე, ლამაზად, დიდი ასოებით მიაწერა: „აიკრძალოს. საბჭოთა ხალხისთვის ამ წიგნის კითხვა ჯერ ადრეა".

 

სტალინის ბიოგრაფიის ყველა სერიოზული მკვლევარი თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ დიდ ბელადს განსაკუთრებულად ორი წიგნი ხიბლავდა - ნიკოლო მაკიაველის „მმართველი" და ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო".

 

სტალინის ბიბლიოთეკაში ბიბლიის ძალიან საინტერესო ეგზემპლარია და ესაა ერთადერთი წიგნი, რომელსაც არანაირი კომენტარი არ აქვს დართული. ეს წიგნი სხვა მხრივაა საინტერესო და საგულისხმოა, რომ მასზე თბილისის ჟანდარმენიის სამმართველოს შტამპია. თავად წიგნი კი შუაში, ნახევრამდეა გახვრეტილი და რამდენიმე ფურცელიც დამწვარია. სწორედ ამ წიგნმა გადაარჩინა 20 წლის იოსებ ჯუღაშვილის სიცოცხლე 1899 წელს.

 

იმ პერიოდში ახალგაზრდა სტალინი ძალიან აქტიურ არალეგალურ ცხოვრებას ეწეოდა და ბაქოდან თბილისში, თბილისიდან ბაქოში არალეგალური ლიტერატურა დაჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, 4 მაისს, ბაქოდან ჩამოსული, არალეგალური ლიტერატურით დატვირთული სტალინი თბილისის რკინიგზის სადგურზე ჟანდარმებმა დააკავეს და ჟანდარმერიის სამმართველოში მიიყვანეს. მას ვინმე იაკობ ბაქრაძის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სანამ ჟანდარმები მის პიროვნებას იკვლევდნენ და არალეგალური ლიტერატურის წარმომავლობას სწავლობდნენ, რომლის პატრონობასაც დაკავებული უარყოფდა, სტალინი საკანში მოათავსეს და მისივე თხოვნით, ჟანდარმერიის ბიბლიოთეკიდან ბიბლია მიუტანეს.

 

ჟანდარმერიის სამმართველოში ვინმე ვასო ნიკოლაძე მუშაობდა ბადრაგად. ის მარქსისტებს თანაუგრძნობდა. 1899 წლის 5 მაისს, გამთენიისას სწორედ მან გაიყვანა საკნიდან დაკავებული სტალინი და გაუშვა. 20 წლის იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მშვენივრად იცნობდა თბილისის ქუჩებს, მეტეხის ხიდზე გადავიდა და ღვინის აღმართს აუყვა, რომ ავლაბარში მიმალულიყო. სომხურ ეკლესიასთან ის პოლიციის პატრულს გადაეყარა და გაიქცა. პოლიციელებმა სროლა აუტეხეს და ნაგანის ერთ-ერთი ტყვია ბიბლიას მოხვდა. ტყვიას სქელმა, დამრეცმა ფურცლებმა შეუცვალეს მიმართულება და მარცხნივ წავიდა, თუმცა სტალინის მარცხენა მკლავს მაინც გაჰკრა. მოგვიანებით, სტალინი ღიმილით იხსენებდა იმ საბედისწერო დღეს და ამბობდა, ღმერთმა გადამარჩინაო...

 

სტალინის ბიბლიოთეკაში საკმაოდ მოზრდილი სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურაა, რომელზეც დიდ ბელადს მეტად კვალიფიციური და მეცნიერებაში ღრმად ჩახედული ადამიანისთვის დამახასიათებელი წარწერები აქვს გაკეთებული. სტალინისვე ბიბლიოთეკაშია აღმოჩენილი „ვეფხისტყაოსნის" შალვა ნუცუბიძისეული თარგმანი რუსულ ენაზე.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი