logo_geo
"ძალიან უბედური ვარ" - ეგზიუპერის წერილი დედას
- +

1 თებერვალი. 2018. 13:17



ეს წერილი  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ 1922 წელს მისწერა დედას - მარი ბუაე დე ფონკოლომბს. მაშინ როცა ახალგაზრდა სამხედრო მფრინავი და მომავალი მწერალი სახლიდან შორს მსახურობდა.


"დედა!

მე გადავიკითხე თქვენი გუშინდელი წერილი, რომელიც სინაზით იყო აღსავსე. დედა, როგორ მინდა ახლა თქვენ გვერდით ყოფნა. როგორ მინდა, იცოდეთ, თუ როგორ ვსწავლობ ყოველდღე, მიყვარდეთ უფრო ძლიერ.  ბოლო დღეებში თქვენთვის არ მომიწერია. ჩვენ ახლა ბევრი სამუშაო გვაქვს! საღამო ისეთი წყნარი და მშვიდია, მე კი მოწყენილი ვარ, არც  კი ვიცი, რატომ. ავორში სტაჟირება რაღაც უსაშველოდ გაიწელა. ძალიან მჭირდება გამაჯანსაღებელი დასვენება  სენ-მორისში და შენი გვერდით ყოფნა.

 

ძალიან უბედური ვარ, როცა ვიხსენებ, რომ ოდესღაც თქვენი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი. რას აკეთებ, დედა? ისევ თუ ხატავ?.. მიპასუხეთ. თქვენი წერილები მეხმარება, ვიცოცხლო..  ისინი სიმხნევეს მმატებენ.. დედა, საიდან მოგაქვთ ასეთი არაჩვეულებრივი სიტყვები. მთელი დღე მათი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

 

ახლაც ისე ძალიან მჭირდებით, როგორც ბავშვობაში. ზემდეგი, სამხედრო დისციპლინა, ტაქტიკის გაკვეთილები - ღმერთო, რა უაზრო და გამოფიტულია ეს ყველაფერი! თვალწინ მიდგას, როგორ ალაგებ  ყვავილებს მისაღებ ოთახში და მძულს ყველა ზემდეგი.

 

მე გაიძულეთ თქვენდამი ჩემ მოწიწებაში ეჭვი შეგეტანათ. მაგრამ, რომ იცოდეთ ახლა ამის შესახებ. შენ ხარ საუკეთესო, რაც და ვინც  გამაჩნია ცხოვრებაში. სევდისგან მეტირება... როგორც პატარა ბიჭს. წარმოიდგინე - თქვენ იქ დადიხართ და საუბრობთ, ჩვენ კი ერთად ყოფნა შეგვეძლო, მაგრამ მე თქვენ სითბოს მოკლებული ვარ და არც თქვენი თანადგომა შემიძლია.

 

მართალია, ამ საღამოს ჩემი სევდა ცრემლიანია, და ისიც მართალია, რომ თქვენ ხართ ერთადერთი მალამო ჩემი სევდისთვის. როცა ბავშვობაში, პატარა დასჯილი ბიჭი ტვირთმოკიდებული ტირილით ვბრუნდებოდი სახლში, საკმარისი იყო თქვენი ერთი კოცნა და ყველაფერი მავიწყდებოდა. თქვენ ჩემთვის ყოვლისშემძლე მფარველი იყავით, მასწავლებლებთან და აღმზრდელ მონაზონებთან. თქვენ სახლში უსაფრთხოდ ვიყავი, და თქვენ  გარდა არავინ იყო ჩემთან. და ეს ყოველივე არაჩვეულებრივი იყო.

 

ახლაც ისევეა, მხოლოდ თქვენთან შემიძლია სიმშვიდის პოვნა, მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერი დედამიწაზე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დამავიწყოთ ყველაფერი, და ნებსით თუ უნებლიეთ ისევ მაგრძნობინოთ თავი პატარა ბიჭად.

 

შეხვედრამდე, დედა, სამუშაო თავზესაყრელად მაქვს... აქაც, ისევე როგორც სან-მორისში, ყიყინებენ ბაყაყები, მაგრამ აქ მათი ყიყინი უფრო აუტანელია.

 

ხვალ 50 კილომეტრით თქვენკენ გამოვფრინდები, სან-მორისის მხარეს, რათა წარმოვიდგინო, რომ სახლში მოვემგზავრები.

 

გკოცნით ნაზად. თქვენი დიდი ვაჟი ანტუანი."











 

big_banner
არქივი