logo_geo
ეიფელის კოშკამდე 10 ყველაზე მაღალი შენობა
- +

2 თებერვალი. 2018. 19:28

1889 წლამდე, სანამ პარიზში ეიფელის კოშკის სახელით ცნობილ 300-მეტრიან ლითონის რადიოანძას ააგებდნენ, ყველა მაღალი შენობა 150 მეტრამდე იყო. ეიფელის კოშკმა ეს რეკორდი თითქმის გააორმაგა. თავად ეიფელის რეკორდი კი 118 წლის შემდეგ გაორმაგდა, როცა 2007 წელს დუბაიში ბურჯ-ჰალიფას ცათამბჯენი ააგეს. „ჰალიფას კოშკის“ სიმაღლე 829,8 მეტრია!

 

გიზის დიდი პირამიდა, ეგვიპტე - 146 მეტრი



ხეოფსის პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2560 წელს დაასრულეს და შემდგომი 3900 წელი ის პლანეტაზე ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.


ლინკოლნის ქალწულ მარიამის სახელობის ტაძარი, ინგლისი - 160 მეტრი



ამ გოთური ტაძრის მშენებლობა 1088 წელს დაიწყო და 1311 წელს დამთავრდა. 160 მეტრის სიმაღლეს ტაძრის ცენტრალური კოშკის ხის შპილმა მიაღწია. რეკორდმა 238 წელი გაძლო, სანამ ქარიშხალმა 1549 წელს შპილი არ წააქცია. მისი აღდგენა არც უცდიათ. ასე რომ, ტაძრის პირვანდელი სახით ნახვა მხოლოდ ნახატებზე შეიძლება.


წმინდა მარიამის ტაძარი შტრალზუნდში, გერმანია - 151 მეტრი



ლინკოლნის ტაძრის შპილის წაქცევის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ეს ტაძარი იქცა, თუმცა 1382 წელს სამრეკლო, რომელსაც დიდხანს აშენებდნენ, ჩამოინგრა. 1478 წელს ის აღადგინეს, მაგრამ ქარიშხალმა 17 წლის შემდეგ შპილი ისევ ჩამოაქცია. 75 წლის შემდეგ შპილს მეხი დაეცა და ის, სამრეკლოსა და კოშკთან ერთად, დაიწვა. ახლანდელი სახე ეკლესიამ 1708 წელს მიიღო. დღეს მისი სიმაღლე 102 მეტრია.


წმინდა პეტრეს ტაძარი ბოვეში, საფრანგეთი - 153 მეტრი



ამ ტაძრის შენება 1225 წელს დაიწყეს. მშენებლობას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა: პირველ ათწლეულებში ფული არ ჰყოფნიდათ, ხოლო 1248 წელს რამდენიმე კამარა ჩამოიქცა, რის შემდეგაც მშენებლობა გაჩერდა. 1569 წელს უზარმაზარი 153-მეტრიანი ცენტრალური კოშკის და შპილის მშენებლობა დაასრულეს, მაგრამ ლიდერებში ის დიდხანს არ ყოფილა: ცენტრალური კოშკი ოთხი წლის შემდეგ, 1573 წელს ჩამოინგრა.


კონკურსგარეშე: წმინდა ოლაფის ტაძარი ტალინში, ესტონეთი - 159 მეტრი



ოლევისტე, ასე უწოდებენ ამ ტაძარს ესტონურად. გადმოცემით, სამრეკლოსა და შპილის სიმაღლე 159 მეტრს აღწევდა, თუმცა მას ათჯერ მაინც დაეცა მეხი და ხანძარი გაუჩნდა. მისი სიმაღლე კი დოკუმენტურად არსად არაა დაფიქსირებული.


ქალწული მარიამის სახელობის სტრასბურგის ტაძარი, საფრანგეთი - 142 მეტრი



ამ უზარმაზარ ნაგებობას 260 წლის მანძილზე აგებდნენ. თანაც მხოლოდ ერთი ჩრდილოეთ კოშკი ააგეს, ხოლო სამხრეთის აგება არც კი დაუწყიათ. მაგრამ ეს ერთი კოშკიც საკმარისი გახდა, რათა შტრალზუნდის ტაძრის დაწვის შემდეგ მთელი 227 წლის მანძილზე მსოფლიოს უმაღლესი შენობა ყოფილიყო. კი მაგრამ როგორ, იკითხავთ თქვენ, ხეოფსის პირამიდა ხომ უფრო მაღალია? იყო მაღალი, მაგრამ 1647 წლისთვის ეროზიამ პირამიდა 139 მეტრამდე დაადაბლა. ამგვარად სტრასბურგის ტაძარი ლიდერი გახდა. მან გაუძლო ბევრ ქარტეხილს, მათ შორის რეფორმაციას, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს გონის ტაძრად გადაკეთებას და 1944 წლის ავიაბომბებს. ამის შემდეგ რესტავრაცია მთელი ნახევარი საუკუნე გაგრძელდა.


წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ჰამბურგში, გერმანია - 147 მეტრი



1842 წლის 5 მაისის დილას ჰამბურგში ხანძარი დაიწყო. ის სამი დღე მძვინვარებდა და 1700-მდე ადამიანი შეიწირა. წმინდა ნიკოლოზის ძველი ეკლესიაც დაინგრა, რომელიც XIV საუკუნის შუა წლებში აიგო და შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთდა. 1943 წელს ტაძარი დაბომბვებისგან სერიოზულად დაზიანდა - იმდენად, რომ 1951 წელს მისი დაშლა გადაწყდა. გადარჩა მხოლოდ სამრეკლო, რომელიც ძეგლის სახით შემოინახეს.


რუანის ღვთისმშობლის ტაძარი, საფრანგეთი - 151 მეტრი



229 წლის შემდეგ კაცობრიობა კვლავ ავიდა 151 მეტრამდე - 1876 წელს რუანში ძველი გოთიკური ტაძრის (საძირკველი ჯერ კიდევ 106 წელს ჩაისხა) ცენტრალურ კოშკზე ფანრიანი ლითონის შპილი დაიდგა. ასე დგას ის დღემდე. სწორედ ეს ტაძარია გამოსახული კლოდ მონეს, კამილ პისაროს, ჯონ რასკინის და როი ლიჰტენშტეინის ტილოებზე.


კელნის ტაძარი, გერმანია - 157 მეტრი



მორიგმა რეკორდმა მხოლოდ 4 წელი იარსება: 1880 წელს კელნში წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობა დასრულდა - უკვე თანამედროვე მასალებითა და ტექნოლოგიებით. მეორე მსოფლიო ომის დროს ორკოშკიანი ტაძარი ბომბდამშენების მფრინავებისთვის საუკეთესო ორიენტირი იყო. ის იმავდროულად კარგი თავშესაფარი აღმოჩნდა ტანკებისა და ქვეითი ჯარისთვის. ასე რომ, ომის დასასრულისთვის ტაძარი დანგრეულ კელნში სრულ მარტოობაში იდგა.


ვაშინგტონის მონუმენტი, აშშ - 169 მეტრი



ჩვენს რეიტინგში უკანასკნელმა ნაგებობამ მსოფლიოში ყველაზე მაღლის ტიტული მხოლოდ 5 წლით შეინარჩუნა. ეს ობიექტი 36 წელი შენდებოდა და 1884 წელს დასრულდა. მარმარილოთი მოაპირკეთეს და თავზე სამკილოგრამიანი ალუმინის პირამიდა დაადგეს. ობელისკის შიგნით კიბეებია, რომელთა მეშვეობითაც მის წვეროზე ასვლა და ქალაქ ვაშინგტონის პანორამის დანახვა შეიძლება. 


უკვე 1889 წელს პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობა დასრულდა, რომელიც ცათამბჯენების ეპოქის დაწყებამდე მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო. 

 

1930 წელს მას უკვე ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგმა გადაუსწრო, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი