logo_geo
როგორ ასწავლიან რობოტებს ადამიანის საქმეს - რის გაკეთება იცის დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა?
- +

2 თებერვალი. 2018. 13:36



ბოლო დროს რობოტების აქტივობის შესახებ უამრავი ცნობა ვრცელდება. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მათ მომსახურების სფეროში აქტიურად ასაქმებენ (ისინი აეროპორტებში პატრულირებენ და კურიერებად მუშაობენ), უკვე რამდენიმე წელია, რაც ნეიროქსელები მედიასაშუალებებში საინფორმაციო ტექსტებს წერენ, ხატავენ და ლექსებსა და ფილმების სცენარებს ქმნიან.

 

ნეიროქსელი რა არის?


ნეიროქსელი არის ბაზა, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი, მისი "ტვინი" იგება. ეს არის რთული პროგრამა, რომელიც შედგება ძალიან ბევრი მარტივი პროგრამისგან, რომელთაგან თითოეული თავის სიგნალზე "რეაგირებს". სისტემა მუშაობს დაახლოებით ისე, როგორც ნათურა: რაღაც გარემოებისას "ინთება", დანარჩენ შემთხვევებში - არა. თითოეულ ამ პატარა პროგრამას ჰქვია ნეირონი, ხოლო ნეიროქსელი არის გიგანტური ქსელი ნეირონებისა, რომლებიც თანმიმდევრულ შრეებად ერთიანდება.


ხელოვნური ნეიროქსელები დაკავშირებულია მათემატიკასთან და არა ანატომიასთან, ამიტომ მასთან დაკავშირებით სიტყვა „ტვინის" გამოყენება პირობითია და მხოლოდ ანალოგიაა. ნეოროქსელშიც და ადამიანის ტვინშიც ცალკეული ნეირონები საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ როდესაც ისინი ბევრია (მილიონი, ასობით მილიონი ან მილიარდი), ერთად მათ შეუძლიათ თითქმის ყველა ამოცანის გადაწყვეტა.


ნეიროქსელმა სასარგებლო საქმე რომ გააკეთოს, საჭიროა მას ვასწავლოთ, როგორც ბავშვს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მას 50-ჯერ აჩვენებენ, როგორ უნდა ააწყოს რაღაც პაზლი, 51-ეჯერ ის ამას თავად გააკეთებს ანუ კომპიუტერი თავისთვის გამოიმუშავებს ნიშნებს, რომლითაც მომავალში ხვდება, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ერთი რამ მეორისგან.


ამგვარად ნეირქოსელს ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეუძლია. მაგალითად, გამოსახულებების და ვიდეოს ამოცნობა, ლაპარაკის გაგება და ადამიანთან დიალოგი, ხატვა, მუსიკის შექმნა, დიაგნოზების დასმა და ასობით იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ჯერჯერობით ადამიანის პრეროგატივაა.


მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ?


Google-ში შექმნილმა ნეიროქსელებმა ისწავლეს Youtube-ის ვიდეოებში კატების პოვნა და ხატვა. სხვა მეცნიერებმა ნეიროქსელებს კროსვორდების ამოხსნა ასწავლეს, ხოლო MIT-ში შექმნეს ნეიროქსელი, რომელმაც წინასაარჩევნო გამოსვლები „შეისწავლა" და იმ დროს ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის და შემდეგ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის fake ტვიტერსაც მართავდა.


თუმცა, ნეიროქსელი ჯერჯერობით ამოცანებს მხოლოდ ასრულებს, ის მიზნებს ვერ ისახავს. და ვიდრე ამას მის მაგივრად ადამიანი აკეთებს, საშიში არაფერია. გარდა ამისა, არ არსებობს უნივერსალური ნეიროქსელი, რომელიც ერთნაირად კარგად წყვეტს რამდენიმე ამოცანას. მაგალითად 2016 წელს Google-ის შექმნილმა კომპიუტერმა AlphaGo-მ პირველად დაამარცხა Go-ს პროფესიონალი მოთამაშე, რაც სერიოზული მიღწევა იყო, მაგრამ ის ვერ გაარჩევს სურათზე ერთმანეთისგან წრეს და კვადრატს.

 

დიდი ხანია, რაც რობოტები რაღაცებს „ქმნიან"?


ტექნოლოგიების სამყაროში ნეიროქსელები და ხელოვნური ინტელექტი სიახლე არ არის. ნეიროქსელების საფუძვლები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 1950-იან წლებში მათემატიკოსებმა შექმნეს, მაგრამ მათი პოტენციალის სრულად ათვისება ბოლო დრომდე რთული იყო. იმისთვის, რომ დიდ ნეიროქსელს რამე ასწავლონ, საჭიროა ძალიან ბევრი მძლავრი კომპიუტერი - ძალიან ბევრი ნეირონი და მათ შორის კავშირის დამყარება.


პირველი ალგორითმი, რომელიც ტექსტებს თავად წერდა, 1970-იან წლებში მოიგონეს. მას „Racter" ერქვა და საკმაოდ არამწყობრ „პროზას" ქმნიდა. მის ყველაზე ცნობილ ნოველას ერქვა „პოლიციელის წვერი აუშენებელია".


ტექსტების შექმნის გარდა, კიდევ რას აკეთებენ?


რობოტებს ნეიროქსელების საშუალებით შეუძლიათ ხატვა. 2016 წელს, ვაშინგტონში ასეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პირველი პრემია, 30 ათასი დოლარი, ტაივანელ რობოტ TAIDA-ს ერგო, რომელიც ალბერტ აინშტაინის პორტრეტს ხატავს. აინშტაინის კიდევ ერთი პორტრეტის შემქმნელია რობოტი CloudPainter. ის თავდაპირველად აკეთებს ფოტოს, შემდეგ საუკეთესო კადრს ირჩევს (თავისი ესთეტიკური კრიტერიუმების საფუძველზე) და ბოლოს იქიდან ხატავს.


მართალია, ასლის გაკეთება და ხატვა სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ფოტოგრაფიით ნახატის გაკეთება, ჯერ ერთი, ბოლომდე ასლი არ არის და მეორეც, არიან რობოტები, რომლებიც აბსტრაქტულ სურათებს ქმნიან. არის ათობით რობოტი, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით ხატავს, როგორც რეალისტურ, ისე აბსტრაქტულ სურათებს.

 

ფილმს და მუსიკასაც ქმნიან?


რობოტების მიერ სრულად შექმნილი ფილმები (ისეთები, რომელთა სცენარიც მათი დაწერილია, მათი გადაღებულია და თავადაც თამაშობენ), ჯერ არ არსებობს. მაგრამ არსებობს, მაგალითად, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც რობოტის დაწერილი სცენარით გადაიღეს. მექანიზმი იგივეა: თავდაპირველად ალგორითმმა ისწავლა კინოსცენარების ამორჩევა, შემდეგ კი სცენარი თავად დაწერა. ასევე, 2015 წელს რობოტმა Geminoid F, რომელიც ქალის პერსონაჟია, ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა იაპონურ ფილმში. ის განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით არ გამოირჩევა, მაგრამ ლაპარაკობს, სახის გამომეტყველებას იცვლის და ზოგჯერ მღერის.


რობოტები მუსიკასაც ქმნიან. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტი-კომპოზიტორია Iamus. ის მალაგის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ფრანსისკო ვიგომ შექმნა. მუშაობის პრინციპი აქაც იგივეა. რობოტი უსმენს უამრავ კომპოზიციას და არკვევს, თუ როგორ არის ისინი აწყობილი. შემდეგ მოსმენილს ნაწილებად შლის, მათგან ქმნის საკუთარ ნაწარმოებს და ამოწმებს, შეესაბამება თუ არა მუსიკა "მშვენიერის" კრიტერიუმებს, რომლებსაც თავად ადგენს.

 

როგორ არჩევენ ერთმანეთისგან რობოტების და ადამიანების ნამუშევრებს?


არსებობს ტიურინგის ტესტი. ამ ტესტით შეიძლება იმის შემოწმება, შეუძლია თუ არა რობოტს ისეთი ნამუშევრის შექმნა, რომელსაც მაყურებელი ადამიანს მიაწერს. ასეთი ტესტები სხვადასხვა ფორმატში ბევრჯერ ჩაატარეს. არსებობს ასევე სპეციალური ვებგვერდი Bot or Not, რომლის მომხმარებლებმაც უნდა გამოიცნონ, ვინ დაწერა ლექსი - ადამიანმა თუ რობოტმა. ხშირად ისინი ერთმანეთში ერევათ ხოლმე. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა რობოტების ნამუშევარი ხელოვნებად ჩაითვალოს, უმრავლესობას ამაზე უარყოფითი პასუხი აქვს. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაროლდ კოენი 1973 წლიდან აწყობს რობოტ AARON-ის სურათების გამოფენას. ამასთან, ის ამბობს, რომ მართალია პროგრამა, რომელიც სურათებს ქმნის, თავად დაწერა, მაგრამ არ იცის, მხატვარი ვინაა, ის თუ AARON.


რობოტების ნამუშევრებზე უფლებები ვის ეკუთვნის?


სადავო საკითხია, რადგან ასეთი სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს. ნეიროქსელი მოქალაქე ვერ იქნება. ევროპულ სასამართლოსაც მიაჩნია, რომ ხელოვნების ნამუშევრის იურიდიული ავტორი მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს. ასევე მუშაობს კანონი აშშ-შიც. შესაბამისად, ჰონორარის ადრესატის თემაც ჯერჯერობით ბუნდოვანია. რობოტს ჰონორარი არასდროს მიუღია. ამ ფონზე არსებობს პრაქტიკა, რომელსაც ხშირად მიმართავენ. ეს ერთგვარი კომპრომისული ვარიანტია, რომლის თანახმად, რობოტის ქმნილებას საზოგადოებრივ კუთვნილებას არქმევენ, ხოლო გაყიდვიდან მიღებულ თანხას ქველმოქმედებისკენ მიმართავენ.

 

მსგავსი შემთხვევები იყო?


დიახ. ასე მოხდა Google-ის ნეიროქსელის შემთხვევაში, რომელმაც ვან გოგის მსგავსი ნახატები შექმნა. ეს სურათები გაყიდეს და მათი ფასი 2 ათასიდან 8 ათას დოლარამდე მერყეობდა, თანხა კი ფონდ Gray Area-ს გადასცეს. მსგავსი მაგალითია, ოღონდ რობოტს არ ეხება, მაიმუნთან დაკავშირებით. 2011 წელს, მაკაკამ ტყეში ფოტოკამერა იპოვა და დაახლოებით ასამდე სელფი გადაიღო. ხანგრძლივი დავის შემდეგ თემაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ფოტოებზე ავტორობა - ცხოველს, ფოტოაპარატის პატრონს თუ სააგენტოს, რომელშიც ეს პატრონი მუშაობდა - გადაწყვიტეს, რომ ისინი საზოგადოების კუთვნილებად მიეჩნიათ შემდეგი ფორმულირებით: „ნამუშევრები, შექმნილი ბუნების, ცხოველების ან მცენარეების მიერ".


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი